ავტორი:

"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ

"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ

1938 წელს, მოსკოვის მახლობლად არსებულ წმინდა ეკატერინეს მონასტერში საიდუმლო ციხე, სახელწოდებით - "სუხანოვსკაია" იგივე "სუხანოვკა" გაიხსნა. ციხე ძირითადად საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელი მტრებისთვის" იყო განკუთვნილი, სადაც ადამიანებს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე, წლების განმავლობაში აწამებდნენ. 1938-1952 წლებში "სუხანოვკაში" 35 000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, რომელთა უმეტეს ნაწილს იგი არასოდეს დაუტოვებია. წლების განმავლობაში, საიდუმლო ციხეზე არსებული ინფორმაცია, გრიფით - "საიდუმლო" ინახებოდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივებში. ოფიციალურად, ციხე ცნობილი იყო, როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის "აგარაკი", ხოლო ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან ამ დაწესებულებაში, მას "საწამებელ აგარაკს" უწოდებდნენ.

ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე საიდუმლო ციხის გახსნის იდეა ნიკოლაი ეჟოვს ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ფაქტობრივი ორგანიზატორი ლავრენტი ბერია იყო. 1939 წლის 10 აპრილს ეჟოვი დააპატიმრეს და სწორედ "სუხანოვკაში" მოათავსეს, სადაც 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ 1940 წელს არ დახვრეტდნენ.

"სუხანოვკას" პატიმრებს შორის იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, იმდროინდელი ელიტის წარმომადგენლები და სამხედროები. მწერალი ისააკ ბაბელი და სერგეი ეფრონი - თეთრი არმიის ოფიცერი და პოეტ მარინა ცვეტაევას მეუღლე, რომელიც ე.წ. "ნკვდ"-მ საფრანგეთში დააკავა. გარდა ამისა, ციხეში გაატარეს უკანასკნელი დღეები სამეფო ოჯახის მკვლელებმა, ალექსანდრე ბელობოროდოვმა და ფილიპ გოლოშჩოკინმაც.

საიდუმლო ციხის ტერიტორიაზე ამჟამად მონასტერია, სადაც ოთხი ბერი და ხუთი მორჩილი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარ დღეებს ლოცვასა და მუშაობაში ატარებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლოცულობენ თუ არა ბერები აქ დაღუპული ადამიანების სულებისთვის, ბერმა განაცხადა, რომ: "მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის შეუძლიათ ლოცვა, ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტიანულ ეკლესიას მიეკუთვნებიან. იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ, ათეისტები იყვნენ და ბევრი ადამიანი, რომელიც აქ აწამეს, თვითონაც იყო ჯალათი. ისინი, რომელთაც არავინ მოუკლავთ, მაინც იყვნენ მკვლელების იდეოლოგიის მიმდევრები. ჩვენი სწავლება გვიკრძალავს ათეისტებისთვის, განდგომილებისა და კომუნისტებისთვის ლოცვას. ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებელი მეფე ნიკოლოზ მეორესთვის, რომელიც ამ ქრისტეს მოღალატეებმა მოკლეს! რუსი ხალხის ყველა ცოდვა ამ მკვლელობით დაიწყო... არ ვიცი, როდის მოგვიტევებს ამას უფალი", - განაცხადა ერთ-ერთმა ბერმა.

მომზადებულია opendemocracy.net -ის მიხედვით.