როგორ შეიცვალა საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა, იმპერიის დაშლის შემდეგ

როგორ შეიცვალა საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა, იმპერიის დაშლის შემდეგ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე 20 წელიწადზე მეტი გავიდა. იმპერიის ნგრევამ დასაბამი 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოს მისცა. The Guardian-მა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეიტინგები შეადგინა, რომლებიც მსოფლიოს ბანკზე, გაეროს მონაცემებსა და ბედნიერების ინდექსზე დაყრდნობით შედგა. გამოცემის რეიტინგში ნაჩვენებია, როგორ შეიცვალა მდგომარეობა 1991 წლის შემდეგ და რამდენად დემოკრატიულად ვითარდებიან ეს ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა იმპერიის ნგრევამ ყველაზე კარგი შედეგები ბალტიის ქვეყნებს მოუტანა. 1990 წლიდან მათი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, სამივე ქვეყანამ პოპულაციის დაახლოებით, 10% დაკარგა. საინტერესოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი დაბალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების სკალაზე.

რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. აზერბაიჯანის ეკონომიკა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც ცხადია ნავთობის ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, იგი ლიდერია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მაჩვენებლითაც. საბჭოთა კავშირში ყოფნისას საქართველო ერთგვარ სატრანსპორტო „ჩიხში“ იმყოფებოდა და მისი მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა. თუმცა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომხდარმა კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. 2008 წლის კონფლიქტმა მნიშვნელოვნად დაძაბა მდგომარეობა ჩრდილოელ მეზობელთანაც. რაც შეეხება სომხეთს, უმუშევრების რაოდენობით ქვეყანა, დანარჩენ 15 ქვეყანას შორის წამყვან ადგილს იკავებს. გარდა ამისა, კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველო გამოირჩევა დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნებით.

გარდა ამისა, საინტერესოა, როგორია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა, მსოფლიოს საერთო სურათის ფონზე. ადამიანის განვითარების ინდექსი (Human Development Index - (HDI)) - გავითარების ისეთ საზომებს აერთიანებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად. ზოგადად, "ჰუმანური განვითარება" - "გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის" (UNDP) მიხედვით, მოიცავს ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას.

ინდექსი, რომელსაც გაეროს კვლევითი პროგრამა ადამიანის პროგრესის განსაზღვრისათვის იყენებს, სამ ძირითად ელემენტს ეყრდნობა: ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მოზრდილი მოსახლეობის განათლების დონე და ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის მსყიდველობითუნარიანობა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების 2014 წლის ანგარიშში, მსოფლიოს 187 ქვეყნის მოქალაქეების ადამიანური განვითარების ინდექსია ნაჩვენები. მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში ნორვეგია, ავსტრალია და შვეიცარია აღმოჩნდნენ. რეიტინგის ლიდერ ქვეყანაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 81,3 წელს შეადგენს, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 98 860 დოლარს უდრის. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 4 900 000 ადამიანია. ღარიბი ადამიანები ამ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არიან, გარდა ამისა, ქვეყანაში ე.წ. "კლასობრივი დაყოფა" ძალიან მსუბუქად არის გამოვლენილი.

ლიდერებს შორის, განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლით არიან: ავსტრალია, შვეიცარია, ნიდერლანდები, აშშ, გერმანია, ახალი ზელანდია, ისლანდია, შვედეთი, კანადა, სინგაპური და დანია.

რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობას, რუსეთმა გაეროს მიერ შედგენილ რეიტინგში 57-ე ადგილი დაიკავა, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა: ომანი (56) და ბულგარეთი (58) და გავითარების მაღალი დონის ქვეყნებს შორის მოხვდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის ასევე არიან: ბელორუსი (53), ყაზახეთი (70), აზერბაიჯანი (76), საქართველო (79), უკრაინა (83) და სომხეთი (87). როგორც გაერთიანებული ქვეყნების ორგანიზაციის მიერ შედგენილ რეიტინგში გამოჩნდა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საშუალო განვითარების დონით გამოირჩევიან: თურქმენეთი (103), მოლდოვა (114), უზბეკეთი (116), ყირგიზეთი (125) და ტაჯიკეთი (133). ადამიანის განვითარების მაღალი ინდექსი დაფიქსირებულია ესტონეთში (33), ლიტვასა (35) და ლატვიაში (48).

მედეა სარიშვილი,

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს