გასულ კვირას ლონდონში ახლახან ამოქმედებულ მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, ინგლისში ქართული ეკლესიის მხარდაჭერასა და ქართულ ემიგრაციაში მართლმადიდებლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი ეპარქიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.
ეპარქია სულ რამდენიმე წელია რაც დაფუძნდა და მისი მრევლი ინგლისში მცხოვრები, საქართველოს 30 ათასზე მეტი მოქალაქეა.
მიმდინარე წლის 6 თებერვალს ლონდონში ეპარქიის საკათედრო ტაძრის კურთხევაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "ეს არის ისტორიული დღე და ჩვენ გვწამს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა საქართველო გამთლიანდება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა ერის სულიერი ერთიანობა".
ეპარქიაში ქართველი მრევლის ურთიერთთანადგომა და იქ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერა ასეთი სულიერი ერთობის პირობად მიაჩნიათ.