"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე

"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე

აშშ, კორეა, ჩეხეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც "ნუგბარის" მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით იყიდება. კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა ბაზრებზეც. ამასთან, "ნუგბარს" 300-მდე გაყიდვის წერტილი აქვს საქართველოს მასშტაბით (ძირითადად სტენდები ქსელურ მარკეტებში), რომელთა რაოდენობასაც ახალ წლამდე 1000-მდე გაზრდის.

"ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობთ ჩურჩხელის წარმოებაზე. მცირე რაოდენობით ტყლაპსა და გოზინაყსაც ვაკეთებთ. თუმცა ვგეგმავთ, რომ მათი წარმოებაც გავზარდოთ. თანაბრად ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. თავდაპირველად ექსპორტი ჩეხეთში დავიწყეთ, სადაც საცდელად 500 ჩურჩხელა გავიტანეთ. მეორე ეტაპზე კი უკვე 3 500 ჩურჩხელა შეგვიკვეთეს.

აშშ-ში წელს თბილისობისთვის გავგზავნეთ 2 000-მდე ჩურჩხელა და სრულად გაიყიდა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ჩურჩხელა მანამდეც იყიდებოდა, თუმცა მისი ხარისხით უკმაყოფილები იყვნენ. ახლა კი "ნუგბარის" პროდუქცია გადის კორეაშიც. საქართველოში კონკურენტად პირველ რიგში იმპორტირებულ ტკბილეულს მივიჩნევთ" - განმარტავს "ნუგბარის" დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი.

"ნუგბარის" ჩურჩხელა დაბა წნორში საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოში მზადდება. ხელნაკეთი ტკბილეულის დასამზადებლად რქაწითელის ბადაგს და თონეში მოხალულ თხილსა და კაკალს იყენებენ. პროდუქცია მუყაოსა და პოლიპროპილენის შეფუთვებშიც იყიდება.

"ზოგადად, ჩურჩხელა რთული პროდუქტია. რთული პროცესია როგორც მისი გაშრობა და შენახვა, ისე სტანდარტიზაცია, რადგან თითოეული მათგანი ხელით კეთდება. წარმოებისას ყველა დეტალს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თუ წყლის შემცველობის დონე დააკლდა, ჩურჩხელა გახმება, თუ მეტი მოუვიდა - დაობდება. თუ ჩურჩხელა ძალიან მაგარია, ესე იგი მას ბადაგი ანუ ყურძნის ბუნებრივი სიტკბო (გლუკოზა და ფრუქტოზა) აკლია. ნატურალური ჩურჩხელის ფერი არის ღია ყავისფერი. ფერადი ჩურჩხელის წარმოებისას აუცილებლად იყენებენ საკონდიტრო საღებავებს, რაც ყველაზე მავნე საკვები დანამატია," - განმარტავს ბიძინა ფხოველიშვილი.

"ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ტკბილეულს, რაც გაცილებით მეტია ჩვენთვის, ვიდრე კომერციული საქმიანობა. ქართული ტკბილეული და მისი შედევრი - ჩურჩხელა, ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ეროვნული "საგანძური", რითაც მსოფლიომ უნდა გაიცნოს საქართველო. ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გავხადოთ ისეთი საერთაშორისო დელიკატესი, როგორებიცაა იტალიური ტირამისუ, ავსტრიული შტრუდელი, ბელგიური ვაფლი, თურქული ბაქლავა, ინგლისური პუდინგი, ამერიკული "სნიკერსი", ფრანგული კრეპი და სხვა," - დასძინა მან.

საწარმო 2015 წლის შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება. ამჟამად 35-მდე ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაფართოებაში "ნუგბარს" "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერი" და "სტარტაპ-სესხი" დაეხმარა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი