რატომ ვერ აარჩია გიორგი კეკელიძემ მუსიკა, რომელიც თავის მოკვლის წუთებს მოუხდება?! და რის კეთებას აპირებს ის 12 კვირის განმავლობაში

რატომ ვერ აარჩია გიორგი კეკელიძემ მუსიკა, რომელიც თავის მოკვლის წუთებს მოუხდება?! და რის კეთებას აპირებს ის 12 კვირის განმავლობაში

"სულ ვფიქრობ, რა მუსიკა მოუხდება თავის მოკვლის წუთებს და ვერაფრით ავარჩიე. მელოდიები განწყობების მიხედვით მეცვლება. იმდენად, რომ ხან მენდელსონის მარშიც კი დავგეგმე. მერე რომელიმე ჩემი მეგობარი პოეტი დაწერს: მან იქორწინა მხოლოდ სიკვდილთან და შვილად დარჩათ მოგონებები. თუ მოგონებანი? ან რაღაც ასეთს. თავის მოკვლა რატომ მინდა? მაგას ვერ გეტყვით. თუ გითხარით, მთელი ინტრიგა მოკვდება. და რა აზრი აქვს ერთად მკვდარ კაცსა და ინტრიგას? ერთი მაინც უნდა იყოს ცოცხალი.

ბარემ: კიდევ ორი რამ მაღელვებს. პირველი: რა ხერხით მეტკინება ყველაზე ნაკლებად. ეს, რომ ნინსკის ვუთხარი, შენ თავის მომკვლელი არა ხარო. მაგ დროს, აფექტური პონტებიაო და ეგეთებს ვინ დარდობსო. ნინსკიმ არ იცის ჩემი ზოდიაქოს ხალხზე ამბავი. კაცი რელსებზე ზის, მატარებელს ელოდება - უნდა შეუვარდეს, მოშივდება და წავა. არეული კასტა ვართ, ბევრი რამის მოსწრება გვინდა. მეც ეგრე ვიქნები - გამახსენდება, რომ "ფეისბუქზე” გამოსამშვიდობებელი წერილი არ დამიწერია და კომპიუტერს ჩავრთავ. ხომ უნდა ვუყურო, როგორ ტირის ხალხი, მერე რაღას ვნახავ. განსაკუთრებით ის ქალები, ვისთანაც თუნდაც ნახევარი საათით ვყოფილვარ. ჯამში ცოტა არ გამოვა - ცოტნეს რომ დაბადების დღეს ულოცავენ, ნათესავებიან - უცნობებიანად, იმაზე მეტი იქნება. ვოტ ტაკ. ხო, მაგარი ნარცისი ვარ სიკვდილის წინაც კი, ჩემო ნინსკი?! რას იზამ? თან, ზოგი საერთოდ არაფერს დაწერს, არც მოიწონებს, მაგრამ წაიკითხავს და გაუელვებს ის წუთები. ეგეც ასწორებს. ზოგმა რატომღაც წამშალა, მაგრამ ერთი ორას "ეეეე" და "რას კაიფობ"-მდე ხო ავა?

ჰოდა, ამ კომენტარების კითხვაში შეიძლება დროებით გადავდო იარაღი გვერდით. კი, ალბათ საბოლოოდ მაინც სროლას ავირჩევ. დანარჩენს დრო მიაქვს და წამება მგონია. ვანაში ჩაწოლა გადახსნილი ვენებით და რომანტიკა? ნწ, მაგდენს ვერ გავქაჩავ. თან, ჩემთან თბილი წყალი სტაბილურად არ მოდის, შეიძლება უცებ გაწყდეს. წნევას გააჩნია. და რაც მთავარია, ჯერ მუსიკა არ შემირჩევია, ქალბატონო ნინსკი და ამასობაში, მეორე რა მაღელვებს, დამავიწყდა"... ეს გიორგი კეკელიძის ერთ-ერთი დეტექტივიდან ეპიზოდი გახლავთ, რომელზეც ავტორი ახლა მუშაობს. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს მინიდეტექტივების წერამ გაიტაცა.

"ეს არ არის დიდი ფორმატის ტექსტები... თუმცა ერთი უკვე გამოვიდა და კიდევ უნდა გამოვიდეს, რაც ბუნებრივია, სერიოზულ შრომას მოითხოვს", - ამბობს გიორგი.

გუშინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, მისი ამ ჟანრის ნამუშევარი - "სიკვდილი პიცერიაში" გამოიცა. ასეთ მინიდეტექტივს მკითხველი კიდევ 11-ს იხილავს.

ეს საქმიანობა ავტორისთვის ერთგვარი ახალი გამოწვევაა, ანუ თანამედროვე ტიპის დეტექტივი (არაკლასიკური გაგებით).

რაც შეეხება "სიკვდილს პიცერიაში," კეკელიძის პირველი მხატვრული ნაწარმოებია, რომელშიც მიმდინარე სოციალური გარემოა ასახული თავისი პაროდიებით.

მასში გარკვეულწილად, "გურული დღიურებიც" თამაშდება. საერთოდ, მოქმედება გურიაში იწყება და თბილისში გრძელდება, ბოლოს კი სიუჟეტი ისევ გურიაში სრულდება, ანუ იქ, საიდანაც დაიწყო. მოკლედ, ეს ყველაფერი ავტორისთვის საინტერესო ექსპერიმენტი აღმოჩნდა...

ადამიანებმა, ვინც ჩემი ახალი ნამუშევარი წაიკითხეს (თითქმის ყველა ლიტერატურის კრიტიკოსსა და გურმანს წავაკითხე), მოეწონათ და აღნიშნეს, რომ ადვილად საკითხავი ტექსტია.

- "სიკვდილს პიცერიაში" რომ დავუბრუნდეთ, რაკი მოქმედება გურიაში ხდება, გამოდის, გურული დეტექტივია?

- რაღაც თვალსაზრისით - კი, მაგრამ რადგან მოქმედება დედაქალაქშიც მიმდინარეობს, აქაური სოციუმი მაინც წინა პლანზეა წამოწეული და ცხადია, მოქმედი გმირების ნაწილი გურულები არიან. მოკლედ, სინთეზია...

- ამ მინიდეტექტივისკენ ბიძგი რამ მოგცა?

- ვაპირებ, მხატვრულ პროზაში გადავინაცვლო, რადგანაც გარკვეულწილად სიუჟეტური ქარგებიც დაგროვდა, რომლებზეც სულ ვმუშაობ. ეს ახალი ნაწარმოები კი, ხომ ვამბობ, ერთგვარი პაროდიაც, დეტექტივიც და რაღაც თვალსაზრისით, "გურული დღიურების" განახლებაცაა...

- მიმდინარე პროცესებიო, რომ ამბობ, ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას გულისხმობ თუ მძიმე სოციალურ ფონს, რომელშიც ვცხოვრობთ?

- მათ შორის, ესეც, მაგრამ აქ მეტად სოციალური მოტივებია გამოხატული, უკვე დამკვიდრებული ამბები და ცოტათი გაშარჟებულიც. ეს არის 2000-იანი წლები... ზოგადად, ამ პერიოდის ესთეტიკა და პოლიტიკური ნაწილიც. ამ ტიპის ტექსტისთვის პოლიტიკა (კლასიკური გაგებით) უინტერესო იქნებოდა. თუმცა ნამუშევარში ვხვდებით კლიშეებს და ვფიქრობ, ისინი საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი რაკურსითაც...

- სახელწოდება "სიკვდილი პიცერიაში" საიდან მოვიდა?

- სიკვდილი პირცერიაში არის პირველი წიგნის სათაური. ამას მოსდევს "მურმანის სევდა" და "ანასტასიას ზარი". რაც შეეხება პირველი დეტექტივის სათაურს, არის ერთგვარი ალუზია თომას მანის "სიკვდილი ვენეციაში", თუმცა თვითონ წიგნი უფრო მობი დიკის გამოძახილია.

- გასაგებია, რომ დეტექტივის ჟანრია და მასში სიკვდილი, თვითმკვლელობა და მსგავსი რამ ნორმაა, მაგრამ მე წავიკითხე ერთ-ერთი მორიგი დეტექტივიდან ეპიზოდი, სადაც თვითმკვლელობაზეა საუბარი. თვითმკვლელობა რატომ გაქვს იქ ასე წინა პლანზე წამოწეული?

- როგორც უკვე ვთქვი, ყველა დეტექტივს თავისი სახელი აქვს, ხოლო ის ნაწყვეტი, რაც დასახელდა, მეოთხე წიგნიდანაა. ის ადამიანი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და სულაც არ მთავრდება თვითმკვლელობით.

პ.ს. "კვირის პალიტრასთან" ერთად გიორგი კეკელიძის დეტექტივების სერია დაიწყო. ერთი უკვე გამოვიდა და მკითხველს 11 კვირის განმავლობაში საშუალება ექნება ავტორის 11 დეტექტივი იხილოს.

ლალი ფაცია

ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს