რით ამხნევებს 71 წლის ლია ბებო თავის პირველ სიყვარულს - "ის ახლა ძალიან ცუდად არის"

რით ამხნევებს 71 წლის ლია ბებო თავის პირველ სიყვარულს - "ის ახლა ძალიან ცუდად არის"

"გამარჯობა. მე თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. მინდა, წერილი გადმოგცეთ", - მითხრა ქალბატონმა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ გადაადგილება უჭირს. თქვენი წერილი რას ეხება-მეთქი? - ვკითხე. - ახლა ვერ გეტყვით, ეს პირადი საკითხია და ამაზე ხმამაღლა, ტელეფონით ვერ ვილაპარაკებ. თქვენი ჭირიმე, მითხარით, სად მოგიტანოთ და მიუხედავად სიბერისა, თქვენამდე როგორმე მოვაღწევო, - ხმაში მუდარა გაურია. გული ვერ დავწყვიტე და მიუხედავად იმისა, არ ვიცოდი, რას გადმომცემდა, შინ ვესტუმრე.

ქალბატონმა ლიამ სამი რვეული დამახვედრა, ნაწერით სავსე. ლექსები, ჩანაწერები, მოგონებები... მისი წარსული ჩემ თვალწინ გაცოცხლდა...

- იცით, თქვენი ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი მასალების გამო ბევრი მიტირია, ბევრიც მიცინია და ზოგჯერ მთელი კვირა ფიქრსაც არ მოვუსვენებივარ. მიფიქრია იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალზე ზერელედ უყურებს სხვების სიხარულსა თუ გასაჭირს. დაუფიქრებლად გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რესპონდენტების უმრავლესობა საღად აზროვნებს და როცა საჭიროა, სწორ რჩევა-დარიგებას აძლევენ ადამიანს. მადლობა მათ ამისთვის!

- კონკრეტულად, თქვენ რისი გამოქვეყნება გნებავთ?

- მინდა, ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ გიამბოთ. ის ახლა თურმე, ძალიან ცუდად არის და იქნებ ამ ჩემმა სიტყვებმა გაამხნევოს... მთელი ცხოვრება ვუყვარდი, მაგრამ არ გამოვიდა ყველაფერი ისე, როგორც ბავშვობაში გვინდოდა, გამოსულიყო. წლების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ახლა ამ წერილით მაინც გაიგებს, რომ ის არასდროს მძულდა...

ქალბატონი ლიას ჩანაწერის სტილი დაცულია:

"მე უკვე მოხუცი და ცხოვრების დიდი ხნის მგზავრი ვარ. ბევრი სიხარულიც განმიცდია და გასაჭირსაც ეკლებივით დავუჩხვლეტივარ. ჰოდა, გეტყვით: ადამიანებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს და გაუფრთხილდით პირველ სიყვარულსაც! მერწმუნეთ, პირველი გრძნობა სამარადისოდ იბუდებს გულში და ყოველთვის შეგახსენებს თავს; განსაკუთრებით, სიბერეში, ფიქრი რომ გარს შემოგეჯარება და განვლილი ცხოვრების ყოველ დღესა და ყოველ წუთს ფხიზელი თვალით გადაგაფურცვლინებს, თვალებს ცრემლებით აგივსებს და ცხოვრების თავიდან დაწყებას განატრებინებს.

მე მინდა, ჩემი ცხოვრების პატარა ეპიზოდზე გიამბოთ. მით უფრო, იმან გადამაწყვეტინა ამ სტრიქონების დაწერა, რომ ჩვენი ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. გავიგე, ავადმყოფობ და მინდა, ეს მოგონება შენამდე მოვიდეს. მე მხოლოდ შენთვის დავწერ ამ სტრიქონებს და თუ მიცნობ, თუ შენი გული იცნობს ამ მოგონებებს, ჩათვალე, რომ ეს სიბერის აღსარებაა! ეს სიმღერაა მომაკვდავი გედის, რომელიც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მღერის...

25 წელი გასულა მას მერე, რაც ბოლოს შეგხვდი და ეს ჩანაწერი გავაკეთე:

"მზიანი დღე გათენდა. მართალია, გვიანი შემოდგომაა, მაგრამ დილა სასიამოვნოდ თბილია. ეს დილა გიორგობის, ნოემბრის დილაა. სოფლის თავში მდგარი პაწაწინა ეკლესიისკენ გავემართეთ. ეს ეკლესია ჩემი ბავშვობის დროინდელი სასიამოვნო მოგონება და უსაყვარლესი ადგილია. გზად ჩემს ძველ ნასახლარს ჩავუარეთ; ჩემი ლამაზი და უზრუნველი ბავშვობის ადგილს.

იქ, ჩვენს ნასახლარზე ვიღაცას სახლი დაუდგამს... როგორ დამწყდა გული, ნეტავ იცოდეთ... თითქოს ვიღაცამ წამართვა ბავშვობა. ნეტავ იმას, ვისაც ბავშვობის კერა ხელუხლებელი დარჩენია. როგორ ძლიერ მყვარებია აქაურობა... 46 წლისა მივხვდი, რომ ამ კუთხის გარეშე გულში რაღაც უკიდეგანო სიცარიელე მქონია.

ზემოდან გადავხედე ქვემოთ, დაბლობში ჩასახლებულ ჩემს სოფელს და გული დამწყდა: განა შეიძლებოდა, ამ ლამაზი ადგილებიდან ქვევით, იმ დაბლობში დაედოთ ბინა? ეტყობა, სოფელი ისევ ზევით ინაცვლებს. აქა-იქ მოჩანს ახალდაწყებული ბინების მშენებლობა. მჯერა, კვლავ აშენდება ამ ადგილას სოფელი, კვლავ გაიზრდებიან პატარა მაყვალა, ჯემალი, დალი, ლია, ლევანი...

ჰო, კვლავ გაიზრდებიან პატარები, აჟრიამულდება ეს მიტოვებული კუთხე, კვლავ იმღერებენ, იცეკვებენ, შეიყვარებენ ერთმანეთს გულწრფელად და წმინდად. ღმერთო, ხელი შეუწყვე მათ სიყვარულსა და სიხარულს!

აი, გამოჩნდა ის ორი უზარმაზარი ხე, რომლებიც წმინდა გიორგის პატარა ეკლესიას მცველებად დასდგომიან. იქ უამრავ ხალხს მოუყრია თავი. მათ შორის თვალებით ვეძებდი ჩვენს ახლობლებს, რომლებიც ადრე წამოვიდნენ ტაძარში და აი, ბედის ირონია, - სულ ცალკე, პატარა ბორცვზე დგას ჯინსისქურთუკიანი, მელოტი, შავი, ერთი შეხედვით უბრალო მამაკაცი, რომელსაც ახლა არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა... მაგრამ ამ კაცში ხომ ჩემი ლამაზი ბავშვობაა ჩაბუდებული?! ჰო, ეს ლევანია, ჩემი ბავშვობის მზიანი დღეების მზეჭაბუკი. ასე განმარტოებით რატომ დგას ანდა რა გულმოდგინედ ათვალიერებს მანქანებს, ვის ან რას ელის? ნუთუ, მე? არა მგონია! არა მგონია, სცოდნოდა, რომ აქ მოვიდოდი... ისე, საგანგებოდ კი შეურჩევია ადგილი, ყველა აქ მოსულს აუცილებლად შეამჩნევს.

როგორ დაბერებულა ჩემი მზეჭაბუკი, რა არასასიამოვნო გარეგნობის კაცი დამდგარა მისგან. რა იყო ამ ბიჭში ასეთი, რომ შემიყვარდა? არა, გული მაინც შემეკუმშა, რაღაც ნაცნობმა ჟრჟოლამ დამიარა. არ ვიცი, შემამჩნია თუ არა... ერთ წუთში რამდენი რამ გავიფიქრე. მერე გიოს, ჩემს მეუღლეს გავხედე. ის თავისი ჩვეული სიდინჯით მართავდა საჭეს. რა კონტრასტია მათ შორის. გიო ქერა, ცისფერთვალება და თმაქოჩორა, ლევანი კი შავი, ჯმუხი და თავმოტვლეპილი. როგორ ფიქრობთ, რომელს ავირჩევდი, ახლა მათ შორის არჩევანის წინაშე რომ დავეყენებინე ვინმეს? არც ერთს!..

დავღლილვარ, უზომოდ დავღლილვარ! დავუღლივარ გიოს სითბოს, მის კეთილშობილურ თვისებებს; დავუღლივარ ლევანზე ფიქრსა და ოცნებებს. რატომ მოხდა ასე? ალბათ ჩვენი აჩქარებით, დაუფიქრებლობით!..

დავბინავდით. მერე ეკლესიისკენ გავეშურეთ. არ გინდა, ახლა იმ ბორცვს გაუარო წინ, რომელზეც ჩემი ბავშვობის დროინდელი რაინდი, ახლა კი ვიღაცის შავი კაცი დგას? რატომაც არა?! რა მაქვს მოსარიდებელი? გაგივლი წინ, ჩემო ბავშვობავ, დაქალებული და ცხოვრებაში ჩახედული ქალი. გაგივლი წინ და გაგცილდები სხვა გზით, ისე, როგორც ამ ცხოვრებაში დავშორდით ერთმანეთს. შემომხედე და ახლა შენც შემოიჯარე ირგვლივ ფიქრის უსასრულო ბურუსი. ხომ ვიცი, ეს შეხვედრა მე და შენ დიდხანს გაგვყვება.

ამაყად მოგიახლოვდი და ვითომ ვერც შეგამჩნიე; ისე ლაღად ჩაგიარე გვერდით, მეგონა, კი არ მივდიოდი, უსასრულო ოცნების ზღვაში მივცურავდი. მზეთუნახავმა თუ არა, "არა უშავს" ქალმა ჩაგიარე გვერდით, შენმა ბავშვობამ ჩაგიარე და მალულად, თვალიც შეგავლე. შენი შავი სახე ჯერ გაფითრდა, მერე რაღაც საოცარი სიწითლით განათდა. გამეცინა. შენც გაიგონე, რომ ხმამაღლა, უმისამართოდ გამეცინა. ვის დავცინე? ჩვენს გზააბნეულ ბედს, რომელმაც ერთმანეთს იმ დროს შეგვახვედრა, როცა ყველაფერი წმინდა და სათუთი იყო. ამ გრძნობამ ჩვენს გულებზე მკვეთრი ნაკვალევი დატოვა და ბოლოს, გაგვყარა. ალბათ ასე უნდა ყოფილიყო...

- გოგო, შე სასიკვდილევ, აღარ ბერდები? - მომეფერა ნუნუ და ყურში ჩამჩურჩულა: - რა თვალები დააჭყეტვინე ლევანს?

- მართლა? მე რომ ვერ დავინახე? - გავეპასუხე.

საღამომდე კარგი დრო ატარეს ჩემმა ახლობლებმა. საღამოს ქალები კვლავ ეკლესიისკენ წავედით, სანთლების დასანთებად. ეკლესიაში ორი ქალი დაგვხვდა. ვერც ერთი ვერ შევიცანი. დავანთე სანთელი, ღმერთს შევავედრე ჩემი უკეთილშობილესი მეუღლე, ჩემი შვილები და გარეთ გამოვედი. ხის ქვეშ შევჩერდი და სიყვარულით მოვუთათუნე ხელი ამ ორ ბუმბერაზ ხეს. ძმისშვილი მომიახლოვდა და მითხრა: მამი, აი, ის ქალი ლევანის მეუღლეაო და ვიღაცაზე მანიშნა. გავიფიქრე, - ეს რა დაგმართვია, ჩემო მზეჭაბუკო, ასეთ ქალს ეძებდი?.. მივხვდი, რატომაც გამხდარხარ ასეთი, ყველას მსგავსი. ჰო, ასეთი ქალის ქმარი სხვანაირი ვერც იქნებოდი...

უცებ, თვალებზე ვიღაცამ ხელები ამაფარა. ჩემი კლასელი გოგია იყო. გულში ჩამიკრა და მითხრა: ასეთი კარგი, ასეთი ახალგაზრდა უფალმა ას წელს მაჩვენოს შენი თავიო... ეკლესიის უკნიდან დინჯი ნაბიჯებით გამოხვედი, ჩემო შავტუხავ. ერთი შემომხედე და ეკლესიიდან გამოსულ მეუღლესაც არ დალოდებიხარ, ისე გააგრძელე გზა.

გოგიამ სინანულით გააყოლა თვალი და ჩუმად მითხრა: ცრემლიანი თვალებით დაუნთო სანთელი წმინდა გიორგის, შენი ჯანმრთელობა შეავედრა და თან, უსაყვედურა: ღმერთო, ან რად შემაყვარე, ან რად წამართვიო? ხომ იცი, როგორ უყვარხარ...

ამ დროს ეკლესიიდან მეორე ქალიც გამოვიდა. გოგიამ ხელი ჩაჰკიდა, წინ დამიყენა და უთხრა: მოდი, შენი მული უნდა გაგაცნოო.

- ჰო, ბიჭო, წეღან საყდარში გავიგე, რომ ლია ყოფილა, - თქვა ქალმა და გადამეხვია, გადამკოცნა: - ტყუილად არ გამიგია შენი ქება, გო, მართლა კარგი ქალი ყოფილხარო.

გამეცინა. აბა, რა უნდა მეთქვა? დღევანდელი დღე არასდროს დამავიწყდება, წარუშლელ დღედ დარჩება...

ისე, რა საბრალონი ვართ, არა? ლაპარაკის უფლება ვიღამ წაგვართვა?.."

ამ ჩანაწერიდან 25 წელი გავიდა. გულის რომელიღაც კუნჭულში კვლავ ანთიხარ. გავიგე, ავადმყოფობ. ღმერთს შევთხოვ შენს ჯანმრთელობას. არაფერი გაბედო, იცოდე, ცხოვრების დარჩენილ დღეებს ნუ გამიუფერულებ. ჩემი გულიდან ამოსულ სტრიქონებს გიძღვნი და იცოდე, შენებურად არ გაამაყდე:

"იყო დრო, როცა სიყვარულით გალაღებული,

ამ ქვეყანაზე მხოლოდ შენთვის ვახელდი თვალებს,

შენი სახება, შენი ღიმილი მე თვალწინ მედგა,

და სიზმრისთვისაც მხოლოდ შენთვის ვხუჭავდი თვალებს.

რა ვარდისფერი და რა ლამაზი იყო სიცოცხლე,

რა იყო დარდი, რა იყო სევდა, სულ არ ვიცოდი,

მთელი ბავშვობა, ეს საოცნებო წლები, ძვირფასო,

შენზე ფიქრებსა და ოცნებებში ვიკარგებოდი.

ახლა კი რაღა, რა დარჩა ძველი,

მხოლოდ ოცნება და ფიქრი მწველი,

მაინც ვერა და ვერ დაგივიწყე,

რადგან შენა ხარ ბავშვობა ჩემი".

- შეგიძლიათ, თქვენს პირველ შეყვარებულზე რაიმე მაინც გვიამბოთ?

ქალბატონი ლია:

- აბა, რა გითხრათ? ლამის ერთად გავიზარდეთ. მე რომ დავბადებულვარ, ის სამი წლის ყოფილა და თურმე, სულ ჩემს აკვანთან იჯდა.

- თქვენს მეზობლად ცხოვრობდა?

- კი, მაგრამ მთლად "მეზობელო კარისაო" არ იყო. მამამისი მამაჩემთან ბუღალტრად მუშაობდა და თურმე, სახლში ხშირად მოჰყვებოდა მამას. ჩემს აკვანთან იჯდა და მელაპარაკებოდა, - აღუ, აღუო. ერთხელ მამამისისთვის დაუძახია: მოდი, მამიკო, მოდი, რაღაც უნდა გითხრა. იცოდე, ლია რომ გაიზრდება, ცოლად შევირთავო (იცინის). ძალიან ახტაჯანა და ცელქი, განებივრებული გოგო ვიყავი. მახსოვს, მაშინ სოფელში დოღი იმართებოდა ხოლმე და მამას ვეხვეწებოდი, თავს ვიკლავდი, - მეც წამიყვანე, მონაწილეობა მეც შემიძლია-მეთქი. მინდოდა, ჩემი მაყვალა (ასე ერქვა ჩემს ცხენს) გამომეცადა.

- დოღზე საასპარეზოდ გაგიყვანეს?

- არა, საამისოდ პატარა ხარო, მითხრეს და ასე მომიშორეს თავიდან... მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა შემაშინა. ჩვენს მეზობლად მამულოვები ცხოვრობდნენ. მათი შვილი, მიტო ციხიდან ახალი გამოსული იყო, როცა წყლის მოსატანად წასულს გზად გადამეყარა. მითხრა, - ვისი ხარ, გოგო, შენო? ხმა არ გავეცი. მაშინ მიბრძანა: წყალი დამალევინეო! უსიამოვნო შესახედი, მაღალი, აწოწილი, თავმოტვლეპილი კაცი იყო. ასე რომ დამელაპარაკა, თითქოს შემეშინდა კიდეც. ვიღაც ახლდა და იმან უთხრა: გაჩერდი, თავი დაანებე, ამა და ამ კაცის შვილია, ლიაო. - ე ბიჭო, უყურე შენ! ეს წიწილი რავარი ჩლიხვი დამდგარაო! - მერე დოქზე მომიკიდა ხელი. ისეთი ამაყი და თავნება ვიყავი, გადავირიე, ეს როგორ მაკადრა-მეთქი? და დოქი პირდაპირ ფეხებში მივუმტვრიე. იმ დღის შემდეგ ის ბიჭი ძალიან გადამეკიდა. ერთხელ მოტაცებაც დამიპირა. გვიან მომიხდა შინ დაბრუნება და გზაზე მანქანით დამხვდა. მითხრა: ახლავე შენი ფეხით ჩაჯექი, ჩახტი მანქანაში, იცოდე, ხელი არ მომაკიდებინოო. შიშისგან ენა ჩამივარდა, ერთ ადგილას გავქვავდი. ამ დროს ვიღაცამ სტვენა-სტვენით ჩამირბინა და მალე საიდანღაც ლევანი მოვარდა. მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა, მე კი გზა გამითავისუფლა. თურმე, მისმა მეგობარმა ნახა, როგორ სიტუაციაშიც ჩამაგდო მამულოვმა და იქვე მცხოვრებ მეგობარს სასწრაფოდ შეატყობინა ყველაფერი...

- მათ შორის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა?

- საბედნიეროდ, კი... მთელი ღამე ფიქრებში გავატარე. მაშინ არც ვიცოდი, ის ჩემზე თუ ფიქრობდა, მაგრამ იმ დღეს მას სულ სხვა თვალით შევხედე...

- რატომ დაშორდით?

- მამამ არ მოინდომა ჩვენი ერთად ყოფნა და ეს გახლდათ ძირითადი მიზეზი.

- საინტერესოა, სასიძოს რა დაუწუნა?

- პრინციპში, არაფერი... თუმცა, ერთხელ თურმე, მეზობელი კაცები ქეიფობდნენ და ღვინო გამოლევიათ. მამაჩემს ჩემი შეყვარებულისთვის უთქვამს: გაიქეცი, ჩემს ცოლს ეს დოქი წაუღე და ღვინით აგივსებსო. ერთ კაცს, გვარად სააკაშვილს, რომელიც კლუბის გამგე გახლდათ, მამასთვის უთქვამს: რაო, სასიძო შენი ნებით გაგზავნე ოჯახშიო? იუკადრისა თურმე მამამ მისი ნათქვამი. ეს კახელი კაცი სულ სვანურ ქუდს ატარებდა. ჰოდა, მოუხდია ქუდი და დაუქადია: შენ ამაში ჩააფურთხე, თუ ეს ბიჭი ჩემი სიძე გახდესო. არ ვიცი, სიმთვრალეში ნათქვამი ვეღარ გადათქვა თუ რა იყო, მაგრამ მას მერე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ეს ბიჭი სასიძოდ არ მინდაო. გამაფრთხილა: რომ დაინახავ, ქუჩაში მოდის, შენ გზის მეორე მხარეს გადადი. იცოდე, არ შეხვდეო! ბოლოს, როდესაც ჩემმა რჩეულმაც ცოტათი გამაბრაზა, ავდექი და სხვას გავყევი ცოლად.

- ანუ გათხოვების გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეთ?

- კი, ასეა და უფალს მადლობას ვუხდი ამისთვის. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ბავშვური სისულელე ასე დამიფასა და ცხოვრების მეგზურად ისეთ ადამიანს შემახვედრა, როგორიც ჩემი მეუღლეა. ეს არის უკეთილშობილესი ადამიანი. ამქვეყნად ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომელიც მასზე იტყვის, რომ ამან ჭიანჭველას დაადგა ფეხი. დედამთილ-მამამთილიც არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ლევანთან ვერ განვიცდიდი იმას, რაც გიოს გვერდით განვიცადე... თუმცა, ფურცლებზე ისიც ვაღიარე, რომ ვიგრძენი, ამ ყველაფრისგანაც დავღლილვარ. აღარც სამსახური მაწუხებს, უკვე ჯოხით დავდივარ და მაქვს უამრავი დრო საიმისოდ, რომ ვიფიქრო წარსულზე. როცა განვლილი ცხოვრების გზას ვფურცლავ, ყოველთვის მეფიქრება იმაზეც, თუ როგორი ვიქნებოდი მასთან, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ცოლად ლევანს რომ გავყოლოდი და ასეთ დროს ყოველთვის ვაღიარებ, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი გიასთან.

- და მაინც, უნდა გკითხოთ, თქვენ და ლევანს, მამათქვენის წინააღმდეგობის მიუხედავად, სიყვარულისთვის არ გიბრძოლიათ?

- მისი ოჯახი მამასთან რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ არც ერთხელ არ მიიღო კარგად. ერთხელ ჰაერში თოფიც კი გაისროლა... მაგრამ როცა კვდებოდა (63 წლის გარდაიცვალა), დამიძახა და მითხრა: დაგინგრიე, არა, შვილო, ცხოვრება? შენს საქმეში ცუდად ჩავერიეო...

- დაბოლოს, დაშორების შემდეგ, ლევანს მხოლოდ ერთხელ შეხვდით?

- არა. ერთხელ სამსახურშიც მომაკითხა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ გამიბედა. უბრალოდ, თვალი შემავლო და წავიდა... მეორედ, სახლთან შევეჩეხე. მითხრა, გელოდებოდი, შენთან უბრალოდ, დალაპარაკება მინდოდაო. მხოლოდ ის მკითხა, ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა? და წავიდა... ვფიქრობ ხოლმე: ნეტავ, როგორი ვიქნებოდი, როგორ გავუმკლავდებოდი ცდუნებას, სხვანაირად რომ მოქცეულიყო? ყოველწუთას ჩემთვის თავბრუს დახვევაზე რომ ეფიქრა, ნუთუ, ისეთი ძლიერი აღმოვჩნდებოდი, როგორიც ახლა მგონია თავი? მაგრამ არა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი გრძნობა იმდენად სუფთა, წმინდა და ალალი იყო, რომ მსგავსი რამ არც გაუბედავს. ის ყოველთვის პატივს მცემდა და ამიტომაც ვაფასებ ალბათ დღემდე!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს