სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები

სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები

გავრცელებული შეხედულების თანახმად, მანქანები სიკვდილით დასჯისათვის მე-16 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა ასეთი მოწყობილობები გაცილებით ადრე არსებობდა. ამასთან, თუკი ძველად ამ მექანიზმის მიზანი მსჯავრდებულის ტანჯვა-წამების გახანგრძლივება იყო, ჰუმანიზმის იდეებით გამსჭვალულ ახალ დროებაში პირიქით, ცდილობდნენ, სიკვდილის დადგომის მომენტი დაეჩქარებინათ, რომ მაყურებელს აღარ ეხილა სისხლი და სიკვდილმისჯილის აგონია.

ცნობილია, რომ ზოგიერთი დიქტატორი უფრო შორს მიდიოდა და სიკვდილით დასჯას შოუს ელემენტებით "ალამაზებდა". ამ მხრივ აღსანიშნავია ეკვატორული გვინეის დიქტატორის ფრანსისკო მასიას ნგემას ცინიზმი, რომლის ბრძანებითაც, 1975 წლის შობის დღესასწაულზე მის 150 ოპონენტს ჯერ შობა მიულოცეს, შემდეგ კი სანტა კლაუსის კოსტიუმებში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა პოპულარული სიმღერა "JINGLE BELLS"-ის მელოდიის თანხლებით დახვრიტეს.

"კეთილი ექიმი" გილიოტენი და მისი მანქანა

ფრანგი ექიმის ჟოზეფ გილიოტენის სახელი იმდენად მჭიდროდ უკავშირდება თავების მკვეთელ მანქანას, რომ ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში სწორედ იგი მიაჩნია მის შემქმნელად. სინამდვილეში გილიოტინას გრძელი წინაისტორია აქვს. პირველი გამოგონებები 1066 წლით თარიღდება და, შესაძლოა, უფრო შორეულ წარსულშიც არსებულიყო. ყოველ შემთხვევაში, რე-ჟისორ ტინტო ბრასის ცნობილ ფილმ "კალიგულაში" ანალოგიური მანქანაა ნაჩვენები, რომელიც მინდორში მარცვლეულის ასაღები კომბაინის მსგავსად მოძრაობდა და ალესილი ნამგლების მეშვეობით ყელამდე მიწაში ჩაფლულ ტყვეებს თავებს სჭრიდა.

თავად გილიოტენისთვისაც ცნობილი იყო წინაპართა თავის მოსაკვეთი მანქანის შესახებ და ამ მხრივ სულაც არ ჰქონდა პირველობის პრეტენზია. თავების მკვეთელი მანქანის ავტორად გილიოტენი მისმა თანამედროვეებმა შერაცხეს, რომლებმაც გაუაზრებლად მიაკუთვნეს ამ ექიმს ის თვისებები, რაც მას არ ახასიათებდა: ბოროტება, სადიზმი, გარყვნილება, რითაც ჯეკი-მფატრავისა და დრაკულას გვერდით მიუჩინეს "საპატიო" ადგილი. სინამდვილეში ჟოზეფ გილიოტენი კეთილსინდისიერი მოქალაქე, მეცნიერი, ბავშვების მოყვარული და საერთოდ, პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელიც გულწრფელად ცდილობდა მსჯავრდადებულთა ტანჯვის შემსუბუქებას.

წინა კონსტრუქციებისგან განსხვავებით, მისი მანქანა მარტივი მოწყობილობის და გამოსაყენებლად "მოსახერხებელი" იყო: იგი წარმოადგენდა კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირი იყო ჩასმული. გილიოტინის მეშვეობით თავის მოკვეთის დროს ჯალათი უშუალოდ აღარ მონაწილეობდა დასჯაში. იგი მაყურებელივით განზე იდგა და თითქოს უნებურად მოჭიმავდა ზონარს, რომელიც ჩამკეტ ხელსაწყოზე იყო მიმაგრებული. მსჯავრდადებულს ნაჯახი მთელი ძალით ეცემოდა კისერზე და თავი კალათაში მიგორავდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჟოზეფ გილიოტენს საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეების ღალატში დასდეს ბრალი და თავისივე "ქმნილების" მეშვეობით მოუსწრაფეს სიცოცხლე. მაგრამ ეს მაინც არ იყო სანახაობა სუსტი ნერვების მქონეთათვის, მას თან ახლდა სისხლის ნაკადი და თავმოკვეთილი სხეულის კრუნჩხვები. თუმცა გილიოტინა მტკიცედ დამკვიდრდა საფრანგეთის ისტორიაში და მას 1981 წლამდე იყენებდნენ, სანამ ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ გაუქმდა.

იხილეთ გაგრძელება