საიდან მოდის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

საიდან მოდის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

ახალი წელი - დედამიწაზე არსებული დღესასწაულებიდან ყველაზე ძველია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი აღნიშვნის ტრადიცია ფესვებს შორეული წარსულიდან იღებს. ამასთან, ახალი წლის აღნიშვნის გზები წლებთან ერთად თითქმის არ შეცვლილა. ახალი წლის აღნიშვნა ადამიანებმა მაშინ დაიწყეეს, როდესაც მიხვდნენ, რომ სამყაროს პერიოდული განახლების საჭიროება არსებობს.

ამოსავალ წერტილად, სავარაუდოდ, ბიოკოსმოსურ რითმებზე დაკვირვება იქცა: ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მთვარე ივსება და შემდეგ, მისი განახლება ხდება, ბუნება ცოცხლდება გაზაფხულზე და კვდება ზამთარში. დროს და კაცობრიობას ესაჭიროება პერიოდული განახლება, რომელიც ახალ წელს ხდება. სხვადასხვა ხალხებსა და ტომებში ახალი წლის დადგომა განსხვავებულ დროს აღინიშნებოდა, თუმცა, ამ დღესასწაულს ყველა ხალხებში ერთი რამ აერთიანებდა - ახალ წელს კვდება ძველი სამყარო, ყველა ცუდ მოვლენასთან ერთად და იბადება ახალი სამყარო.

არქაულ საზოგადოებებში სამყაროს შექმნა ყოველწლიურად ხდებოდა, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც კი. მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ახალ წელს გაზაფხულის ბუნიაობის დროს ხვდებოდნენ. ითვლებოდა, რომ ამ დროს, ცის ღმერთი მარდუკი იმარჯვებდა დრაკონ ტიამატზე, რომელიც მსოფლიო ქაოსის განსახიერებას წარმოადგენდა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მარდუკი ტიამატის სხეულს ორ ნაწილად ყოფნა, ქვედა ნაწილისგან იქმნებოდა დედამიწა, ზედა ნაწილისგან ცა, ხოლო დემონი კინგუს სისხლისგან - ადამიანი.

ძველ ეგვიპტელებში ახალი წელი ახალი სამყაროს შექმნის სიმბოლოს წარმოადგენდა. მას ნილოსის მიმოქცევის პერიოდში აღნიშნავდნენ, რომლის წყლებიც ყველაფერ ცუდს ჩამორეცხავდნენ, ხოლო მდინარის მიერ მოტანილი ლამი აყვავების და კარგი მოსავლის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ისრაელში, ახალ წელს ღმერთი იაჰვე ქაოსის ძალებთან ბრძოლაში იმარჯვებდა და მსოფლიოს მბრძანებელი ხდებოდა, რისი წყალობითაც სამყაროს განახლება ხდებოდა.

წინაქრისტიანულ პერიოდში, მრავალი ინდოევროპელი ხალხები ახალი წლის დადგომას ზამთრის ბუნიობის დროს აღნიშნავდნენ. მესამე საუკუნეში, ქრისტიანმა ისტორიკოსებმა ახალი წლის დაწყებად 1 მარტი მიიჩნიეს, ხოლო მეხუთე საუკუნიდან ამ სტილზე ევროპის მრავალი ქვეყანა გადავიდა. მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიაში, წელთაღრიცხვა 25 დეკემბრიდან დაიწყეს, ანუ, ქრისტეშობიდან.

საინტერესოა, რომ 1492 წელი "საბედისწეროდ", ქვეყნიერების აღსასრულად მიიჩნეოდა. მიზეზი ებრაელი და ქრისტიანი სწავლულები გახდნენ, რომლებიც თითქოსდა, ბიბლიაზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ სამყარო მხოლოდ 6 000-7 000 წლის განმავლობაში იარსებებდა. ქვეყნიერების აღსასრულის რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ რომაული და რუსული კალენდრები 1492 წლით შემოიფარგლნენ. თუმცა, როგორც ცნობილია, აღსასრული არ დადგა და მსოფლიომ ჩვეულ რითმში გააგრძელა არსებობა.

რაც შეეხება თოვლის ბაბუას, თოვლის ბაბუის წინაპრებად ზოგიერთ ქვეყანაში "ადგლობრივი" ჯუჯები მიიჩნეოდნენ. ყველაზე გავრცელებული ისტორიის მიხედვით, თოვლის ბაბუის პროტოტიპს სავსებით რეალური ადამიანი წარმოადგენდა, რომელიც მეოთხე საუკუნეში, თურქეთის ქალაქ მირაში ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი. ხმების თანახმად, იგი ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ერთხელ მან გაჭირვებული ოჯახის სამი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს, როდესაც მათ სახლში ფანჯრიდან ოქრო შეყარა. სიკვილის შემდეგ, ნიკოლოზი წმინდანად აკურთხეს. შუა საუკუნეებში, ნიკოლოზობას, ანუ 19 დეკემბერს ბავშვებისთვის საჩუქრების ჩუქების ტრადიცია დაწესდა. მოგვიანებით, ტრადიციამ ახალი წლის დღებისკენ გადმოინაცვლა. მოხუცს ყველგან სხვადასხვა სახელს ეძახიან: ესპანეთში - პაპა ნოელი, რუმინეთში - მოშ ჯარილე, ჰოლანდიაში - სინტე-კლასი, ინგლისსა და ამერიკაში - სანტა-კლაუსს, ხოლო ჩვენთან - თოვლის ბაბუას.

თოვლის ბაბუასთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულის უცვლელი ატრიბუტი ნაძვის ხეა, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ადამიანისა და ბუნების კავშირის, განახლების სიმბოლოს. დიდი ხნით ადრე, სანამ ადამიანები შობის აღნიშვნას დაიწყებდნენ, ძველი ეგვიპტის მოსახლეობას, დეკემბრის ყველაზე ხანმოკლე დღეს სახლში პალმის მწვანე რტოები შემოჰქონდათ, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. რომაელები მიწათმოქმედების ღმერთის პატივსაცემად, საახალწლო დღესასწაულის, სატურნალიის დროს, სახლებს მწვანე ფოთლებით რთავდნენ. ნაძვის ხის შესახებ პირველი წერილობითი "საბუთი" 16 საუკუნეში გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ქალაქ სტრასბურგის მოსახლეობა ნაძვის ხეებს ფერადი ქაღალდებით, ხილით და ტკბილეულით რთავდა. დროთა განმავლობაში ტრადიცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.