10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

ერთ-ერთმა უცხოურმა ბლოგმა საკუთარ მკითხველებს განქორწინების თანმდევი სტრესისა და დეპრესიის დაძლევის არცთუ ურიგო ხერხი შესთავაზა. იმისთვის, რომ ადვილად გადაიტანონ განშორებით გამოწვეული ტკივილი, ბლოგის ავტორის მოსაზრებით, საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მეტისმეტად ძვირს არ გადაიხდით, რომ უსიყვარულოდ დარჩენას უფულოდ დარჩენაც არ დაემატოს და ამასთანავე, თვალ და თავშესაქცევსაც ბევრ რამეს ნახავთ.

მეორე მხრივ, თუკი დასვენება ძვირი დაგიჯდებათ, ეს უნდა გიღირდეთ კიდეც... მაშ ასე, 10 საუკეთესო ადგილი განქორწინების სევდის გასაქარვებლად.

1. კოსტა-რიკა - თუკი განქორწინებამ თქვენს ჯიბეს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა, მაშინ აუცილებლად ჯეროვნად შეაფასებთ, რამდენად იაფია სასტუმროები და რესტორანები კოსტა-რიკაზე. გარდა ამისა, ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს ბუნებასთან სიახლოვე - ჯუნგლები, ულამაზესი ტყეები, სანაპიროები თქვენს სულს სალბუნად მოედება.

2. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლქმრული უღლიდან გათავისუფლების მძიმე გზის გავლის შემდეგ მდიდრულ დასვენებას იმსახურებთ, მაშინ კარიბის ზღვას უნდა მიაშუროთ, კონკრეტულად კი, ერთ-ერთს, წმინდა ბართლომეს კუნძულს. აქ დასვენება არცთუ იაფი დაგიჯდებათ, თუმცა თქვენს ექსმეუღლეზე ფიქრების მოსაშორებლად იქაური სანაპიროები, სპაპროცედურები, დიდებული რესტორნები ნამდვილად მისწრება იქნება.

3. თუკი თქვენ მარტო მოგზაურობისას თავს მეტად კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ნიუ-იორკი თქვენთვის ყოფილა შექმნილი. არც ერთ ნიუ-იორკელს არ გაუკვირდება ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც მარტო მგზავრობს, მარტო მიირთმევს რესტორანში, ან სულაც მარტო შოპინგობს. ქალაქში ვიზიტისას არ დაგავიწყდეთ ''ტიფანიში'' შესვლა, სადაც ტრუმენ კეპოტეს გმირი ქალბატონი, რომელსაც არაჩვეულებრივად განასახიერებს ოდრი ჰეპბერნი, ჰოლი მაშინ მიდიოდა, როცა თავს დეპრესიულად გრძნობდა.

4. ირლანდია - ზოგჯერ, განქორწინების შემდეგ ადამიანს სურს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ამისთვის საუკეთესო ადგილი, ბლოგის ავტორის მოსაზრებით, ირლანდიაა, სადაც ძალიან კომუნიკაბელური ხალხი ცხოვრობს (როგორც ჩანს, ბლოგერი საქართველოში არ ყოფილა). ჩაიხშეთ რომელიმე ირლანდიურ პაბში თქვენი ტკივილი ჭიქით ხელში, იქ თქვენ სიამოვნებით მოგისმენენ ადამიანები, რომელთაც გულს გადაუშლით და თქვენს ტკივილზე დაელაპარაკებით. განსაკუთრებულად თქვენი მოსმენის სურვილი მაშინ გაუძლიერდებათ, თუ სასმელზე დაპატიჟებთ.

5. ახალი ორლეანი - ახალგანქორწინებული ადამიანისთვის ახალ ორლეანში ექსკურსია შემდეგი მარშრუტით შეიძლება წარიმართოს - პირველ საღამოს სტუმრობთ ბარს, სადაც ბლუზის რიტმები თქვენი განწყობის ტალღებს ეხმიანება, შემდეგ აუცილებლად მიდიხართ ულამაზესი ბაღების დასათვალიერებლად და როგორც კი თქვენი განწყობა ამაღლდება, ენერგიული ჯაზური ლაივის მოსასმენად მიეშურებით.

6. ტაილანდი - აქ გამგზავრება განქორწინების შემდგომი რისხვის ჩაცხრომის საუკეთესო საშუალებაა. თქვენ შეგიძლიათ იშოპინგოთ, მიირთვათ და რაც გინდათ, ის აკეთოთ ბანგკოკის ყველა ადგილზე ისეთ ფასებად, რომ პირს დააღებთ. ამასთანავე, ტაილანდის რომელიმე კუნძულზე აღმოჩენა მოგცემთ საშუალებას, გემრიელი კოქტეილით ხელში მიეფიცხოთ მზეს და დატკბეთ შესანიშნავი ბუნებით.

7. სან-ფრანცისკო - აქ იმ შემთხვევაში უნდა წახვიდეთ, თუკი განსაკუთრებული ადამიანის გაცნობა გინდათ. ამ ქალაქში მოზრდილთა 44% რჩეულის გარეშეა დარჩენილი და მარტოობას ებრძვის, ისევე, როგორც თქვენ, თუკი ახლახან განქორწინდით. სან-ფრანცისკოში ბაიკით ''ოქროს კარიბჭის ხიდზე'' გასეირნებაც არ გაწყენდათ.

8. ბაჰამის კუნძულები - ეს კუნძული განთქმულია თეთრი ქვიშითა და მდიდრული სასტუმროებით. ერთ-ერთი სასტუმრო კი, თურმე, სპეციალურ პაკეტს სთავაზობს სწორედ განქორწინებულ ადამიანებს სახელწოდებით ლედივაის, ანუ თარგმანში განქორწინება. პროცედურებს შორის, რომელსაც სასტუმრო ასეთ ადამიანს სთავაზობს, არის მასაჟები, მანიკიური, პედიკიური, წყალქვეშ ცურვა და ა.შ.

9. რომი - რომაული ცივილიზაციის უდიდესი შემოქმედების ნახვა ადამიანებს ხშირად დააფიქრებს ამქვეყნიურ ამაოებაზე და კიდევ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი დღის აზრიანად გატარება. ქალაქის რესტორნებში მათთვის ტრადიციულ მენიუებს შემოგთავაზებენ. და, რასაკვირველია, ტრევის შადრევანს გულგრილად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ჩაუვლის, რამდენიმე ხურდა ფულის გადაგდებით იქნებ, სურვილიც აისრულოთ და რომში ისევ დაბრუნდეთ ან სიყვარული იპოვოთ...

10. ბურგუნდია, საფრანგეთი - ცენტრალურ საფრანგეთში ბურგუნდიის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თანაც ერთი-მეორეზე უკეთესი ვენახებით. იქ მდინარეზე გასეირნება კი ნებისმიერი ადამიანის ნერვული სისტემის დამშვიდების ყველაზე კარგი საშუალებაა.

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო