"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები

"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები

წლევანდელი აგვისტო ისეთი ცხელი და გაუსაძლისი აღმოჩნდა მაღალი ტემპერატურის გამო, ეჭვიც არ მეპარება, ბევრმა ინატრა ზამთარი და პირობაც დადო, რომ ოცგრადუსიან ყინვაშიც კი არ ისურვებდა მსგავსი ზაფხულის დადგომას...

დღე ხომ ქუჩაში გამოსვლა გახდა გაუსაძლისი და ღამით საწოლი იქცა თონედ, ბურღივით ვტრიალებდით საწოლებში და რატომ მილიონამდე არ ვითვლიდით წარმოსახვით ცხვრის ფარებს, რომ როგორმე ძილი "შემოგვეტყუებინა" საკუთარ საძინებლებში. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ამ დროს რომ დარეკავს სახლის ტელეფონი და გაგაღვიძებს. შეშინებული პირველ რიგში, საათს შეხედავ და პირჯვარს იწერ იმაში დარწმუნებული, რომ ვიღაც შენიანს ძალიან უჭირს, თორემ ღამის სამის ნახევარზე არ გაგიმეტებდა გასაღვიძებლად და გადასარევად.

იღებ ყურმილს და ვიდრე ენას დაიმორჩილებ საპასუხოდ, იქიდან ოპერატორის ცივი და არაფრისმთქმელი ხმა გესმის: "სატელეფონო ქსელები" შეგახსენებთ, რომ თქვენი ბალანსია..." მერე უკვე აღარც გესმის და აღარც გაინტერესებს გაგრძელება. გაცოფებული ღმუი და წყევლი, აგინებ, ცის თავზე დამხობას უსურვებ "სატელეფონო ქსელებსაც" და მის მეპატრონეებსაც (იმედია, არავინ იკითხავს, რატომო?)... მერე კი დილამდე ვეღარ ახერხებ დაძინებას და მზად ხარ, სასამართლოში კი არა, "იმის იქითაც" უჩივლო "სატელეფონო ქსელებსაც" და ყველას, ვინც თავისი მოქალაქეების უფლებას არღვევს და ალბათ წარმოდგენაც არ აქვს "ღამეული ინოვაციის" დამნერგავს, კანონით მკაცრი სასჯელი რომ ეკუთვნის...

დამატებით კი იმას გეტყვით, რომ ეს კოშმარული ღამე ქუთაისელებს მოუწყო "სატელეფონო ქსელებმა" (შეგნებულად არ ვასახელებ კომპანიის რეალურ სახელწოდებას, რეკლამის შესახებ კანონი რომ არ დავარღვიო, სადაც ანტირეკლამაც არის ნახსენები), 19 აგვისტოს, ფერისცვალება რომ თენდებოდა და მეორე დღეს ყველა მათ წყევლა-გინებაში იყო, რადგან ზოგი ღამის სამ საათზე გაუღვიძებია ზარს, ზოგი - ხუთზე და ზოგიც ექვსზე...

სხვაგან არ ვიცი და ძილი იმ მხრივაც სანატრელი გაუხდა "კანონმორჩილ მოსახლეობას", რომ დღისით სახლებში დამალული ხალხი, ღამით გამოდის ქუჩაში სულის მოსათქმელად და ასე თუ ისე დაძრული ნიავისთვის ცხელი შუბლის მისაშვერად.

როგორც წესი, ძირითადად, მამაკაცები არიან ღამით ქუჩებში და თამაშობენ კარტს, დომინოს, სვამენ ცივ ლუდს... ბოლოს გამორიცხულია, ჩხუბით არ დაამთავრონ თავყრილობა. აქვთ ერთი გაწევ-გამოწევა, ყვირილი და ერთმანეთისთვის თავ-პირის დამტვრევის სურვილი. ჰოდა, მაინცდამაინც მაშინ ახსენდებათ, რომ ვიღაცის და თუ ცოლი თურქეთშია წასული და სხეულით ვაჭრობს. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, სახლში მყოფსაც გერღვევა სიმშვიდე და ბავშვებს ყურებზე აფარებ ხელს, რომ არ გააგონო ეს უხამსობა. კაცების ჩხუბს ქალების - დედებისა და ცოლების წივილ-კივილი ემატება და შეცხადებაც: არ დაარტყა, არ დამღუპო... პატრული, სადაა პატრული?!

საქმეც ისაა, რომ პატრული აღარსადაა და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თუ ორ-სამჯერ მაინც ისმოდა ღამით სამორიგეოდ გამოსული ეკიპაჟების სირენების ხმა, დაფიცება შემიძლია, რომ კარგა ხანია "აღარ შევუწუხებივართ" არცთუ სასიამოვნო, მაგრამ სიმშვიდის მომნიჭებელ სიგნალებს, რომ "ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს"...

ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ სძინავს პატრულს (ან როგორ ახერხებს, გამოცდილება მაინც გაგვიზიაროს) მაშინ, როცა ქალაქი წიოკობს და დუღს?! ერთხელ მაინც რომ დაადგნენ თავზე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს და თუ არ დაიჭერენ, სიტყვიერი გაფრთხილება მაინც მისცენ, იქნებ მეორედ ვეღარ გაბედონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და უფრო მეტიც: ქუჩური გარჩევებით და დანების ტრიალით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვიც იქნებ აღარ გაზრდილიყო ასე კატასტროფულად?!

ვიცი, ამ სტატიას მოჰყვება საყვედურები - ვიღაცა შეგნებულად ცდილობს პატრულის დამსახურებების დაკნინებასო და ასე შემდეგ, მაგრამ არავითარ საყვედურს არ მივიღებ მანამ, ვიდრე აღრიანცელებული ქუჩის დასამშვიდებლად ოპერატიულად მოსულ ეკიპაჟებს არ დავინახავ... ნურც იმას მკითხავთ, რომელ ქუჩაზე ვცხოვრობ. ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა პატრულის ყურადღება მთელ ქალაქ(ებ)ს აკლია?!

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს