"ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს

 "ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს

"თავიდან უბრალოდ მეგობრებისთვის ვხატავდი იმას, რაც მომწონდა და ვჩუქნიდი მათ. მოხატულ მაისურებს მალევე ბევრი მსურველი გამოუჩნდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მასშტაბური გამეხადა, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. 2013 წელს კი საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად მივიღე და ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე გამოჩნდა ახალი სტარტაპი "ვიწრო"," - განმარტავს სტარტაპერი თათია კვირკველია.

სტარტაპერებმა თათია კვირკველიამ და ელენე გაბრიჩიძემ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. საწყის ეტაპზე ორივე ჩანთებისა და მაისურების მოხატვაზე მუშაობდა. დროთა განმავლობაში კი მათ ახალი იდეები გაუჩნდათ, რომლებზეც უკვე ინდივიდუალურად მუშაობენ.

"ეტაპობრივად, იმ პროდუქტების სიაც გაიზარდა, რასაც ვაკეთებთ. ახლა უკვე ვხატავთ ბალიშებზე, ჯინსის ქურთუკებზე, ნაძვის ხის ბურთებზე, კერამიკულ ფილებსა და კედლებზეც კი. ხატვის გარდა ვაკეთებთ სხვადასხვა აქსესუარებს, ხელნაკეთ ყელსაბამებს, გულსაბნევებს ქართული თემატიკით. ახალ პროდუქტებს თავად ვიფიქრებთ და ვქმნით. შემდეგ ეტაპზე კი მომხმარებლების იდეებითა და მათ მიერ შერჩეული ილუსტრაციებით ვაკეთებთ კონკრეტულ შეკვეთებს. ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია ნამუშევრის შესრულების ხარისხი და ვფიქრობ, ზუსტად ამის გამო ვარსებობთ ამდენი წელი და შეკვეთების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს," - აღნიშნავს თათია კვირკველია.

"ვიწროს" განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხელნაკეთ ინდივიდუალურ ნივთებზე. თათია კვირკველიას განმარტებით, დროთა განმავლობაში იზრდება ინტერესი და მხარდაჭერა ქართული პროდუქციის მიმართაც. დამკვეთები უფრო და უფრო მეტად ხვდებიან ხელნაკეთი ნივთების ღირებულებას.

"ჩვენთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ გაგვებედა და გაგვეკეთებინა გვერდი, რომელიც ჩვენს საქმიანობას ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. ვამხნევებდით ერთმანეთს და ვნერვიულობდით პირველ დამკვეთებთან ონლაინ ურთიერთობისას.

თუმცა, შეკვეთების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. ეს პროცესი რომ არ გაჩერებულიყო და უფრო და უფრო მეტი ცნობადობა მოგვეპოვებინა, ვიფიქრებდით სხვადასხვა კონკურსებსა და აქციებს, ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ამჟამად ვმონაწილეობთ "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერშიც" , რაც პოპულარობის ზრდაში გვეხმარება. ბევრმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ვიწრო" სულ მუშაობს და არც ერთ სეზონზე ისვენებს", - ამბობს ელენე გაბრიჩიძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი