ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი

ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი

თბილისის ქუჩები საუკუნეების განმავლობაში ქარვასლებს, დუქნებსა და აბანოებს ჰქონდათ დაკავებული. დუქან-სახელოსნოების უმეტესობა, რომელებიც მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე განაგრძობდნენ არსებობას, ერთ-ორი სადგომისგან შედგებოდა და საცხოვრებელი სახლების ქვემო სართულში კეთდებოდა.

რუსული ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში სამშენებლო რეგლამენტი სავაჭრო დაწესებულებათა შენობებსაც შეეხო. 1810 წელს მთავარმართებლის ტორმასოვის ინსტრუქციაში მითითებული იყო, რომ დუქნების ასაშენებლად უნდა აგებულიყო ერთი დუქანი ნიმუშისთვის, რომლის წინა სადგომი ქუჩისკენ იქნებოდა ღია, რადგან ვაჭარს ევაჭრა, ხოლო მეორე მხარე ეზოსკენ იქნებოდა მიმართული და საცხოვრებლად გამოიყენებდნენ.

ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, ბევრად საინტერესოა ქარვასლები, რომელთაც ჯერ კიდევ ფეოდალურ თბილისში ეჭირათ თვალსაჩინო ადგილი. შუასაუკუნეების საქართველოში არსებობდა ფუნდუკები – ქარვასლის ხასიათის ნაგებობანი, რომლებშიც "მგზავრებს შეეძლოთ თავშესაფარი ეშოვათ და საქონელიც დაეყენებინათ". ფუნდუკს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინდელი მიმოსვლის, ურთიერთობისა და ეკონომიკური აღებ-მიცემობის საქმესთან დაკავშირებული მოღვაწეობისთვის.

გვიანფეოდალურ ხანაში სახელწოდება ფუნდუკს ირანიდან შემოსული ქაევანსარაია, შემდეგ კი ქარვასლა ცვლის. ქარვასლები არა მარტო გზებზე შენდებოდა, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ქალაქებში, სავაჭრო ცენტრებში, სადაც საქონელი შორეული კუთხეებიდან და ქვეყნებიდანაც კი მოდიოდა.

ჟან შარდენის ინფორმაციით, რამდენიმე ქარვასლა თბილისშიც იყო. ქარვასლებში ადგილობრივი ვაჭარ-ხელოსნებიც ბინადრობდნენ და უცხოელი სოვდაგრებიც. ჩამოტანილი საქონლითა და ქარავნებითურთ. იქვე დებდნენ სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებებს, იქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევ-დაწევის შესახებ, იქ იბადებოდა და იღუპებოდა ვაჭრის კომერციული რეპუტაცია. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ქარვასლას იგივე ფუნქცია ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთ ქვეყნებში, მაგალითად ირანში.

ქარვასლების შუაში იყო დიდი ეზო ან გადახურული, მთლიანი სივრცე, ზოგჯერ ცენტრში ან ცალკეულ საკვანძო ადგილებში – გუმბათები. ამ შუა ეზოს ან ჰოლის გარშემო – ერთ ან რამდენიმე სართულად შემოყოლებული გალერიები და მათ გასწვრივ ჩამწკრივებული სადგომი დუქნებისა, სახელოსნოებისა, საწყობებისთვის და საცხოვრებლად.

აბანოების მშენებლობას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. დღემდე მოღწეული რამდენიმე აბანოს ნიმუში პირველ საუკუნეებს მიეკუთნება. მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებიის ყველა მოგზაური და აღმწერი, ვისაც კი თბილისზე უწერია, აუცილებლად იხსენებს აბანოებსაც – ეს ბუნებრივი აბანოები ქალაქის სპეციფიკურ და ღირსშესანიშნავ თავისებურებად იყო მიჩნეული.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერდა: თბილისში "მთიდან ბევრი ნაკადული და უთვალავი წყარო გამოდის, დაახლოებით 70-80-მდე. წყალი ცხელია. ძველ დროში თითოეულ მუსლიმან და ურწმუნო ქართველ სულთაგანს იმ ცხელ წყალზე გუმბათები აუშენებია, აბანოები მოუწყვია და ქალაქის მთელი მოსახლეობა იქ დადის".

გადმოცემის თანახმად, თბილისში სამნაირი აბანო ყოფილა: თავადებისთვის, რომელიც საათში ერთი მანეთი ღირებულა, სააზნაურო, რომელშიც ოფიცრები, ვაჭრები და მოქალაქენი ბანაობნენ და მდაბიოთათვის – ორშაურიანი.

აბანოებს თბილისელების ყოფა-ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა – ეს არ იყო აბანო დღევანდელი გაგებით, ე.ი. მხოლოდ ჰიგიენური დაწესებულება, სადაც ხალხი ტანის დასაბანად დადის. იოსებ გრიშაშვილს "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" კოლორიტულად აქვს აღწერილი ძველი თბილისური აბანოების "ცხოვრება": წინათ აბანო მსურველთათვის ყოველთვის ღია იყო, არც ბანაობის დრო იყო განსაზღვრული, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ სოფლიდან ჩამოსულ გლეხისთვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ ორ შაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა....

ქალები მარტო საბანაოდ არ დადიოდნენ, თან სარეცხიც უნდა წაეღოთ და თან მიჰყავდათ ბავშვებიც. აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ კიდეც, ქალს ახალი ტანისამოსი აუცილებლად აბანოში უნდა ჩაეცვა, ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც.

აბანოს მომსახურე პერსონალს ჩვეულებრივ სპარსელები შეადგენდნენ, ბანაობის "პროცედურებიც", რომელსაც პუშკინი და დიუმა საგანგებო ინტერესით აღწერენ, აგრეთვე აღმოსავლური იყო.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

გამოყენებული მასალა – ვახტანგ ბერიძე "თბილისის ხუროთმოძღვრება"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს