ათეისტის მოქცევა, ანუ საწოლს მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი

ათეისტის მოქცევა, ანუ საწოლს მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი

კრებულში - "მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში," რომელიც რამდენიმე ნაწილად არის გამოცემული, უმრავი გასაოცარი ამბავია მოთხრობილი.

ამჯერად წმინდა მამა სერგი რადონეჟელის მიერ აღსრულებულ სასწაულზე უნდა მოგითხროთ...

ერთხელ წმიდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილებთან, სამების ლავრაში, ერთ შუა ხნის კაციც მისულა, რომელიც თავჩაქინდრული იდგა და ტიროდა. შემდეგ ტაძარში მყოფ ბერთან მივიდა და სთხოვა, - ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზთან მსურს შეხვედრაო.

მამაკაცს ევგენი ერქვა, სამხედრო პირი იყო. იმ ლავრაში კი პირველად ორი წლის წინ მოხვდა. ტაძარში წინამძღვარმა წმიდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო, განსაკუთრებით კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე,, რომლებიც ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან აღესრულებოდა. ევგენი და იმ წუში მისი თანმხლებნი ათეისტები იყვნენ და წინამძღვრის მონათხრობი არ დაიჯერეს... როდესაც ლავრას ტოვებდნენ, ევგენი მოულოდნელად უკან გაბრუნდა, წმინდანის ლუსკუმას მიუახლოვდა, სადაც ღირსი მამის სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილები ესვენა და მიმართა: "წმიდაო სერგი, თუკი მართლაც არსებობ, თუ გესმის ჩემი, ისე მოაწყვე, რომ ორიოდ წელი დავსნეულდე! ამბობენ, რომ აქ ადამიანები სასწაულებრივად განიკურნებიან. მინდა, ავად გავხდე, ლოგინად ჩავვარდე!"

ის ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო. სამსახურში დაბრუნებულ ევგენის დაავიწყდა ეს ამბავი... ცოტა ხანში გაცივდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფეხზე იტანდა ავადმყოფობას - სურდოს გარდა არანაირი სნეულება არასდროს მიჰკარებია, მაგრამ ახლა კი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა... ერთი კვირის შემდეგ სამსახურში იატაკზე დაგდებული და გონწასული ნახეს.

რამდენი დღე იყო ასე, არ ახსოვს... საკვირველი ის იყო, რომ იმ პერიოდში ევგენი ისეთ სასოწარკვეთას არ გრძნობდა, როგორითაც მისი ცოლი იყო შეპყრობილი. მეუღლეს ანუგეშებდა, თან, ფიქრობდა: "უნდა ვიბრძოლო... შეუძლებელია ეს დასასრული იყოს!.." და სულაც არ ახსენდებოდა ის თხოვნა, რომლითაც წმიდა სერგის ლავრაში მყოფმა მიმართა. ავადმყოფობის გამო იგი თადარიგში დაითხოვეს. წელიწად-ნახევარი სხვადასხვა ჰოსპიტალში იმკურნალა, მაგრამ უშედეგოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელი იყო. ლოგინად იყო ჩავარდნილი.

ერთხელაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა. ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე გახარებული. გარშემო სიჩუმე იყო. შემოვიდა ცოლი, რომელმაც უთხრა: `ეკლესიაში წავალ, მეზობელმა მითხრა - დღეს აღდგომაა. ამდენი ხანია ავად ხარ, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ტაძარში."

მეუღლე ეკლესიიდან უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა. იმედიანი და ფრთაშესხმული, თუმცა იმ წუთიდან ევგენი უიმედო გახდა. ცოლმა ტაძარში სიარულს მოუმატა. ერთხელაც, შაბათს საღამოს, ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა. იწვა ცარიელ ბინაში, დათრგუნული, სასოწარკვეთილი და ტიროდა... როცა ცოტა დამშვიდდა, მაგიდიდან აიღო წიგნი და გადაშალა - აღმოჩნდა, რომ ეს იყო "ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა". ფოტოზე ლუსკუმა, წმიდა ნაწილები რომ დაინახა, გაახსენდა, რომ იქ თავადაც ყოფილა. ხმა შემოესმა:

- ევგენი, წამოდექი - შენ ჯანმრთელი ხარ!

გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ შესამოსელში. პირდაპირ თვალებში უყურებდა. იგრძნო, როგორ აღივსო ახალი ძალით და უეცრად წამოდგა.

- ევგენი! – ისევ მიმართა ხმამ, - დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს? - მოხუცი უკვე ოთახის ბოლოში იყო.

- ახლა შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე! - ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ევგენიმ გაიგონა. მოხუცი გაქრა.

როცა ეკლესიიდან ცოლი დაბრუნდა, მეუღლე მუხლებზე დამხობილი იხილა, წინ კი გადაშლილი წიგნი ედო. იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მერე ეცა, თვალებში ჩახედა და ძლივს იცნო - ევგენი ნათელი და არაამქვეყნიური თვალებით შესცქეროდა. მერე წამოდგა, ცოლს მოეხვია და ისევ მუხლებზე დაემხო, გადაშლილი წიგნი ღირსი მამა, საკვირველმოქმედი სერგი რადონეჟელი უყურებდა.

ასე მოაქცია უფალმა ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე...

მოამზადა ლალი ფაციამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს