BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით

BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით

ქართული ბრენდის BLIKVANGER-ის დამფუძნებლებმა ანკა ოდიშელიძემ და ანი ცინცქილაძემ თავდაპირველად სწავლა სულ სხვა მიმართულებით დაიწყეს. ანკა არქიტექტურულზე სწავლობდა, ანი კი გრაფიკულ დიზაინზე. ერთმანეთს სრულიად შემთხვევით დიზაინერების საერთაშორისო კონკურსზე Be next-ზე შეხვდნენ, სადაც წლის საუკეთესო პრიზების მფლობელები გახდნენ. ანიმ მიიღო 100 %-იანი დაფინანსება HFFA-ში, მილანში, ანკამ კი - Domus Academy-ში, ასევე, მილანში. სწორედ იქ სწავლის დროს გაჩნდა იდეა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ დიზაინერებს კოლაბორაცია ეცადათ. მათთვის ერთად მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. ბრენდი შექმნეს და მაღაზია-ატელიეც გახსნეს. ახალგაზრდა დიზაინერების საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ წელს "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაშიც იღებენ მონაწილეობას.

- "ბრენდი შეიქმნა ზუსტად 1 წლის წინ 2016-ში. გახსნიდან 3 თვეში მადრიდის მოდის კვირეულზე მოვხვდით სრული დაფინანსებით, სადაც ჩვენი დებიუტი შედგა. ბრენდის დაარსებამდე ყველაფერი, რასაც ვქმნიდით, ძალიან შესამჩნევი და დასამახსოვრებელი იყო, ამიტომაც შევარჩიეთ ეს სახელი - Blikvanger იგივე eye-catcher. ტერმინს გერმანულად, ჰოლანდიურად, დანიურად კიდე ერთი საინტერესო მნიშვნელობა აქვს, პეპლების საჭერს ნიშნავს," - განმარტავს დიზაინერი ანკა ოდიშელიძე.

- რას სახის ტანსაცმელს სთავაზობთ ამჟამად მომხმარებელს?

- ყველანაირ ტანსაცმელს ვქმნით, გამოსასვლელი ფეხსაცმლიდან დაწყებული წყალგაუმტარი ქურთუკებით დამთავრებული. კოლექციები იქმნება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ჩვენი ფერადი ქურთუკები ამ ეტაპზე ბესთსელერები არიან. სავარაუდოდ, ასეთი პოპულარობა მათმა მრავალფუნქციურობამ და განსხვავებულმა დიზაიმა გამოიწვია.

- როგორია ბრენდის კონცეფცია? ვისზეა გათვლილი თქვენი ტანსაცმელი?

- ბრენდის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ გააერთიანოს სხვადასხვა სტილი, დაწყებული გრანჟით დამთავრებული კლასიკურით. გვინდა, რომ გადმოვცეთ ადამიანების უნიკალური და ეკლექტური ხასიათი სამოსში. გვსურს, რომ ქართველები გახდნენ უფრო მეტად ექსპრესიულები, ამიტომ არ ვერიდებით ფერებს, უტრირებულ ფორმებს და ზომებს, სასაცილო გამონათქვამებს პრინტების სახით. BLIKVANGER ქმნის მათთვის, ვისაც არასოდეს ეშინია გაბედოს, გარისკოს, გაერთოს, იმხიარულოს, იყოს უკიდურესად მოდური, ჰქონდეს უსაზღვრო სტილის შეგრძნება და ბოლომდე მიიღოს ცხოვრებისგან ის სიამოვნება, რისი საშუალებაც აქვს.

ბრენდის ინსპირაცია არასოდეს არის ერთი, კონკრეტული თემატიკა. ჩვენი კოლექციები სუნთქავს ყველაფრით - ადამიანებით, ბუნებით, ხელოვნებით, ფერებით, არქიტექტურით, ხმებით. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთი მხარეა, რაც, საბოლოოდ BLIKVANGER-ის კოლექციას აცოხლებს. ხშირად ბრენდის კოლექციები, ზოგადად, ცხოვრების შეგრძნებითაა ინსპირირებული. ჩვენთან შეძენილ თითოეულ ნივთს თავისი პატარა შინაარსი მოჰყვება.

ფასიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღებია. მაგალითად, კაბებისა და პიჯაკების ფასები 150 ლარიდან 300 ლარამდემერყეობს.

- მხოლოდ ქართულ ბაზარზე მუშაობთ თუ საზღვარგარეთაც გადის თქვენი პროდუქცია?

- ამ ეტაპზე საქართველოს ბაზრის გარდა ვთანამშრომლობთ ბაქოსთან, მოსკოვთან და ლოს-ანჯელესთან. თუმცა შეკვეთებს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდანაც. მოდის კვირეულებში მონაწილეობა გვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტმა ბაიერმა გაიგოს ჩვენ შესახებ.

- როგორ შეაფასებთ ქართველების სტილსა და გემოვნებას? რამდენად გახსნილები არიან სიახლეების მიმართ?

- ქართველები საკმაოდ გემოვნებიანები არიან. საბედნიეროდ, მუქი ფერებით აღარ ვართ მოცულები და სიახლეებსაც ადვილად ვღებულობთ.

- ზამთრისთვის რა არის აქტუალური ტრენდები?

- დუტის ფერადი ქურთუკები კვლავ ძალიან აქტუალურია. ასევე, მოდურია ნაქსოვი ჟაკეტები. ვფიქრობთ, რომ წელს "ოპ არტის" ტიპის შავთეთრი პრინტი მეტად აქტუალური იქნება.

- მოდის ინდუსტრიაში რამდენად მძაფრია კონკურენცია და რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით?

- კონკურენცია დღითი-დღე მატულობს და ინტერესიც საკმაოდ დიდია ქართველი დიზაინერების მიმართ. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ არ ვექცევით ჩარჩოებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სტილი, რომელიც მხიარული და ფერადია. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ვქმნით როგორც ქალბატონებისთვის, ისე ბავშვებისა და მამაკაცებისთვის.

- რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

- ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქსოვილების და ტანსცმლის აქსესუარების დეფიციტია. ასევე, ცოტა არიან პროფესიონალი კონსტუქტორები და მკერავები. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით სასწავლებელი იარსებებს.

- აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ბრენდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ბიზნესდაჯილდოებაშიც მონაწილეობთ. რას შეცვლის თქვენთვის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- კარგი იქნება თუ "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის შედეგად ბრენდის შესახებ ცნობადობა გაიზრდება. ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელს მეტი ნდობა ექნება ჩვენ მიმართ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- პირველ რიგში, დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავფართოვდეთ. რაც მთავარია, საზღვარგარეთ უფრო აქტიურად გასვლას ვგეგმავთ. გვინდა, უფრო მეტ ქვეყანაში გაიგონ, რომ ქართული პროდუქცია ხარისხიანია.

ნანიკო მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი