სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან

სწორად გარუჯვის წესები, ანუ როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან

ნარუჯი ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა. კანის რქოვანა გარსის გასქელება და მელანინის უნარი, შთანთქოს სითბური გამოსხივება, იცავს ორგანიზმს გრძელტალღიანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომელთაც ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში კანის ქვედა ფენებში განლაგებული უჯრედების განადგურება და მძიმე დამწვრობის განვითარება შეუძლია. გარდა ამისა, ინფრაწითელი სხივები მზის დაკვრის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მზის სხივებისგან ორგანიზმის დაცვის დამატებით საშუალებას ოფლის გამოყოფა წარმოადგენს.

მზის დადებითი ზემოქმედების მიუხედავად, საკმაოდ დიდია საფრთხეები, რომლებიც მზეზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება დაგვატყდეს თავს.

ჩვენი კანისთვის ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა. მხოლოდ მუქი და შავი ფერის კანის ადამიანებს გამოეყოფათ ორგანიზმში მზის სხივების მავნე გავლენისგან დასაცავად საკმარისი რაოდენობის მელანინი.

ზიანი, რომელიც შეიძლება კანს მიადგეს, მზეზე გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია. მცირე დოზით (10 წუთამდე) მზე კანს მხოლოდ მსუბუქად აღიზიანებს და ზერელე სიწითლეს იწვევს. დიდი დოზით მზის სხივების მიღებისას კი კანზე ანთებითი პროცესები ვითარდება და იგი შუპდება. თუ ასეთ შემთხვევაში გარუჯვას გავაგრძელებთ, კანი შეიძლება დაიწვას და ამ დროს იგი ბუშტუკებით დაიფარება. მზეზე ძალიან დიდხანს ყოფნა კანს იმდენად აზიანებს, რომ იგი კარგავს თავისი ფუნქციის შესრულების უნარს. მძიმე დამწვრობის შემთხვევაში წყდება თერმორეგულაცია, რაც თავის მხრივ მზის დარტყმას იწვევს.

გარდა ამისა, მზეზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება კანმა ელასტიკურობა და სიგლუვე დაკარგოს და ნაოჭებით დაიფაროს. სამწუხაროდ, შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება ან შენელება.

მზით დამწვრობის მკურნალობა

1. პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ შენობაში. დამწვრობის მიღების შემდეგ მზეზე ყოფნა სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს;

2. შეამოწმეთ, კანზე ბუშტუკები ხომ არ გაგიჩნდათ. მათი გაჩენა კანის ძლიერ დაზიანებაზე მიუთითებს, რასაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. თუ ბუშტუკებით კანის დიდი ფართობია დაფარული, მაგალითად, ხელები ან მუცელი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

3. ტკივილის შესამსუბუქებლად მიიღეთ ცივი შხაპი ან აბაზანა;

4. დაიმუშავეთ კანის დაზიანებული უბანი ალოეს, უმი კარტოფილის წვენით ან სხვა გამაგრილებელი ნივთიერებებით. არც ერთ ვარიანტში არ დაიმუშაოთ დამწვარი არე კარაქით ან ზეთით! სხვათა შორის, ძალიან კარგ შედეგს იძლევა ძველი და გამოცდილი საშუალება - ცივი მაწვნის წასმა.

5. დამწვრობით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (მაგალითად, იბუპროფენი ან აცეტამინოფენი). თუ ტკივილი არ გაგიყუჩდათ, მაშინ მიმართეთ ექიმს.

კიდევ რამდენიმე რჩევა

1. დამწვრობა მიმდინარეობს შეშუპებით. ამიტომ სახის და ყელ-კისრის ვრცელი დამწვრობა ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

2. კიდურებზე მიღებულმა ვრცელმა დამწვრობამ შეიძლება ძლიერი შეშუპება გამოიწვიოს, რაც სისხლის ნორმალურ მიმოქცევას დაარღვევს. კიდურების დაბუჟების, გალურჯების, მგრძნობელობის დაქვეითების ან ჩხვლეტის შეგრძნებების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტი.

3. კანის მოშუშების პერიოდში ატარეთ ნატურალური ქსოვილისგან (მაგალითად, აბრეშუმის ან ბამბის) დამზადებული, თავისუფალი ტანსაცმელი. უხეში ან სინთეტიკური ქსოვილი მხოლოდ გააძლიერებს კანის გაღიზიანებას.

4. მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება სითბური დაავადებები (მაგალითად, სითბოს დაკვრა) გამოიწვიოს.

მზის აბაზანები შეიძლება მოუხდეს მათ, ვისაც აქვს ფერიმჭამელები. ჭუჭყით დაცობილი ცხიმოვანი ჯირკვლების გასუფთავების ერთ-ერთ საშუალებას კანის აქერცვლის გამოწვევა წარმოადგენს. სწორედ ეს მეთოდი უდევს საფუძვლად ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას. ბუნებრივი მზის სხივების ზემოქმედება იმავე ეფექტს იწვევს. აქერცვლისას მკვდარ უჯრედებთან ერთად კანის ზედაპირს სცილდება ქერცლი, რომლითაც დაცობილია ცხიმოვანი ჯირკვლები და შედეგად, მისი ფუნქციის აღდგენა ხდება.

მზეზე დიდხანს ყოფნა ეკრძალებათ ხანდაზმულ ადამიანებს, 2 წლამდე ბავშვებს, ორსულებს, ასევე ადამიანებს, რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადებები (განსაკუთრებით ტუბერკულოზი), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნევრასთენია, წითელი მგლურა. ასეთ შემთხვევაში მზეზე ყოფნის დრო და ხანგრძლივობა აუცილებლად მკურნალ ექიმთან უნდა იქნას შეთანხმებული.

მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა შეძლება განუვითარდეთ ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის ფუნქცია აქვთ დარღვეული სხვადასხვა დაავადების, ან თუნდაც ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების გამო.

მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ქუჩაში ჩრდილიან მხარეს უნდა იაროთ, მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი ატაროთ, კანის დაუფარავ (ღია) ნაწილებზე მზისგან დამცავი კრემი წაისვათ, ასევე, ნათელი ფერის ქოლგა და მზის სათვალე უნდა იქონიოთ.

სამწუხაროდ, მზის მავნე გავლენის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, ბევრი მაინც აგრძელებს აქტიურად გარუჯვას, რადგან მიიჩნევს, რომ ნარუჯი მას ბევრად მიმზიდველს გახდის.

რეკომენდაციები გარუჯვის მოყვარულთათვის

მზის აბაზანები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასარგებლო, თუ მას თანდათანობით იღებთ. თავდაპირველად გაირუჯეთ მხოლოდ 2-5 წუთი (კანის ტიპის გათვალისწინებით). ეს სასიამოვნო პროცესი ყოველდღიურად 2-5 წუთით გაახანგრძლივეთ და ასე ადით 2 საათამდე. ამასთან, არ დაგავიწყდეთ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ წყალში შესვლა.

პირველ დღეს მზის აბაზანა მხოლოდ ფეხებზე მიიღეთ. მეორე დღიდან კი შეგიძლიათ, მთელი სხეულის გარუჯვას შეუდგეთ. მოძრაობის დროს კანი მზის სხივების მოქმედებაზე უკეთ ადაპტირებს. სასარგებლოცაა და სასიამოვნოც, მზის ქვეშ ბადმინტონის, ფრენბურთის თუ ხელბურთის თამაში, ცურვა, ტანვარჯიში და ა.შ. ეს დაეხმარება თქვენს კანს, შეეგუოს მზის მწველ სხივებს.

არ არის რეკომენდებული გარუჯვის წინ სხეულის გასუფთავება საპნით, ლოსიონით ან ოდეკოლონით. საპონი არღვევს კანის დამცველ შრეს და აშრობს მას. გახსოვდეთ, რომ ლოსიონი და ოდეკოლონი კანს მგრძნობიარეს ხდის ულტრაიისფერი სხივებისადმი და შედეგად, შეიძლება მოყავისფრო ლაქები გაგიჩნდეთ.

რჩევები გარუჯვის მსურველებს:

1. არ მიიღოთ მზის აბაზანა უზმოდ ან საკვების მიღებისთანავე. უკეთესია, ეს გააკეთოთ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

2. გარუჯვისთვის საუკეთესო დრო 9-დან 11 საათამდეა. არ არის რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება სადილობის დროს (12-დან 16 საათის ჩათვლით), რადგან ამ პერიოდში მზის სხივები განსაკუთრებული სიძლიერით მოქმედებს კანზე.

3. მზის სხივების ქვეშ ყოფნისას აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები.

4. გარუჯვისას არ მოიკლათ წყურვილი ცივი წყლით ან ალკოჰოლით.

5. მზის აბაზანის მიღების შემდეგ სასარგებლოა ოდნავ მლაშე საკვების მიღება და ცივი ჩაის დალევა.

6. შეძლებისდაგვარად, ფეხშიშველმა იარეთ.

7. თუ თქვენ ირუჯებით მწოლიარე მდგომარეობაში, თავი ოდნავ წამოსწიეთ.

8. მზის აბაზანის მიღების დროს არ შეიძლება ძილი და არ არის რეკომენდებული კითხვა.

9. კანის მზის სხივებისგან დაცვისა და დარბილების მიზნით, არ შეიძლება მინერალური ცხიმის (ვაზელინის, გლიცერინის) გამოყენება, რადგან ამ დროს კანზე ჩნდება წვეთები, რომლებიც პატარა, შემკრები ლინზის როლს ასრულებს. ამას კი შეიძლება დამწვრობა მოჰყვეს.

10. გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა.

11. ფრჩხილებზე ლაქის წასმა არ არის სასურველი.

12. ძალიან არ გაგიტაცოთ გარუჯვის პროცესმა: მზეზე დიდხანს ყოფნა, გარდა იმისა, რომ მავნეა ჯანმრთელობისთვის, კანის დაბერებასაც აჩქარებს (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ).

ნინო ჩარგეიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს