მაკარტის "გზა" და სხვა გზები

მაკარტის "გზა" და სხვა გზები

ვფიქრობ, მე მკვდრების მეშინია,

"მეშინია" – მე, მათი.

ორპირიანი ზმნა,

ახლანდელი დრო,

გრამატიკული დრო ავურიე, ამიტომ გამოდგა ეს სიტყვები ტყუილი,

საერთოდ უდროობა თუ დროის შეუფერებლობა ბევრ მართალს აქცევს ხოლმე სიცრუედ.

მოდი, თავიდან დავიწყებ,

მე მკვდრების მეშინოდა,

მეშინოდა მათი გაშეშებული მზერის,

მეშინოდა მათი უსიცოცხლოობის და

ყველაზე მეტად კი მეშინოდა მათში ჩასახლებული სიკვდილის,

მერე, ერთი კაცი მოკვდა,

ქართველებს რომ გვაქვს გამოთქმა: "გადაბრუნდა და მოკვდაო", ზუსტად ისე,

ადგა, გადაბრუნდა და მოკვდა,

არ მახსოვს მისი სახე,

არ მახსოვს მისი ხმა,

სახელი და გვარიც კი რომ აღვიდგინო მეხსიერებაში, გონება ძალიან უნდა დავძაბო,

მაგრამ მახსოვს ხმა,

ხროტინის,

უკანასკნელი ამოსუნთქვის და სუნი,

სიკვდილის,

ჟანგის,

ოდნავ მჟავე, ადღვებილი სისხლის სუნი,

ადამიანებს სხვისი სიკვდილის ყურება იმიტომ უჭირთ, რომ საკუთარ თავზე გადააქვთ ყოველივე, სხვა მხრივ ცოცხალნი უფრო საშიშები ვართ, ვიდრე მკვდარნი.

ქვეყნად იმდენი გზაა, ხანდახან მგონია, რომ სჯობდა, საერთოდ არ ყოფილიყო ისინი ან ერთი ყოფილიყო,

სამყარო იქნებოდა ერთი სწორი ხაზი და ამ ხაზზე ვივლიდი სულ პირდაპირ,

და ეს სწორი გზა იქნებოდა შენი არჩევანიც და იძულებაც,

მაკარტის "გზა" სხვაა, კაცსა და ბავშვს გზაზე სიარული თუ იძულებით უწევთ, მისი არჩევა შეუძლიათ. შეუძლიათ მიმართულება მაინც აიღონ თავად.

სიკვდილი შლის და ანადგურებს ყველაფერს: სახეებს, სახელებს, წლებს და არც ამ წიგნის გმირებს სჭირდებათ სახელები ან რაიმე სხვა, რაც მათ წარსულ სოციალიზაციას ასახავს.

ადამიანური ურთიერთობები მარადიულია,

მარადიულია მშობლებისა და შვილების სიყვარული.

მარადიულია ისიც, რომ ჩვენ გვჭირდება ვინმეზე ვიზრუნოთ, რომ "გზა" არ დავკაგოთ,

ვინმეზე ზრუნვის, ვინმეზე მეტი ძალის ფლობის განცდა აძლიერებს.

მაკარტის "გზაში" მოქმედება აპოკალიფსის შემდეგ "ნასამყაროებში" ხდება,

ფაქტობრივად, მთელი რომანის მანძილზე ერთ ხაზს მივუყვებით და საჭმლის მოპოვებაზე, თავის გადარჩენასა და ცუდი კაცებისაგან თავდაცვაზე ვკითხულობთ, თუმცა წუთითაც კი ვერ ვდუნდებით და კიდევ 300 ფურცელი რომ იაროს ჩვენმა მამა-შვილმა, მზად ვართ, გავყვეთ.

იმ მომაკვდავ კაცს რომ დავხედე, მთელი სხეულით ვგრძნობდი, აზრი არ ჰქონდა, არანაირ ფიქრს გადარჩენაზე, მაგრამ თითქმის უკანასკნელ წუთამდე ვნატრობდი სასწაულს, ბოლოს, ჩემს თავს ვკითხე: რას ფიქრობ ერთი, რა უნდა მოხდეს, ფეხზე წამოდგეს და ხელი ჩამოგართვას თუ რა გინდა-მეთქი?!

წიგნის ბოლო წუთამდე ვოცნებობდი, დამთავრებულიყო ეს აპოკალიფსი და სადმე სამოთხეში აღმოჩენილიყვნენ, თან მთელი სხეულით ვგრძობდი, ასე რომ მომხდარიყო, იმ წუთას დავხურავდი წიგნს და ვიტყოდი, რომ ეს მაკარტი ცოტა ვერაა.

იმ მკვდარზე გამახსენდა, მამაკაცი ამბობს: "გვავიწყდება ის, რაც გვინდა, რომ გვახსოვდეს და გვახსოვს ის, რისი დავიწყებას გვინდა. "

ჰო, ადამიანებს გვამახსოვრდება დასავიწყებლები,

ადამიანებს ყურებში ის ხმები ჩაგვესმის, რისი პირველად გაგონებაც კი არ გვინდოდა, არა თუ გამეორება,

ადამიანები ხშირად იმ სურნელს ვგრძნობთ, რომელსაც სულაც არ გვინდა, რომ ვყნოსავდეთ და დილაობით სუნამოებში ვბანაობთ, ოღონდ ის სუნი ჩამოვირეცხოთ.

ჩემთან ადამიანებს გვასწავლიდნენ რომ ღვთის შექმნილები ვიყავით, რომ სიკეთე სულ იმარჯვებდა, რომ როცა ლოყაზე ვიღაცა სილას გაგვარტყამდა, მეორე უნდა მიგვეშვირა და არავის არასდროს გახსენებია, რომ ჩვენი ინსტინქტები გვაიძულებენ თუ მოგვშივდება ყველას გადავუაროთ, ბავშვები ვჭამოთ ან არ ვიცი, ათასი სისაძაგლე ვაკეთოთ.

ამაზე მასლოუს პირამიდა გამახსენდა,

გეცოდინებათ , ეს ადამიანთა მოთხოვნილებების თანმიმდევრობაა, ყოველი წინა მომდევნოსთან მისასვლელი გზაა, როცა შენს ფიზიკურ არსებობას საფრთხე ემუქრება, მაშინ ადამიანური ბუნება საშუალებას არ გაძლევს მორალზე იფიქრო,

მართალია მასლოუ,

მე მგონია, რომ მართალია.

დედაშვილობის თემაზე ხომ გადატყავებული გვაქვს ენები ყველას, მაგრამ მამაშვილობაზე რამდენს უთქვამს, რამდენს დაუწერია, აბა, თუ გაიხსენებთ?

მაკარტმა დაწერა, მაკარტმა მამა და შვილი აპოკალიფსგანაცდელ სამყაროში ჩაყარა და დაგვანახა, რომ ის უხილავი ძაფები დედებსა და მათ ვაჟებსა თუ ქალიშვილებს შორის არსებობსო, რომ გვეუბნებოდნენ, კაცებთანაცაა და გენეტიკას რომ შევეშვათ, ადამიანს ის უყვარს, რაშიც შრომას ჩადებს, იქნება ეს შვილი თუ ყვავილი, რომელსაც ყოველ დილა-საღამოს რწყავს.

მამაჩემი? მამაჩემი ერთი საოცარი კაცია, ჩახუტება რომ მინდა, ხელს ვერ ვაწვდენ ხოლმე,

მამაჩემი ის კაცია, მთელი ცხოვრებაა თანატოლივით რომ აღვიქვამ და არანაირი თაობების სიშორე რომ არ გვიგრძნია,

მამაჩემი ის კაცია, "გზაში" რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო, სულს რომ დამითმობდა, სულსა და ხორცს, რაც დამჭირდებოდა.

მამებსაც შეუძლიათ თავგანწირვა,

მოგატყუეთ!

წინა წინადადებაში "ც" აბსოლუტურად უადგილო იყო.

ვერ ვიტყვი, რომ მაკარტის "გზა" ის გზაა, რომ არ შევდგომოდი, ბევრს დამაკლებდა, მაგრამ ყველა წიგნში არის ჭეშმარიტება,

ყველა წიგნი "გზაა" სხვა გზებთან მისასვლელი.

პ.ს. მაკარტის "გზამ" 2007 წელს პულიცერის პრემია მიიღო. წიგნი ქართულად გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოუშვა და რაც მთავარია, როგორც ისინი გვპირდებიან, სერიაში "წლის ბესტსელერი" სულ ნარჩევ-ნარჩევ ნაირფერ წიგნებს შემოგვთავაზებენ.

ეს პირველი "გზა" და სხვა მრავალი. :)

აპოლონი და მისი მუზები დიდად კმაყოფილნი ვართ :)

მე მუზა ვარ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს