როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა არის ქართველი ჩინოვნიკების და დეპუტატების ჰობი. რაში ხარჯავენ ისინი თავისუფალ დროს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ინტერესები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ნიკა მელია

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ბავშვობაში თითქმის ყველა სპორტზე დადიოდა. შესაბამისად, მისი ჰობი მრავალფეროვანია. ბავშვობაში ეზოს დალაგებით ერთობოდა და "მეეზოვეების უსტაბაშს" ეძახდნენ. დადიოდა კარატეზე, იმიტომ რომ მოდური იყო, საკუთარ დას მიბაძა და ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოტების გარჩევა დღემდე არ იცის. თამაშობდა ჩოგბურთს, მაგრამ მწვრთნელმა რენა აბჟანდაძემ თავიდანვე უწინასწარმეტყველა, რომ მისგან ჩოგბურთელი ვერასდროს დადგებოდა. ახლა თავისუფალ დროს სპორტულად ატარებს და მეგობრებთან ერთად ყველაზე ხშირად ფეხბურთს თამაშობს.

კახი კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავისუფალ დროს სპორტის გარეშე წარმოუგენელია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ კახი კალაძეს თურმე ძალიან ხიბლავს დიჯეობა. როგორც დიჯეი რემბო ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნავს, მასთან ერთად ხშირად მიქსავს კახი კალაძე, რომელსაც სახლში დიჯეის აპარატურაც აქვს. როგორც ჩანს, კახი კალაძეს კიდევ ერთი საინტერესო გატაცება აქვს, თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, მინისტრი ხელოვნების თაყვანისმცემელია, მის კოლექციაში ელენე ახვლედიანის და ლადო გუდიაშვილის ტილოები არის დაცული. თუმცა რომელი ნახატებია, ეს უცნობია.

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ სვამს, არ ეწევა. გატაცებულია სპორტით, კერძოდ აღმოსავლური ორთაბრძოლებით. ბავშვობაში სპორტის ამ სახეობამ განსაკუთრებით გაიტაცა, სულ ვარჯიშობდა, მაგრამ დედის თხოვნით, შემდეგ სწავლას უფრო მეტი დრო დაუთმო. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი მუსიკითაც არის გატაცებული და არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. განსაკუთრებით, კი ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარს.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ამბობს, მინისტრი ხანდახან ისეთ ფილმებსაც უყურებს, რომელიც არ მოსწონს და დასრულების შემდეგ ამბობს კიდეც, ეს რამ მაყურებინაო. როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანიას ფილმების შინაარსზე მეტად მისი ნახვის პროცესი მოსწონს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელია და ცდილობს, ყველა სერია ნახოს. თუმცა რომელია სერიალში მისი საყვარელი პერსონაჟი, უცნობია.

დავით ბაქრაძე

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე  რამდენიმე წლის წინ აფრიკული ნადირობის გამო სკანდალში გაეხვია. აფრიკაში ის საფარიში იყო სანადიროდ წასული, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, მისი ხარჯები საქართველოს ბიუჯეტიდან დაიფარა. 5760 დოლარი პარლამენტის სერვის-ცენტრიდან იყო გადარიცხული, სწორედ ეს თანხა დაუჯდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე "სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური".

კობა ხაბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი რამდენიმე წლის წინ სკანდალში, თბილისის ზღვაზე გართობის გამო აღმოჩნდა. ხაბაზი იახტაზე ახალგაზრდა გოგონებთან ერთად ერთობოდა, რომელთაგან ერთი ხელში ჰყავდა აყვანილი. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა განაცხადა, რომ გოგონებს, რომლებიც შუა ზღვაში ხელში აყვანილი შეიყვანა, არც კი იცნობდა. კობა ხაბაზი თავისუფალ დროს მრავალფეროვნად ატარებს. უყვარს კითხვა. როგორც ამბობენ, ყოველ დილით, სანამ სამსახურში წავა, ადრე იღვიძებს და ფეხბურთს თამაშობს.

ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჰობი ნადირობა ყოფილა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი იხსენებს, ვანოს განსაკუთრებით უყვარს კითხვა, თამადობა, ნადირობა. თუმცა არასდროს არ თვრება უგონოდ. ნანადირევს კი თავად ამზადებს. ადრე ის ზურაბ ადეიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დადიოდა სანადიროდ. როგორც ვანოს ახლობლები ამბობენ, მერაბიშვილს თევზაობაც უყვარს. ამბობენ, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავასთან, მიშა სააკაშვილთან და ერთ-ერთ იუმორისტთან ერთად კახეთში ითევზავა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს