"ამან მხოლოდ მსხვერპლი და ტანჯვა მოიტანა" - რუსეთში მოღვაწე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი უკრაინაში პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე

 "ამან მხოლოდ მსხვერპლი და ტანჯვა მოიტანა" - რუსეთში მოღვაწე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი უკრაინაში პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე

გთავაზობთ რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მსახიობის, ოლეგ ბასილაშვილის ინტერვიუს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ის ომი, რომლის მომსწრეც თქვენ იყავით, დიდი ხნის წინ დასრულდა, ხოლო ახალი ახლა იწყება. რას ფიქრობთ ამაზე?

- ის ადამიანები საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, იცავდნენ სამშობლოს ფაშისტებისგან, იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, სახლებს, საყვარელ ტყეებსა და მინდვრებს. ტყუილად არ იყო ჩვენი ლოზუნგი:"სიმართლე ჩვენ მხარესაა, მტერი განადგურებული იქნება, გამარჯვება ჩვენ შეგვხვდება წილად". რაც შეეხება ამჟამინდელ ომს უკრაინაში, სიმართლე რომ ვთქვა, კარგად არ მესმის რა ხდება იქ და რატომ. ვინ ვის იცავს? მგონია, რომ ჩვენ ამის შესახებ სიმართლეს არ გვეუბნებიან, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ სწორად არ ვიქცევით.

- თქვენი აზრით, ამბოხებულები მართალი საქმისთვის არ იბრძვიან?

- მე ვერ ვიგებ, რისთვის იბრძვიან ისინი. საშინელება ის არის, რომ პირველ რიგში, უდანაშაულო ადამიანები კვდებიან. ისინი რაში არიან დამნაშავენი? იმ გარეწრებს, რომლებმაც საომარი მოქმედებების პროვოცირება მოახდინეს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ადრე თუ გვიან ხალხი განსჯის.

- ვის გულისხმობთ?

- არ ვიცი, ვიღაც ხომ არის დაინტერესებული! ვიღაცას ხომ უნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება კვდებოდეს, ხოლო უკრაინის სამხრეთ- აღმოსავლეთი მოუშუშებელი იარა იყოს. ვის უნდა სხვისი სისხლი? და რაც მთავარია, გაუგებარია - რისთვის. მე არ მესმის, რისი მიღწევა სურთ ე.წ. ამბოხებულებს. უკრაინისგან გამოყოფა? არა. რუსეთთან ყოფნა? არა - ისინი ამ მოთხოვნას არ აყენებენ. კონსტიტუციაში ცვილებები სურთ? კიევში უკვე ამაზეც თანახმა არიან. რაღატო გრძელდება წინააღმდეგობა?! იქნებ გვეყოს ხალხო? რისთვის იბრძვით? რამის გაგება შეუძლებელია. რატომ მიდიან იქ ვიღაც მოხალისეები რუსეთიდან? ხომ არსებობს საზღვარი!.. და ვინ არიან ეს ადამიანები? და მათი შეიარაღება?

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები უნდა დანებდნენ?

- უნდა შეწყდეს ეს ხოცვა. ამბოხებულების ადგილზე რომ ვიყო, ავიდოდი შემაღლებულ ადგილზე, ავიღებდი ხელში იარაღს, დავდებდი მიწაზე და ვიყვირებდი: "ძმებო კმარა! ჩვენ ვწყვეტთ სროლას და თქვენც შეწყვიტეთ. მოდით, დავსხდეთ და ვისაუბროთ.... სასხლეტზე ხელის დაჭერა ადამიანის მოსაკლავად და ამისგან სექსუალური სიამოვნების მიღება, გმირობა არ არის, ეს დანაშაულია. მე თვითონ ვიყავი ლტოლვილი და მახსოვს, როგორ მოვრბოდით მოსკოვიდან 1941 წელს. მახსოვს, რა საშინელებაა ეს. ახლა რაღა საჭიროა ადამიანების ასე წამება? იმ დროს ხალხი ფაშიზმის წინააღმდეგ მაინც იბრძოდა. ახლა რის წინააღმდეგ იბრძვიან? და ვინ ეხმარება მათ?

- მაგრამ თუკი ამბოხებულები იარაღს დაყრიან, მათ მოკლავენ. ხოლო, მშვიდობიან მოსახლეობას ისევე დაწვავენ, როგორც ოდესაში.

- ერთი წუთით! ე.ი. თქვენი აზრით, კიევის ხელისუფლების მიზნებში უკრაინის სამხრეთ- აღმოსავლეთის დაწვა შედის?

- რატომაც არა? ახლა უკრაინელი მეომრები ქალაქებს ბომბავენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ.

- ისინი ბომბავენ არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ, ვინც მათ ებრძვის, დონეცკისა და ლუგანსკის ჯარებს. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა უბრალოდ ცეცხლის ქვეშ ხვდება... ეს ყველაფერი ძალიან უსიამოვნო აზრებს აღმიძრავს. რისთვის გვჭირდება ეს? ყირიმის შემოერთებით, ძმისა და მეგობრის ნაცვლად, ჩვენს გვერდით მტერი გავიჩინეთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ უყვართ ევროპაში რუსები, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს?

- ჩვენი ჯარისკაცებისთვის ომი ყველაზე წმინდა საქმე იყო. და დიდება ყველას, ვინც იქ ომობდა. ფაშიზმისგან გათავისუფლებულ ქვეყნებში - ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, იუგოსლავიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში ჩვენი არმია ცდილობდა, ახალი სოციალისტური წესრიგის დამყარებას. ამ ქვეყნებმა თავის საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულად ჩათვალეს. ჩვენ იქ საკუთარი წესების დამყარება მოგვინდა, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ვიჭერდით... იმიტომაც არ ვუყვარვართ, ჩვენ მეორე ოკუპანტები ვიყავით. იმ ქვეყნებისთვის იმის მიცემა გვინდოდა, რაზეც ჩვენ თვითონ ვოცნებობდით. მაგრამ ამან მხოლოდ მსხვერპლი და ტანჯვა მოიტანა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამაშია საქმე. ოკუპანტები არსად არ უყვართ, როგორი კარგი მიზნებითაც არ უნდა იკავებდნენ ისინი სხვის მიწებს.

- თუკი იმ რუსების მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ უკრაინის დატოვებას, გენოციდი მოხდება, ან ეთნიკური წმენდა? როგორც იუგოსლავიელი სერბების შემთხვევაში. მაშინ რა უნდა ვქნათ?

- მე ამის არ მჯერა. უკრაინაში არ შეიძლება გენოციდი მოხდეს...

- და თუკი წარმოვიდგენთ, რომ ეს მოხდება? უნდა ჩაერიოს თუ არა რუსეთი?

- რა თქმა უნდა, თუკი იქ დაიწყება რუსების, ებრაელების, თათრების, გერმანელების ან ნებისმიერი ხალხების განადგურება. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩავერიოთ, მაგრამ როგორ? მხოლოდ გაეროს დახმარებით. მაგრამ რატომღაც გაეროს ამ წინადადებით არავინ მიმართავს. რატომ? ვიღაც დაინტერესებულია, რომ ეს ცეცხლი მუდამ გაღვივებული იყოს. მაგრამ ეს ცეცხლი, თუკი მას არ შევაჩერებთ, შესაძლოა, დიდ ხანძრად იქცეს.

მომზადებულია inforesist.org- ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება