წლის მთავარი მოვლენა ბიზნესში - "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის გამარჯვებულები ცნობილია

წლის მთავარი მოვლენა ბიზნესში - "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის გამარჯვებულები ცნობილია

#გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა. "ბიზნესდაჯილდოება 2017" 8 დეკემბერს სასტუმრო "რედისონის" ახალ საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.

დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელისა და მედიის მეშვეობით მთელი საქართველოსთვის გაეზიარებინათ. პროექტში რეგისტრირებული 661 კომპანიიდან დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა.

ნომინაციაში "წლის ბიზნესი" გამარჯვებული გახდა კომპანია "დიო". კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, თამაზ დაუშვილს პრიზი "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ გადასცა.

"დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მივიღეთ ყველაზე მთავარი ჯილდო "წლის ბიზნესი", რაც არის ძალიან დიდი დაფასება. ჩვენ ვართ 21 წლის კომპანია. მომხმარებელს ყოველწლიურად საინტერესო პროდუქტს ვთავაზობთ და დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო ჩვენ კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. ჩვენი პროდუქცია უამრავი ადამიანის ოჯახშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. ამ დიდ საქმიანობაში კი "თიბისი ბანკი" და "ჯეოსელი" გვიჭერს მხარს", - განაცხადა კომპანია "დიოს" აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა.

ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" კომპანია "კულამ" გაიმარჯვა, ნომინაციის გამარჯვებული პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააჯილდოვა.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ნომინაციის გამოვლენა, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელსაც "აწარმოე საქართველოში" ჰქვია. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. დროთა განმავლობაში ეს პროექტი ბევრნაირად განვითარდა და სოციალურ ქსელში უამრავ ახალ ჰეშთეგს ვაწყდებოდით: #ქართულიადაკარგია, #იყიდეიმიტომრომქართულია და სხვა. დღეს ჩემთვის დიდი პატივია გამოვავლინო ქართული პროდუქტი, რადგან ვფიქრობ რომ უამრავ მიზეზთან ერთად ქართული პროდუქტი ნატურალურთან, კარგთან და ხარისხიანთან ასოცირდება" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"გავიმარჯვეთ ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" და ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ქართველები და ვაწარმოებთ საუკეთესო ქართულ პროდუქტს. ჩვენი სამომავლო მიზანია, გამოვუშვათ უფრო მეტი პროდუქცია და მსოფლიოს გავაცნოთ, რომ საქართველოშ საუკეთესო და ნატურალური პროდუქტი იქმნება", - განაცხადა კომპანია "კულას" ხელმძღვანელმა ვანო გოგლიძემ.

ნომინაციაში "წლის აგრობიზნესი" გაიმარჯვა შპს "ნიბა 2008", რომლის წარმომადგენელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დააჯილდოვა.

ნომინაცია "წლის მცირე ბიზნესი" - გამარჯვებული გახდა კომპანია "დასტა", საქმისწარმოებისა და არქივის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს დოკუმენტების შენახვის, მათი ციფრულ ფორმაში გადაყვანისა და განადგურების მომსახურებას სთავაზობს.

ნომინაცია "წლის ტურისტული ბიზნესი" - გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა სასტუმრო "კაბადონმა".

წლის "ინოვაციური ბიზნესი" - გამარჯვებული კომპანია "ფინა" გახდა.

"წლის სტარტაპერი" საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდა. ბიზნესდაჯილდოების ვებ-გვერდზე 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეოდა ხმის მიცემა და გამარჯვებული კომპანია Hippie - ჰიპი გახდა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების სიახლე სოციალური მეწარმეობის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობაა. პროექტი "ჯეოსელის" მხარდაჭერით მიმდინარეობდა და სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ხელნაკეთი ნივთების მაღაზია "ეთნოდიზაინი" გახდა, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დააჯილდოვა.

"არ მიყვარს კონკურსები, რადგან მე ვიცნობ ამ ნომინაციაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს და ვიცი როგორი შემართებით შრომობენ ისინი რათა წარმატებას მიაღწიონ. ვიცი როგორ უწევენ პოპულარიზაციას ამ უმცირეს ბიზნესებს. მოვუწოდებ ყველას, სახელმწიფოსა თუ ბიზნეს სექტორს და თითოეულ მოქალაქეს, რომ მათ გვერდზე დავდგეთ, რადგან ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეს. პრეზიდენტის ფონდიდან არაერთ სოციალურ საწარმოს დავხმარებივართ სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ეს კომპანიები ასაქმებენ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ვეძახით, თუმცა როგორც ცხოვრება გვაჩვენებს, გარკვეულ საკითხებში ყველას გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობები და ეს დაბრკოლებას ამ კომპანიებისთვის არ წარმოადგენს", - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

როგორც "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, დღევანდელი ბიზნესის ახალი სახეები და ახალი იდეები არის ხვალინდელი ქართული ეკონომიკა, რის განვითარებასაც "თიბისი ბანკი" აქტიურად შეუწყობს ხელს.

"ძალიან საინტერესო დაჯილდოების ცერემონია გამოგვივიდა. დაჯილდოების მონაწილეების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში არაჩვეულებრივი კომპანიებია. ახალი იდეები არსებობს, რომელიც განვითარებას და მხარდაჭერას საჭიროებენ. ჩვენი სტრატეგიაც არის ის, რომ ამ ახალგაზრდებს - სტარტაპერებს და არა მარტო სტარტაპერებს დავუფასოთ შრომა, გავიზიაროთ მათი წარმატება და მხარში დავუდგეთ ყველა იმ მექანიზმით, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ ვახმართ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი