AF თერაპიის უპირატესობები - “თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული არითმიების მართვაში”

AF თერაპიის უპირატესობები - “თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული არითმიების მართვაში”

"სიმპოზიუმების მთავარი დანიშნულებაა, გამოვაფხიზლოთ სახელმწიფო სტრუქტურები, რომ მისცენ პაციენტებს საშუალება მაღალტექნოლოგიური საშუალებები საკუთარი ჯანმრთელობისთვის გამოიყენონ"

13-14 ოქტომბერს, საქართველოს და ევროპის გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია "მედტრონიკის" (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმი გაიმართება რითმის დარღვევის საკითხებზე. სიმპოზიუმის მთავარი თემაა: "თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული არითმიების მართვაში". სიმპოზიუმზე გაიმართება მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის.

ორდღიანი საგანმანათლებლო სიმპოზიუმის მთავარ მიზანს საქართველოში არითმიის მართვის თანამედროვე კომპლექსური მიდგომების გაცნობა, საზოგადოებაში მისი მართვის ინოვაციური თერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი ექიმების ტრენინგებისა და განათლების საშუალებით თერაპიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ასევე სხვადასხვა ტიპის არითმიის მართვის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ რითმოლოგ ხათუნა ჯალაბაძეს დავუკავშირდით:

- რა საკითხებს ეხება სიმპოზიუმი და რა არის მსოფლიო გამოცდილება არითმიის მკურნალობასთან დაკავშირებით?

-ორდღიანი სიმპოზიუმის მთავარი პარტნიორი სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკია, რომელთანაც ჩვენ მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება გვაკავშირებს. ღონისძიებას მნიშვნელოვნებასა და რეზონანსს სძენს მოწვეული სტუმრები, რომელთაც დიდი მუშაობის გამოცდილება და ავტორიტეტი აქვთ. ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუკეთოთ იმ თემებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასმისას პრობლემას უქმნიან არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ ექიმებს.

რითმოლოგია და ელექტროფიზიოლოგია არ არის ძალიან ახალგაზრდა სფერო, მაგრამ ძალიან განვითარებადია და რაც მთავარია, ის დამოკიდებულია ტექნიკურ პროგრესზე, ტექნიკური პროგრესი კი, აძლევს მას საშუალებას უფრო ღრმად ჩაიხედოს რითმის დარღვევების დიაგნოსტიკაში და შესაბამისად, მკურნალობის მეთოდებიც გააუმჯობესოს. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ამ ტექნოლოგიურ კომპანიებთან განსაზღვრავს მკურნალობის ხარისხს. ასევე უძლურები ვიქნებით, თუ არ გვეყოლება კვალიფიციური კარდიოლოგები, კვალიფიციური ექიმები, რომელთაც არ ეცოდინებათ რა ახალი საშუალებები არსებობს პაციენტების მკურნალობისთვის; რა პროგრესი აქვს ელექტროფიზიოლოგიას და როგორ ვითარდება ეს სფერო. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრები საყურადღებო უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც. ჯანდაცვის სექტორის ჩარევის გარეშე შეუძლებელია მუშაობა და განვითარება.

ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ მკურნალობისთვის ვიყენებთ, საკმაოდ ძვირადღირებულია, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კი პაციენტებს გაუჭირდებათ მიიღონ მკურნალობისთვის განკუთვნილი ეს ახალი ტექნოლოგიები.

სიმპოზიუმზე განიხილება რითმის დარღვევების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ჩვენ მას ვაკეთებთ ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე და ვცდილობთ ის ინფორმაცია, რომელიც დაგროვილია მსოფლიოში ქართველ ექიმებამდე მივიტანოთ.

ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართული ქართველი რითმოლოგები. ჩვენ გვყავს მოწვეული სტუმრები, რომლებიც ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციას წარმოადგენენ და ფაქტიურად წარმართავენ კარდიოლოგიას. ესენი არიან ჯოზეფ ბრუგადა (ესპანეთი), რობერტ ჰატალა (სლოვაკეთი), გ. დურეი (უნგრეთი);ასევე გვესტუმრება ჩვენი ამერიკელი თანამემამულე ირაკლი გიოგბერიძე, რომელიც აშშ-ში ელექტროფიზიოლოგიის დარგში მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სიმპოზიუმი ტარდება ამერიკული სამედიცინო კომპანიის"მედტრონიკი"მხარდაჭერით. ეს კომპანია საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო ტექნოლოგიებით და ასევე გვეხმარება ექიმების პოსტდიპლომური განათლების ამაღლებისათვის, რაც უაღესად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა რითმოლოგიის განვითარებისთვის საქართველოში.

- რა ინოვაციური მიდგომები არსებობს რითმის დართვევების სამკურნალოდ და რა კუთხით იქნება ეს საკითხი სიმპოზიუმზე წარმოდგენილი?

- სიმპოზიუმზე განხილული იქნება რითმის დარღვევების მკურნალობის სტრატეგიები; მაგრამ ძირითადი აქცენტები გაკეთდება ორ საკითხზე: პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და რომელთა ცოდნა, დიაგნოსტკა და მართვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის. და წინაგულთა ფიბრილაციაზე ( მოციმციმე არითმია) რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არითმიაა არამარტ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში.

წინაგულთა ფიბრილაცია არ არის უცხო ქართველი ექიმებისთვის; მის სამკურნალოდ დიდი ხანია ვიყენებთ სხვადასხვა პრეპარატებს და ვმართავთ მას, მაგრამ უკვე ათწლეულებია მის სამკურნალოდ ისეთ ინვაზიურ მეთოდებს ვიყენებთ, როგორიცაა რადიოსიხშირული აბლაცია, კრიოაბლაცია. ეს მეთოდები მიმართულია არა მარტო იმისკენ, რომ მოვხსნათ მოციმციმე არითმია, არამედ, ვუმკურნალოთ მას, როგორც დაავადებას.

სიმპოზიუმზე პარტნიორი კომპანიის დახმარებით შევეცდებით ვიზუალურად ვაჩვენოთ თუ როგორ ვიყენებთ მარალტექნოლოგიებს ამ არითმიების სამკურნალოდ.

- რა გამოწვევებია პარკუჭოვანი არითმიის მკურნალობის მხრივ, და რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოზე ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება პარკუჭოვან არითმიას, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული არითმიაა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პაციენტს. შესაბამისად, სიმპოზიუმის დროს, ჩვენ მასზე დიდ ყურადღებას გავამახვილებთ. მისი მკურნალობისას ჩვენ კარდიოვერტერ დეფიბრილატორების იმპლანტაციას ვიყენებთ, ის თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოიყენება. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მკურნალობისთვის ასევე წამატებით გამოიყენება რადიოსიხშირულ აბლაცია.

- რა არის ICD შოკი და უეცარი სიკვდილის პრევენცია, როგორ და რატომ გამოიყენება ის?

- ICDუეცარი სიკვდილის პრევენციის, თავიდან აცილების ერთადერთი მაღალეფექტური საშუალებაა, როდესაც ეს რისკი ავადმყოფს მაღალი აქვს. ეს არის ე.წ. კარდიოვერტერ დეფიბრილატორი, რომელიც დგება კანქვეშ. ამ პატარა აპარატში უამრავი ფუნქციაა გაერთიანებული იმისთვის, რომ ადამიანს ჯანმრთელობის გაუარესებისას თავად აპარატი დაეხმაროს. მას თავისი ელექტროდის საშუალებით შეუძლია გამოიცნოს საშიში იგივე პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. მას შეუძლია გამოიცნოს, გააანალიზოს, შეაფასოს როგორი თერაპია სჭირდება პაციენტს და უკიდურეს შემთხვევაში გააკეთოს ელექტრული შოკიც. საქართველოში პირველი იმპლანტაცია კლინიკა "გულში" 14 წლის წინ გავაკეთეთ. აპარატი ძალიან წარმატებით მუშაობს და მისი დახმარებით უამრავი პაციენტი გვყავს გადარჩენილი.

სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის წინაშე ძალიან დიდი პრობლემა დგას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში არ არის ჩართული უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენცია. დაზღვევა ეხება სოციალურად დაუცველებსა და 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, მაგრამ რა დააშავა იმ პაციენტმა, რომლიც ჯერ არ არის საპენსიო ასაკში, ან საერთოდ ფიზიკურად აქტიურია, ინახავს ოჯახს, მაგრამ არა აქვს საშუალება ასეთი ძვირადღირებული თერაპია ჩაიტაროს-მას სახელმწიფო სიკვდილისთვის წირავს.

ჩვენი სიმპოზიუმების მთავარი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ გამოვაფხიზლოთ სახელმწიფო სტრუქტურები, რომ მათ მისცენ პაციენტებს საშუალება ეს მაღალტექნოლოგიური საშუალებები საკუთარი ჯანმრთელობისთვის გამოიყენონ .

ეკა გადახაბაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი