''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის

''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის

2006 წლიდან ტენორი გიორგი ონიანი გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბონის საოპერო თეატრის სოლისტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უწევს სიმღერა და ძალიან ხშირად გასტროლზე იმყოფება. სამშობლოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და ზაფხულის გარდა, წელიწადის სხვა დროსაც უწევს თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა. გერმანიაში მყოფი ტენორი ინტერნეტით ჩავწერეთ.

გიორგი ონიანი:

- სვანეთში, ლენტეხის რაიონ სოფელ ხოფურში დავიბადე და ბავშვობის წლები იქ გავატარე. სვანეთში ბევრი მღერის, მეც სკოლასთან არსებულ ანსამბლში ვმღეროდი. საერთოდ, ჩემს კლასში ყველა მღეროდა და ამას განსაკუთრებულ მოვლენად არ მივიჩნევდი, მეგონა, ადამიანი მომღერალი არსება იყო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, ასე რომ არ იყო, როცა მეშვიდე კლასიდან ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანეს და ორმოცი ბავშვიდან მხოლოდ შვიდი ვმღეროდით (იღიმის). დედაჩემი საოცარი მელომანი იყო. თბილისში 60-იან წლებში რომ სწავლობდა, მთელ თავის სტუდენტობის დროინდელ სტიპენდიას ოპერის ბილეთებში ხარჯავდა. შემდეგ კი, რაც იმ დროს ფირფიტებზე გამოსული ოპერის ჩანაწერი არსებობდა, ყველა შინ ჰქონდა და შესაბამისად, ოჯახში ხშირად ისმოდა ოპერა.

- იყო თუ არა გამორჩეული ოპერა ან არია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონდათ ბავშვობის წლებში?

- არა (იღიმის). ერთია, რას მასმენინებდა დედა და სხვა საკითხია, თავად ამას როგორ ვიღებდი. სიმართლეს გეტყვით, ოპერა საერთოდ არ მომწონდა (იღიმის).

- აბა, კონსერვატორიისკენ როდის აიღეთ გეზი?

- კონსერვატორიაში სწავლას არ ვგეგმავდი და ამაზე არც მიოცნებია. უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფერი ჩამკვდარი იყო, სტუდენტები ''კავეენით'' ვირთობდით თავს. ჯერ ფაკულტეტის, შემდეგ უნივერსიტეტის ნაკრების წევრი ვიყავი. ''კავეენის'' ერთ-ერთ თამაშზე ჟიურის წევრებს შორის გია ნაცვლიშვილი იყო. ჩემს ნომერს ''გაფუჭებული რადიო'' ერქვა, სადაც რამდენიმე ადამიანის სიმღერის იმიტაციას ვაკეთებდი. მან მირჩია, კონსერვატორიაში მესწავლა და იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

მუსიკალური განათლების მისაღებად პარალელურად კონსერვატორიის მოსამზადებელ ჯგუფში დავიწყე სწავლა და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმავე წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში. საერთოდ, არ მიყვარს საქმის ნახევრად კეთება, რაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართველს ახასიათებს. მნიშვნელოვანი იქნება თუ უმნიშვნელო, ხელს რომ ვკიდებ, სერიოზულად ვეკიდები და ბოლომდე ვიხარჯები. როცა კონსერვატორიაში ჩავაბარე, მიზნად დავისახე, კარგი მომღერალი გავმხდარიყავი. თან, ერთი პროფესია უკვე ''ჯიბეში მედო'' და მეორე საქმეზე მთლიანად გადავერთე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს