სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ

სახელოსნო "Birdie"-ის საჩუქრები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ

დღეს "ფეისბუქში" უამრავ გვერდს შეხვდებით, სადაც საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს აღმოაჩენთ. მაგდა სოლოღაშვილის სახელოსნო "Birdie" ამ საინტერესო გვერდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალურია. როგორც სტარტაპერმა გვიამბო, ის სახელოსნოში ჯერ მარტო მუშაობს და სხვადასხვა ქართულ პროდუქციას საკუთარი ხელით ქმნის:

"ვმუშაობ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მუსიკალურ განყოფილებაში. ჩემმა სამსახურმა ძალიან შემიწყო ხელი, შემოქმედებითი აზროვნების საშუალებას მაძლევს და არ მზღუდავს. ხელოვნებასთან შეხება უკვე დიდი ხანია მაქვს. ყოველთვის მსურდა, რაღაც საკუთარი შემექმნა, ამიტომ სახლისთვის დეკორაციების გაკეთება დავიწყე.

ხატვაზე არასოდეს მივლია და საგანგებოდ არ მისწავლია, თუმცა ამ სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. რამდენიმე ნამუშევარი რომ შევქმენი, ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს "ფეისბუქზე" გვერდი გამეკეთებინა, სადაც ამ ნამუშევრებს განვათავსებდი და საზოგადოებას გავაცნობდი. დროთა განმავლობაში ჩემმა ნამუშევრებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

ნამუშევრებს ჩემი ხელით ვქმნი, ჯერ არავინ მეხმარება. ამ ბოლო დროს, როცა საღამოს სახლში მივდივარ, 6 საათი მაინც ვმუშაობ, შუაღამემდე ვხატავ. სიმართლე გითხრათ, მუშაობის პროცესი დიდი ხანი გრძელდება, თუმცა საერთოდ არ ვიღლები, უფრო ვისვენებ. ეს განტვვირთვის მშვენიერი საშუალებაა, თან მაშინ, როცა იცი, რომ შენს ხელნაკეთ ნივთს ელოდებიან და ამ ნივთმა ახალ მეპატრონეს ბედნიერება უნდა მოუტანოს.

ფერებსაც ღიასა და კაშკაშას ვიყენებ, რადგან ჩემს შინაგან ენერგიასა და განწყობას ამ ფერებით უფრო კარგად გამოვხატავ. ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვაკეთებ და ამ მხრივ სასიამოვნოცაა, როცა არ ვარ შეზღუდული და ჩემი ფიქრები თავისუფლად გადმომაქვს", - გვეუბნება მაგდა სოლოღაშვილი.

მაგდას სახელოსნო დაახლოებით 2 წელია არსებობს და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც აქვს. "ბოლო ორი თვეა ჩემი ნამუშევრების შეძენის იმდენი მსურველი გამოჩნდა, ხშირად ღამის გათენებაც მიწევს, რადგან ნამუშევარი დროულად დავასრულო. მირჩევნია, ჩემი უძილო ღამეების ხარჯზე ამ პატარა საჩუქარმა ყველა მსურველს გული გაუთბოს და გაახალისოს, ვიდრე დავიზარო და საქმე გაუკეთებელი დამრჩეს" - ამბობს სტარტაპერი.

მისივე თქმით, დარეგისტრირდა "თიბისი ბანკის" პროექტში სტარტაპერებისთვის, საიდანაც უკვე ბევრი საჭირო ცოდნა შეიძინა: "თიბისი ბანკის" გვერდს ხშირად ვათვალიერებდი და "თიბისი სტარტაპერში" დარეგისტრირება გადავწყვიტე. დავესწარი ძალიან კარგ ტრენინგს "ციფრულმა მარკეტინგმა რა ჰქმნა", რომელიც საინტერესო იყო, ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ ამ ცოდნას საქმეშიც კარგად გამოვიყენებ" - ამბობს მაგდა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ეკა გადახაბაძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი