რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?

რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?

კითხვა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელი 100-მდე ნიშანი დაადგინეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ანატომიური სხვაობანი

მამაკაცის ტვინი ქალისაზე 200-350 გრამით მძიმეა, თუმცა ამას ინტელექტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის საბუთად ისიც კმარა, რომ ყველაზე მძიმე ტვინი გორილას აქვს.

ჩასახვისას ნებისმიერი ორგანიზმი მდედრობითი სქესისაა, მხოლოდ მუცლად ყოფნის მეექვსე კვირას იძენს იგი გენების გავლენით მამაკაცურ ნიშნებს.

ქალის სახსრები გაცილებით მოძრავი და მოქნილია, განსაკუთრებით - ჰორმონული სიმწიფის ასაკსა და ორსულობის პერიოდში. ეს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, დამსახურებაა, რომლებიც მყესებს ძლიერ ელასტიკურობას სძენს.

საშუალოსტატისტიკური მამაკაცი საშუალოსტატისტიკურ ქალზე 10%-ით მაღალი და ამდენივეთი მძიმეა.

მამაკაცის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა 20%-ით აღემატება ქალისას, ხოლო გულის მუშაობის ინტენსივობა - 15%-ით.

გოგონები გაცილებით სწრაფად იზრდებიან. მათი ზრდა ნელდება მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ. ვაჟები ზრდას 18-20 წლამდე აგრძელებენ.

ქალები მეტხანს ცოცხლობენ, თუმცა მათი კანი გაცილებით სწრაფად ბერდება, რადგან მისი ზედა ფენა, ეპიდერმისი, გაცილებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა გარეგანი ფაქტორების მიმართ.

ალკოჰოლისადმი ქალის წინააღმდეგობის უნარი გაცილებით სუსტია, რადგან ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტები მის ორგანიზმში მამაკაცისაზე 2-ჯერ სუსტი და ნაკლებაქტიურია.

მამაკაცებს თავის ტვინის ნახევარსფეროები მეტად დიფერენცირებული აქვთ, რაც მათ აშკარა უპირატესობას აძლევს. ისინი უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტირებას, ადვილად კითხულობენ სქემებს, რუკებს, გეგმებს და ა.შ. სამაგიეროდ ქალებს გაცილებით მჭიდრო კავშირი აქვთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, რაც მათ უცხო ენების შესწავლას მამაკაცებზე მეტად უადვილებს.

თმის ცვენა და გამელოტება ერთმნიშვნელოვნად მამაკაცების პრობლემაა, რაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველაზე მძლავრი მამაკაცური ჰორმონი - ტესტოსტერონი. ქალებს თმის ცვენის შემდეგ, ჩვეულებრივ, ახალი თმა ამოსდით.

ქალები გაცილებით უკეთ ხედავენ მარჯვენა თვალით და უკეთ ესმით მარჯვენა ყურით, მამაკაცები - პირიქით.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი მამაკაცის სხეულის 11%-ს შეადგენს. ქალებთან ის გაცილებით დიდია - 23%-ს უტოლდება. მამაკაცის სხეულის ზედაპირის 1 კვ. მ-ზე გაცილებით მეტი კალორია იწვება, ვიდრე იმავე ასაკის ქალის კანზე.

გოგონები გაცილებით ადრე ითვისებენ მოძრაობებს. ისინი ფეხს 11-12 თვის ასაკში იდგამენ, ბიჭები კი - 12-14 თვის ასაკში.

ქალებს გაცილებით მეტად ემუქრებათ კარიესი.

ქალების წინააღმდეგობის უნარი ზოგიერთი დაავადების მიმართ გაცილებით სუსტია.

ბიოლოგიურად გოგონები ვა­ჟებზე 3 წლით ადრე მწიფდებ­იან.

ახალშობილი ვაჟები წონითა და სიმაღლით აჭარბებენ გოგონებს.

ოსტეოპოროზით დაავადებულთა 90% ქალია, რაც ესტროგენების დამსახურებაა.

ასევე ქალების ხვედრია შაკიკი.

ტესტოსტერონის გავლენით მამაკაცები გაცილებით აგრესიულნი არიან.

ფიზიკურად სუსტი ქალების სპორტული მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ნაკლებშთამბეჭდავია; სამაგიეროდ, ისინი გაცილებით უკეთ აბარებენ გამოცდას ამტანობაზე, მაგალითად, გრძელ დისტანციებზე სირბილსა და ცურვაში.

ქალის ორგანიზმს ნაკლებად აზიანებს ათეროსკლეროზი, რად­გან ესტროგენები ამუხრუჭებენ სისხლძარღვების შევიწროებას და აადვილებენ ღვიძლიდან ქოლ­ესტერინის გამოდევნას, ასე რომ, იოლი მისახვედრია, რატომ ემართებათ ამგვარი დაცვის გარეშე დარჩენილ მამაკაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტი.

ქალებს გაცილებით ხშირად ემართებათ რევმატიზმი.

ქალები მშვიდად რეაგირებენ სტრესზე. ამ დროს მათ სხეულში გაცილებით ნაკლები ადრენალინი გამოიყოფა და ამიტომ არც წნევა იმატებს ისე მკვეთრად. ეს ისტორიულად განპირობებული თავისებურებაა - უხსოვარ დროში ხომ ყველაფერი მამაკაცის სწრაფ რეაქციაზე იყო დამოკიდებული. დღეს ის მამონტებზე აღარ ნადირობს და საკვებსაც უმთავრესად საკუთარი ინტელექტის წყალობით მოიპოვებს, თუმცა სტრესის დროს რეფლექსი არაცნობიერში იმპულსურად მაინც ირთვება.

მამაკაცებში გაცილებით ხშირია კუჭისა და თორმეტგოჯა ჯირკვლის წყლულოვანი დაავადების შემთხვევებიც, რაც იმავე ისტორიული რეფლექსის დამსახურებაა.

ფსიქოემოციური განსხვავებანი

გოგონები ვაჟებზე ადრე იდგამენ ენას.

ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული ყნოსვა, განსაკუთრებით - მენსტრუალური ციკლის დასასრულს. ამ პერიოდში ქალის ყნოსვა 20%-ით აღემატება მამაკაცისას, რაც ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, აქტივობითაა განპირობებილი.

ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ დახვეწილი პარფიუმერიული ნაწარმის 80% მამაკაცების შექმნილია.

ქალები 2-ჯერ ხშირად იტანჯებიან დეპრესიით. ესეც ესტროგენების დამსახურებაა, რომლებიც განწყობაზე პასუხისმგებელი ჰორმონის, სეროტონინის, გამომუშავებაზე ახდენენ გავლენას.

მამაკაცები, როდესაც მათ საუბარს აწყვეტინებენ, ისე მწვავედ არ რეაგირებენ ამაზე, როგორც მათი მეორე ნახევრები.

ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული მუსიკალური სმენა, აქ მათი უპირატესობა 6:1-ზეა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს