ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა

ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა

სოფო ცისკარიშვილი 23 წლის მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიის მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი გახდა. უფრო გასაგები რომ იყოს, ის ერთადერთი მაშველი გოგონაა, რომელიც 112-ის სამსახურს შეემატა. საოცარი ალღო გამოავლინა და მის მაგალითზე ახლა ფიქრობენ, რომ ამ სამსახურში რაც შეიძლება მეტი ასეთი ენერგიული, საქმიანი და აქტიური გოგონები მოიყვანონ. კარგია, რომ ახალგაზრდა ადამიანი დასაქმდა და როგორც ამბობს, აკეთებს მისთვის საყვარელ საქმეს, რითიც ბედნიერია.

- ჩვენი საქმე ცხოველების გადარჩენაა, ანუ ვარ მაშველი-დამჭერი. თუ რაიმე უჭირთ ცხოველებს, 112-ში რეკავენ და მივდივართ. ვსწავლობთ სიტუაციას და ვახდენთ რეაგირებას.

- ნებისმიერი ცხოველის დახმარება შედის თქვენს ფუნქციაში?

- უმეტესწილად ძაღლებთან და კატებთან გვაქვს ურთიერთობა. ამათთან გვიწევს მუშაობა, ჩვენი სამსახური ნებისმიერ ცხოველთან მუშაობას ითვალისწინებს. ამას წინათ მელია მოიყვანეს, სადღაც ჩავარდნილა და იქიდან ჩვენმა ბიჭებმა ამოიყვანეს.

- გველებთანაც მუშაობთ?

- კი, ასეთი სერვისიც გვაქვს, მაგრამ ახლა მათი სეზონი არ არის, ზაფხულში აქტიურდებიან და რიგ უბნებში მათი დაჭერა მაშინ ხდება.  ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცხოველები. ჩემი ოჯახი ადრე კრასნოდარში ცხოვრობდა და ერთხელ მამამ დოგის ლეკვი მომიყვანა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიამის კატაც მყავდა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მერე ძაღლის საკვების მოპოვება ცოტა რთული გახდა და დედამ ძაღლი გააჩუქა. გული დამწყდა, მაგრამ ბებიასთან სოფელში რომ ჩავდიოდი, მთელი მაწანწალა ძაღლები, კატები სახლში მომყავდა, ოჯახის წევრებს პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს შეეგუენ.

- რა განათლება გაქვს?

- საბანკო-საფინანსო განათლება მაქვს მიღებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. "პრივატ ბანკშიც," მაგრამ ჩემი საქმე არ არის დახურულ სივრცეში საქმიანობა და ერთი და იგივეს კეთება. დღეს ჩემთვის გაცილებით საინტერესო და საისამოვოა ის არის, რასაც ვაკეთებ.

- ე.ი. იპოვე შენი თავი?

- კი, ასეა.

- ღამის გატეხვა არ გიჭირს, ვინაიდან მორიგეობა გიწევს?

- ხომ ვამბობ, ეს საქმე ძალიან მომწონს. ღამესაც გააჩნია, თუ არის გამოძახებები, სულ ვმუშაობთ, ღამე ზარები მართლაც ხშირია.

- ამ სამსახურში ერთდერთი გოგონა-მაშველი ხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- კი, ერთი გოგო ვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში, ის სტერეოტიპი დავამსხვრიე, რომ ქალს არ შეუძლია მძიმე საქმე აკეთოს. რთული სამსახურია, მაგრამ მე არ მიჭირს. თან, ის მიხარია, რომ იმ ადამიანების იმედები გავამართლე, ვინც მენდო. იმ დონეზე მოსწონთ ჩემი აქტიურობა და საქმიანობა, რომ სამსახურში სხვა გოგოების მოიყვანასაც აპირებენ.

- ძაღლებს რომ იჭერთ, მერე რას უშვებით? გვიამბე ამის შესახებ.

- ცხოველებს ამა თუ იმ ადგილიდან ამოყვანა სჭირდება და ამის გარეშეც გვიწევს მათი ამოყვანა. ერთი შემთხვევა გამახსენდა: დაგვირეკეს: კატა მე-15 სართულის მიშენებაში გადამძვრალა და 4 დღეა იქ არის, დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებს, ჩვენც ვერ ვეხმარებით, განუწყვეტლივ კნავის და იქნებ მოხვიდეთ და დაეხმაროთო. ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვწია იმ ფისოს ამოყვანა, თან, დიდი რისკი იყო. სიცოცხლის ფასადაც კი დაჯდა, როგორც ჩვენი, ისე -კატის. მოკლედ, ამოვიყვანეთ და გავუშვით... სახიფათო იყო და სწორედ ამაშია ჩვენი სამსახურის მთავარი პლუსი, რის ფასად გვიჯდება ამ ყველაფრის გაკეთება.

თუ ცხოველი თავშესაფარში მოგვყავს და ამას ინიციატორი ჰყავს, ანუ დარეკეს და გვითხრეს, რომ დადის უბანში, აწუხებს მობინადრეებს, ვიღაც დაკბინა, აგრესიულია, ან ავადმყოფია, რომელიც გარშემომყოფებს საშიშროებას უქმნის, რა თქმა უნდა, თავშესაფარში მოგვყავს, ანალიზებს ვუკეთებთ, ვიტარებთ ყველანაირ გამოკვლევას. თუ საშიში არ არის, იმ ცხოველებს ვუკეთებთ კასტრაციას, სტერილიზაციას და ვუშვებთ. ისინი აცრილები არიან ცოფსა და ლეიშმანიოზზე და არავითარ საშიშრობას აღარ წარმოადგენენ.

- რამდენ ხანში უშვებთ?

- 10 დღის განმავლობაში ხდება კვლევა, დაკვირვება. მერე ისეთ ადგილზე ვუშვებთ, სადაც არავის შეუშლიან ხელს. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ, მოითხოვენ მათ თავშესაფარში გადაყვანას... რომ მივალთ, თუ ძაღლი ჩვენთან ახლოს მოდის, კონტაქტში შემოდის და გარეგნულადაც ეტყობათ, რომ ავადმყოფები არ არიან, არავის საფრთხეს არ უქმნიან და მისი იქიდან გარიდება ვიღაცის ახირებაა, არავითარ შემთხვევაში არ მოგვყავს. ამ დროს ხშირად დაპირისპირებაც კი ხდება ხოლმე მათი იმ ადამიანებთან, ვინც იმ ძაღლებს მზრუნველობს. თუ ის ვიღაც არ გვემორჩილება და ამბობს, რომ ძაღლი იქაურობას უნდა მოცილდეს იმიტომ, რომ არის აგრესიული, მაშინ მასვე ევალება ამ ფაქტის ფოტო ან ვიდეომასალა წარმოადგინოს.

- როგორ მოხვდი საერთოდ ამ სამსახურში?

- შარშან ზაფხულს სივი გავგზავნე. მერის ვაკანსიები იყო, მაგრამ არ მეგონა, თუ ვინმე გამომეხმაურებოდა. ისე მოხდა, რომ იანვარში გასაუბრებაზე დამიბარეს. მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი. თავიდან, 2 კვირით, გამოსაცდელი ვადით ამიყვანეს და გავამართლე.

- რა გასაკუთრებული უნარ-ჩვევებია საჭირო ამ სამსახურში მომუშავე ადამიანისთვის. მომზადება, წვრთნა არ დაგჭირდა?

- კარგ ბიჭებთან ვიყავი მიმაგრებული, რომლებმაც ჩვენი საქმის დეტალები კარგად ამიხსნეს, ზუსტად მოიტანეს ჩემამდე. ჩვენი მოვალეობაა ადამიანებს ინფორმაცია ზუსტად მივაწოდოთ, უნდა ვთქვა, რომ კომუნიკაცია არ გვიჭირს. თან, ცხოველების არ მეშინია და მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მათ რომ ვხედავ, მართლა მიხარია.  მინდა, იმ ბიჭებზეც ვთქვა, ვისთანაც მიწევს მუშაობა. ჩემზე უფროსები არიან. ყველა დაოჯახებულია და როგორც საკუთარ დას, ისე მიყურებენ. განსაკუთრებული მადლობა ოთარ ნაყოფიასა და გიორგი გოგაშვილს, ისინი ჩემს ბრიგადაში არიან. მათ გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნებაა. საქმეში მთელ სულსა და გულს დებენ. გულისყურით ეკიდებიან მათთვის მნიშვნელოვან საქმეს. ის არ არის, რომ დასაქმებულები არიან და უბრალოდ პროფესია აქვთ. თავის საქმე უყვართ.

იხილეთ| სოფო ცისკარიშვილის ყველაზე ეფექტური ფოტოები

- როგორც გავიგე, წარსულში სამოდელო გამოცდილებაც გაქვს.

- კი, მაქვს. ვიყავი "რუსთსვი 2"-ის პროექტში - "ტოპგოგო". ტელევიზიით 2 წლის წინ გადიოდა. ასევე კონტრაქტი მაქვს ია კიწმარიშვილის სააგენტოსთან, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული საქმიანობა მაინც ის არის, რასაც დღეს ვაკეთებ. მოდელობა კი მიმაჩნია, რომ დროის გაყვანაა. თან, ჯერ საქართველოში იმ დონეზე არ არის განვითარებული სამოდელო სფერო. ისე, ეს დარგი ისეთი გოგოებისთვისაა, ვისაც მხოლოდ გარეგნობით ყურადღების მიქცევა აინტერესებთ. მე საკუთარი თავის მეტი და უფრო სხვა კუთხით რეალიზება მინდა. თან ისე, რომ სიამოვნება მომანიჭოს და ამასთან, სხვებსაც დავეხმარო, მათზეც ვიზრუნო.

- პროექტმა "ტოპგოგომ" რა მოგიტანა?

- მასში როგორც ქართველები, ისე 5 უცხო ქვეყნის გოგონაც მონაწილეობდა. დახურულ სივრცეში ვიყავით, ახლობლებთან კონტაქტის საშუალება არ გვქონდა. იქ ქასტინგით მოვხვდი. ქართველი გოგონებიდან ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი არ არის. მაგ სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო, უნდა შეგეძლოს სხვას გადაახტე. შენი თავი ყველანაირად წარმოაჩინო. მე სხვა ღირებულებები მაქვს.

- რადგანაც "იმიჯ ცენტრთან" კონტრაქტი გაქვს, კონკურსში "მის საქართველო" არასდროს მიგიღია მონაწილეობა?

- არა და არც ვფიქრობ, რომ უნდა მივიღო, რატომღაც მიმაჩნია, რომ აზრი არ აქვს და მასში მონაწილეობით იმედი უნდა გამიცრუვდეს.

- რას გვეტყვი შენს პარამეტრებზე?

- 87X77X88; სიმაღლე -181 სანტიმეტრი.

- შეყვარებული არ გყავს?

- არის ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ჯერ მაგ ზომამდე არ ვართ მისულები, რომ თავი შეყვარებულებად გამოვაცხადოთ...

- შენი ახალი სამსახურის შესახებ რომ გაიგო, რა გითხრა?

-გ აუხარდა და არ გაუკვირდა, რადგანაც მიცნობს და იცის, რა გატაცებები მაქვს. ამიტომ მიესალმა ჩემს გადადგმულ ნაბიჯს. არ აქვს ისეთ ურთიერთობას აზრი, როცა შენთვის ძვირფას ადამიანს შენი არ ესმის. ის კი არა, სახლშიც მომიწონეს არჩევანი. შენი საქმე მოგინახავსო.

- თუ ასე იყო, საბანკო საქმე რატომ ისწავლე?

- ვისწავლე, რაღაც ხომ უნდა მესწავლა, თუმცა ახლა კიდევ ვფიქრობ, რომ სწავლა გავნაგრძო. სამხატვრო აკადემიაში მინდა, თან ვმღერი კიდეც და ვნახოთ.

- კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- ცხენზე ჯირითი, კითხვა, ფეხით სეირნობა, ლაშქრობებში სიარული, მთა მიყვარს, წარმოშობით თუში ვარ. მყავს უფროსი და-ძმა. ოთხნი ვართ. მე ნაბოლარა ვარ და ცოტა გამათამამეს...

ასევე დაგაინტერესებთ| შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს