მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი კონურსის მნიშვნელობაზე და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე საუბრობს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი კონურსის მნიშვნელობაზე და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე საუბრობს

კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში 18 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდა.

კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" პროექტის კოორდინატორის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ფინალში გამარჯვებულ მასწავლებელს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

"გლობალურ დონეზე მასწავლებლის ჯილდოს პროექტის განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო. ჩვენ, გლობალური ჯილდოს ორგანიზატორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველომ" მარტში მოიპოვა ჯილდოს აკრედიტაცია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭრით პროექტს ეროვნულ დონეზე ვახორციელებთ. მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსი მაისის ბოლოს გამოცხადდა და აპლიკაციების მიღება ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდა, მეორე ეტაპზე გამოვლინდა კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 18 სექტემბრს 5 ფინალისტი გამოვლინდა. საბოლოოდ კი ჟიური, რომელიც 18 წევრისგან შედგება, გამარჯვებულს კონსესუსის საფუძველზე გამოავლენს", - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.

ჩვენ ფინალში გასულ მასწავლებლებსაც ვესაუბრეთ, გავიგეთ მათი შეფასებები და ემოციები. პედაგოგები კონკურის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ერთხმად აცხადებენ, რომ პროექტი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარის საჯარო სკოლა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი):

"მოულოდნელი შედეგი და დიდი სიხარული იყო ფინალში მოხვედრა. ჩემი შრომა დაფასდა. როდესაც ღირსეულ კონკურენტებს შორის ბოლო ხუთეულში მოხვდები, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს კონკურსი მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ძალიან ბევრი ღირსეული პედაგოგი ჰყავს და მათთვის ეს იქნება დიდი მოტივაცია, რომ გააკეთონ უფრო მეტი, რადგან მათი შრომა შემჩნეული და დაფასებული იქნება. რაც მთავარია, ახალგაზრდებისვისაც იქნება ეს მნიშვნელოვანი. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას იმიტომ არ ირეჩევენ უნივერსიტეტებში, რომ ეს პროფესია არაპრესტიჟული და არაპოპულალურია. ეს კონკურსი კი დაანახებს მათ, რომ მასწავლებლობა არ არის ცუდი, დაფასებულია და შესაბამისად, გაიზრდება მათი ინტერესი ამ პროფესიისადმი".

ნათია ფურცელაძე - თბილისი, კერძო სკოლა "ქორალი" (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი):

"ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ამასთანავე, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მოტივაციაც ამაღლებული მაქვს. ჩემი აზრით, კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარობის ზრდასაც შეუწყობს ხელს, რადგან, ჟიური იყო ობიექტური და გამჭვირვალე, შესაბამისად, ეჭვი არავის შეეპარება, რომ ღირსეული მასწავლებლები მოხვდნენ ათეულში და შემდეგ ხუთეულში. საზოგადოება გაიცნობს ამ მასწავლებლებს და ნახავენ, რას აკეთებენ და როგორ იხარჯებიან თავიანთ საქმეში. მე 30 წლის ვარ, ვარ ახალგაზრდა მეცნიერიც. როდესაც საზოგადოება გაიგებს მასწავლებლების შესახებ, ნახავენ, რომ ახალგაზრდა ადამიანი შეიძლება იყოს მასწავლებელი და ამავდროულად წარმატებულიც. ბუნებრივია, ეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ახალგაზრდების დაინტერესებასაც გამოიწვევს.

ნინო აბულაძე - თბილისი, ტიციან ტაბიძის სახელობის N43 საჯარო სკოლა (ისტორიის მასწავლებელი):

"ფინალში მოხვედრის შესახებ ცოტა გვიან გავიგე, ემოცია იყო საოცარი. წამიერად მივხვდი, რომ რაც ვიყავი იმ წამამდე, მეორე წუთიდან უკეთესი უნდა ვყოფილიყავი, კიდევ უფრო დიდმა პასუხისმგებლობის გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი უმთავრესია საქართველოში, რადგან მომავლის შექმნაში განსაკუთრებული როლი აქვს. ეს კონკურსი მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას შეუწყობს ხელს. როდესაც შრომობს მასწავლებელი, სურს, რომ საზოგადოებამ დააფასოს ის. ჩვენ ვიცოდით გლობალური ჯილდოს შესახებ და ვამბობდით, რომ საოცარი დაფასებაა მასწავლებლის, როდესაც ჯილდოს იღებს. ჩემს გვერდით არიან მასწავლებლები და მე მინდა მათ მივცე სტიმული, გავუჩინო მოტივაცია, რომ ჩვენი შრომა აუცილებლად დაფასდება".

ლადო აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი):

"არ ველოდი ასეთ შედეგს. მეგონა, რაღაც შეეშალათ ან რაღაც მსგავსი. მაგრამ, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ამ ჯილდომ საშუალება მომცა, რომ ჩემს მეგობარ-ნაცნობთა წრეში მეთქვა, ჩემი პროფესია მაგარია-მეთქი. ეს ჯილდო, კონკურსი ნამდვლად შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას ხელს. მან უკვე თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ჯერ არ დამთავრებულა, საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა იციან რა ხდება, ბავშვები ჩართული არიან ამ პროცესში".

თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა (ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი):

"ძალიან დიდი ჯილდოა ჩემთვის ვიყო 5 ფინალისტს შორის. შედეგები ამაღელვებელი იყო. ჩემთვის ეს სტიმულია და პასუხისმგებლობაც. ეს ჯილდო მარტო ჩემთვის არ არის, მოსწავლეებიც დიდ სიხარულს გამოთქვამდნენ. ვფიქრობ, ასეთ გამარჯვებელ, წარმატებულ მასწავლებელს რომ უყურებს მოსწავლე, ეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზების საქმეს ემსახურება".

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მასწავლებელი, მონაწილეობას მიიღებს პედაგოგთა გლობალურ კონკურსში. საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარი გადაეცემა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი