როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?

როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?

დიდ ბრიტანეთში ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლურჯი ჯინსის შარვლის ხშირი ტარება დეპრესიაზე მეტყველებს. კვლევის შედეგების თანახმად, ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობა უგუნებოდ ყოფნის დროს ჯინსის შარვალს იცვამს. გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი ატარებს ჯინსის შარვალს ამაღლებული განწყობით, - ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნდა. კვლევას პროფესორი კარენ პაინი ხელმძღვანელობდა.

"ჯინსი ყველას არ უხდება. ის ხშირად ცუდად არის აჭრილი და სხეულის ფორმებს ხაზს არ უსვამს. ჯინსი იძლევა მესიჯს, რომ ადამიანს დიდად არ აღელვებს გარეგნობა. დეპრესიაში მყოფ ადამიანებს არ სურთ, სხვებისგან გამოირჩეოდნენ. ასე რომ, ჯინსსა და დეპრესიას შორის კავშირი არსებობს", - ამბობს პაინი.

ფსიქოლოგების აზრით, სამოსის არჩევასა და განწყობას შორის მჭიდრო კავშირია. მათი ვარაუდით, დეპრესიის დროს ისეთი სამოსი უნდა ატაროთ, რომლებიც ბედნიერებასთან ასოცირდება.

"ტანისამოსი არა მხოლოდ სხვის განწყობაზე მოქმედებს, არამედ ჩვენს განწყობას ირეკლავს. ექსპერიმენტის მონაწილე ქალების უმრავლესობა ამბობდა, რომ მათი განწყობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა აცვიათ", - აცხადებს პროფესორი პაინი.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, თუ როგორ სამოსს ირჩევენ ბედნიერი ადამიანები. კარგ განწყობაზე ყოფნის დროს ფარფლიან ქუდსა და კაბას გამოკითხულ ქალთა 62% ანიჭებს უპირატესობას. კვლევამ აჩვენა, რომ კაშკაშა და ლამაზი ნაჭრები ამაღლებულ განწყობაზე მყოფ ადამიანებს იზიდავს, ამით მათ საკუთარი სხეულისა და განწყობის ხაზგასმა სურთ. დეპრესიაში მყოფი ადამიანები კი პირიქით, ფართე და მუქი ფერის სამოსს ირჩევენ.

მომზადებულია herts.ac.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს