"ნიუტონის რობოტიკის სკოლა" და ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, ტექნოლოგიურად რისგან შედგება სამყარო

"ნიუტონის რობოტიკის სკოლა" და ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, ტექნოლოგიურად რისგან შედგება სამყარო

რატომ და როგორ იღება კარი თქვენი მიახლოებისას, როგორ ინთება ნათურა? - თუ თქვენი პატარები მსგავს კითხვებს ხშირად სვამენ, მაშინ მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ რობოტიკის კურსებზე. მიღებული ინფორმაცია მათ თანამედროვე სამყაროს შესახებ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის და მომავლის დიდი აღმოჩენებისთვის გზას გაუხსნის. სამწუხაროდ, საქართველოში რობოტიკა ნაკლებად პოპულარულია, თუმცა რობოტიკის სკოლის შემქმნელები ყველა საშუალებით ცდილობენ ეს მიმართულება უფრო ცნობილი გახადონ.

ილია უმუდუმოვმა "ნიუტონის რობოტიკის სკოლა" 1 წლის წინ შექმნა. ამ პერიოდში უკვე უამრავ მოსწავლეს მიეცა შესაძლობა, რომ რობოტიკის კურსი გაერა. ზოგადად, რობოტიკისა და მისი კურსების შესახებ უფრო დეტალურად ილია უმუდუმოვს ვესაუბრეთ.

- რატომ გადაწყვიტეთ რობოტიკის სკოლის შექმნა?

- ბოლო პერიოდში თავისუფალ დროს მე თვითონ ვიყავი ამ საქმით დაკავებული. მარტივი რობოტების აწყობით დავიწყე, ნელ-ნელა უფრო ვართულებდი და ეს საქმე ძალიან მომწონდა. მალევე აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ამ საქმისთვის სათანადო რესურსი არ არსებობდა. არიან ინდივიდუალური პირები, რომლებიც ამ კუთხით საქმიანობენ, მაგრამ კვალიფიცური ინფორმაციის ინფორმაციის წყაროს ვერ მივაგენი. ამასობაში მივხვდი იმასაც, რომ ამ საქმის კეთება თავისუფლად შეუძლიათ ბავშვებსაც და ეს მათ განვითარებაზე ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მიუხედავად ამისა რობოტიკა არც პოპულარული იყო და არც სათანადო დონეზე ისწავლებოდა. მართალია, რამდენიმე აქტიური კომპანია არსებობდა, მაგრამ ისინი დიდ ბაზარზე არ ჩანდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა სკოლა, სადაც ბავშვები რობოტიკას შეისწავლიდნენ. "ნიუტონის თავისუფალ სკოლას" დავუკავშირდით და მათთან თანამშრომლობით დავაარსე "ნიუტონის რობოტიკის სკოლა". მუშაობა გასულ სექტემბერს დაავიწყეთ, მაგრამ საქმიანობის დროს გარკვეული ხარვეზები გამოჩნდა, რომლებიც გამოვასწორეთ და იანვირდან უკვე გამართულად ვმუშაობთ.

- კონკრეტულად რას სწავლობენ "ნიუტონის რობოტიკის სკოლის" მოსწავლეები?

- პერიოდულად სხვადახვა შეთავაზებები გვაქვს ხოლმე. მაგალითად, ზაფხულში საზაფხულო სკოლა გვქონდა. ამ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს ლეგო რობოტიკის კურსს ვთავაზობთ. კურსი სრულად ლეგოს მიერ მოწოდებული სილაბუსის მიხედვითაა აწყობილი. გვაქვს სხვადასხვა დონის კურსები.

ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, თუ ტექნოლოგიურად რისგან შედგება სამყარო. ისინი სკოლაში სწავლობენ გეოგრაფიას, ქიმიას, რაც სამყაროს შესახებ ინფორმაციას აწვდის. თუმცა თანამედროვე სამყაროში ეს ცოდნა საკმარისი არაა. პარალელურად არსებობს ტექნოლოგიური ნაწილი - ინფორმაცია, რომელიც სკოლაში იშვიათად ისწავლება მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანს მის გარეშე ცხოვრება უჭირს. სწორედ ამას ვასწავლით ბავშვებს. რობოტიკის კურსების გავლის შემდეგ მათ აღარ გაუკვირდებათ, თუ რატომ იღება კარი მიახლოებისას და როგორ აკეთებს სარეცხის მანქანა იმას, რასაც ერთი ღილაკით ვუთითებთ. ჩვენთან მიღებული ცოდნა მათ მომავალი აღმოჩენებისთვის უხსნის კარს. კურსები მუდმივად იცვლება და ემატება. ისე არაა, რომ ვინმემ ერთი კურსი გაიარა და ესე იგი რობოტიკის სწავლა დაასრულა.

- ვის შეუძლია "ნიუტონის რობოტიკის სკოლაში" სწავლა?

- ჩვენთან სწავლა სკოლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ. ზოგადად, ლეგო გვაძლევს რეკომენდაციას, რომ 22 წლამდე ასაკის მოსწავლეები მივიღოთ. თუმცა ჩვენ აქცენტს უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებზე ვაკეთებთ და 6 წლიდან 13-14 წლამდე ასაკის ბავშვებს ვიღებთ. განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. ბავშვს 2 საათიან გაკვეთილზე გაჩერების უნარი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტული გაკვეთილი არაა.

- რა არის მშობლისა და ბავშვის მოტივაცია, რომ რობოტიკის კურსებზე ისწავლოს?

- რობორიკის კურსები ბავშვებს საკმაოდ მრავალფეროვან უნარებს უვითარებს. ის მათ თანამედროვე სამყაროს ნაწილად გახდომის საშუალებას აძლევს. გვქონია შემთხვევებიც, როცა ფსიქოლოგის რეკომენდაციით ჩვენთან სწავლობდნენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომელთაც ყურადღების კონცეტრაციის პრობლემები ჰქონდათ. ჩვენთან ბავშვები რობოტებს საკუთარი ფანტაზიით ქმნიან. მათ ლოგიკური ამოცანების ამოხსნა უწევთ.

- რამდენია სწავლის საფასური?

- 6 კვირიანი კურსის ღირებულება 300 ლარია. შაბათობით 2 საათიანი მეცადინეობა გვაქვს ხოლმე. თუმცა გვაქვს მრავალფეროვანი აქციები და ფასდაკლებები. მაგალითად, გოგონებს 50%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გოგონების მშობლებს მოტივაცია შევუქმნათ, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს ყურადღება მიაქციონ. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ძლიერია სტერეოტიპი, რომ გოგოა და მათემატიკა რაში დასჭირდება. ვცდილობთ, ამ მიდგომას ყველა შესაძლო საშუალებით ვებრძოლოთ.

მინდა, სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამით, როგორც ბიზნესმენი, მეტი კლიენტის მოზიდვას შევძლებ. მეორე მხრივ კი, მინდა რობოტიკა რაც შეიძლება პოპულარული გავხადო. მინდა, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალო.

- კონკურენცია რამდენად მძაფრია?

ვერ გეტყვით, რომ კონკურენცია მძაფრია. ჩვენ უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე კონკურენტები. საქართველოში დაახლოებით 300 000 მოსწავლეა. რობოტიკის სასწავლებელი ცენტრი კი 10-მდე. შესაბამისად, მოთხოვნად მაღალია, მაგრამ კონკურენტებთან დაძაბული ურთიერთობა მაინც არ გვაქვს. ქვეყანაში არაა ის მდგომარეობა, რომ თითოეულ კლიენტზე ვიბრძოლოთ. ჯერ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, გამოფენებსა და კონკურსებზეც ერთად დავდივართ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი რობოტიკის პოპულარიზაციაა. მისი მიღწევის შემდეგ კი უკვე საკუთარი კომპანიების პოპულარობისთვის ბრძოლას დავიწყებთ.

"თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ "ბიზნესდაჯიდლოებაში" მონაწილეობამ თქვენი საქმიანობის წარმატებაზე რა გავლენა იქონია?

პირველად რომ გავიგე ამ დაჯიდლოების შესახებ, ვიფიქრე, რომ ეს დიდი ბიზნესებისთის იყო და მე საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი. თუმცა მერე მაინც გადავწყვიტე მონაწილეობა და "წლის მცირე ბიზნესის" ნომინაციაზე ვარ წარდგენილი. რეგისტრაციის შემდეგ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ პოზიტიურად შეიცვალა. პოპულარული გავხდი. სხვადასხვა მედია საშუალებებმა ჩვენ შესახებ მასალები მოამზადეს. უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო რობოტიკის შესახებ. ანალოგიურად მოხდა ჩემი მეგობრების შემთხვევაშიც, რომლებსაც ჩემსავით მცირე ბიზნესი აქვთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბიზნესდაჯიდლოება 2017-მა" ცნობადები გაგვხდა და თავდაჯერებულობა მოგვმატა. სხვისი წარმატებას რომ ხედავ, მერე თავადაც გაორმაგებული შემართებით აკეთებ საქმეს. ფიქრობ, რომ თუ მან შეძლო და წარმატებას მიაღწია, რატომ არ შეგიძლია შენ? ძალიან სწორად არის შერჩეული სლოგანიც - "გააზიარე წარმატება". წარმატების გაზიარებას ბიზნესებისთვის და განსაკუთრებით, მცირე ბიზნესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი