ქურდბაცაცა მილიარდერი ზაირიდან, რომელიც "ფორბსმა" არა და არ აღიარა

ქურდბაცაცა მილიარდერი ზაირიდან, რომელიც "ფორბსმა" არა და არ აღიარა

მისი სახელი ჟურნალ "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში არასდროს შეუტანიათ.

თუმცაღა, სხვადასხვა გამოთვლებით, 4-დან 9 მილიარდამდე დოლარის პირადი ქონების პატრონი იყო, რის წყალობითაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანის ტიტულის ტარების თუ არა, უმდიდრესი ადამიანების პირველ ასეულში ყოფნის უფლება მაინც უნდა ჰქონოდა. მაგრამ არ კი არგუნეს, რადგან თავისი მილიარდები არც შთამომავლობით მიუღია და არც წარმატებული ბიზნესოპერაციების განხორცილებით უშოვია, უბრალოდ მოიპარა. თუმცა, სანამ ესოდენ მასშტაბურ ქურდბაცაცობაზე მოგიყვებით, ერთი სახალისო ამბავი უნდა გავიხსენოთ.

ერთხელ დაბა კაპ მარტის (საფრანგეთის რივიერა) პატარა მაღაზიაში შავკანიანი ბიჭუნა შევიდა, გამყიდველს საღეჭი რეზინის შეკვრა სთხოვა და ხუთასფრანკიანი გაუწოდა. "უკაცრავად, ყმაწვილო, მაგრამ ცოტა უფრო წვრილი ფული ხომ არ გექნებათ?" - ჰკითხა მას გამყიდველმა. "როგორ? - ალალად გაუკვირდა ბიჭუნას. - ამაზე უფრო წვრილი ფულიც არსებობს?"

არსებობს რომელიაო, იტყვის ალბათ, გაგულისებული მავანი, მაგრამ იმ ბიჭუნასთვის, მთელი მისი მრავალრიცხოვანი სანათესავოსა და, განსაკუთრებით, ბაბუამისისთვის 500 ფრანკი ფული მართლაც არასდროს ყოფილა. ბაბუას მობუტუ სესე სეკო ერქვა და ის მთელი 32 წელი ზაირის რესპუბლიკას ანუ იმ ქვეყანას პრეზიდენტობდა, რომლის ყველაზე მსხვილი ქაღალდის კუპიურა - 100.000 ზაირი სულ რაღაც 60 ამერიკული ცენტის ეკვივალენტი იყო.

უზარმაზარი ფული ამ ადამიანს 1960-იანი წლების ბოლოს ჩაუვარდა ხელში და მას შემდეგ მხოლოდ მის კიდევ უფრო გამრავლებასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე თუ ზრუნავდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1930 წლის 14 ოქტომბერს ლისალაში (ბელგიის კონგო) დაიბადა ეთნიკურად ნგბანდი (კონგოს მოსახლეობის ერთ-ერთი ეთნოსი) ჯოზეფ დეზირე მობუტუ, რომელიც მალე ბელგიელმა მისიონერმა იშვილა და კათოლიკური განათლებაც მიაღებინა. სწავლის დამთავრების შემდეგ მობუტუ ჯერ ბელგიის კოლონიურ ჯარში მსახურობდა, მერე კი ლეოპოლდვილის ყოველდღიურ გაზეთში ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. დაახლოებით ამავე დროს გაიცნო კონგოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი პატრის ლუმუმბა და თავადაც ამ მოძრაობის წევრი გახდა.

1960 წელს კონგომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყნის მთავრობის მეთაური პატრის ლუმუმბა გახდა და მაშინვე ქვეყანაში სოციალიზმის აშენების თაობაზეც გამოაცხადა. მაგრამ სანამ საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი ლუმუმბა ამ მიზნის მისაღწევად კრემლისგან მსხვილ ფინანსურ დახმარებას ელოდა, კონგოში ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურამ და სოციალიზმის სხვა დაუძინებელმა მტრებმა სამხედრო გადატრიალების გზით მარტო მისი დამხობა-დაპატიმრება კი არა, მოკვლაც მოახერხეს. თანაც, ამ საქმეში, პირველ რიგში, სწორედ ლუმუმბას მიერ დაწინაურებულმა, კონგოლეზიის არმიის გენშტაბის მეთაურმა, 29 წლის პოლკოვნიკმა მობუტუმ გამოიდო თავი და ამით კონგოში ესოდენ რიხიანად დაწყებული სოციალიზმის მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში სამუდამოდ დაასრულა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს