რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები

რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები

2015 წელს საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა იპოვა თავისი ბუდე და დაოჯახდა. დავინტერესდით, უკვე ცოლ-ქმრის ამპლუაში, სად და როგორ შეხვდებიან დამდეგს შეყვარებული წყვილები, რომლებისთვისაც ე.წ. თხის წელიწადი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა.

"მას მერე, რაც დავქორწინდით, ყველაფერი დალაგდა"

ვერკა ჯაჯანიძე, მოცეკვავე:

- 2015 ჩემთვის ყველაზე ბედნიერი, წარმატებული და საუკეთესო წელი იყო. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს.

- შენ და ირაკლი რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები ზუსტად ერთი წელი ვიყავით. ირაკლი 2014 წელს, ოქტომბერში გავიცანი, 2015 წლის 8 ოქტომბერს კი ჯვარი დავიწერეთ.

- ბევრი იფიქრე, ვიდრე გათხოვების გადაწყვეტილებას მიიღებდი?

- რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ოჯახის შესაქმნელად მზად ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი: მინდა, 25 წლის ასაკში უკვე ოჯახი მქონდეს-მეთქი და სურვილი ამიხდა. შეყვარებულობის პერიოდში ზედმეტად დატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა და ირაკლის ბევრ დროს ვერ ვუთმობდი, რის გამოც უკმაყოფილო იყო. მას მერე, რაც დავქორწინდით, ყველაფერი დალაგდა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ერთად.

- წელს ალბათ, პირველად მოგიწევთ ახალი წლის შეხვედრა ოჯახურ გარემოში. რა გეგმები გაქვთ?

- კი, წელს ნამდვილად განსხვავებული გარემოა ჩვენს სახლში. ახალი წლის ღამეს რამდენიმე საღამოზე მომიწევს გამოსვლა, შემდეგ კი დღესასწაულს ახლობლების გარემოცვაში ვიზეიმებ.

- ვინ იქნება თქვენი მეკვლე?

- ჯერ ნამდვილად არ ვიცი, ამაზე არ გვიფიქრია. გამიხარდება, თუ ახალი წლის ღამეს ისეთი ადამიანი მესტუმრება, რომელიც კარგ აურას შემოიტანს ჩვენს სახლში და შემდეგი წელი ისეთივე ხალისიანი და კარგი იქნება, როგორიც 2015 იყო.

- ჰოროსკოპების თუ გჯერა? უკვე გაიგე, როგორი იქნება მაიმუნის წელიწადი შენთვის?

- ცხენის წელში ვარ დაბადებული და ჩემთვის თხაც კარგი აღმოჩნდა. ჰოროსკოპით კურო ვარ და წავიკითხე, რომ მაიმუნის წელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება კუროებისთვის.

- კიდევ რომელი წელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი?

- 2014 წელს ბევრი კარგი რამ მოხდა. ვმონაწილეობდი წარმატებულ პროექტებში, გავიცანი ირაკლი... რომ ვაკვირდები, ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო სასიამოვნო მოვლენები ხდება ჩემს ცხოვრებაში.

"ოჯახის მეკვლე ჩემი შვილი იქნება"

სოფო ბედია, მომღერალი:

- 2015 წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო - გავბედნიერდი. მე და მიშა ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები.

- კიდევ რითი იყო მნიშვნელოვანი 2015 წელი შენს ცხოვრებაში?

- 2015 ჩემთვის კარიერული სიახლეების წელიც იყო. მოგეხსენებათ, ვმონაწილეობდი პროექტში "ერთი-ერთში", სადაც მაყურებელმა და მსმენელმა სხვა კუთხით დამინახა. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად გამოვედი.

- შენ და მიშა ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველად შეხვდებით დამდეგს...

- 2015-ს მე და მიშა ერთად შევ­ხვდით და ერთად გავაცილებთ. ახალი წლის დღესასწაულს ქუჩაში გამართულ კონცერტზე შევეგებებით, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილზე მომიწევს სიმღერა.

- გაიხსენე წელი, რომელიც შენთვის რაღაცით გამორჩეული იყო.

- ჩემთვის ბედნიერი 2009 წელი იყო. ეს გახლდათ ხარის ანუ ჩემი წელი, როცა ჩემი შვილი, ნიკოლოზი დაიბადა (19 თებერვალს). სწორედ ამ წელს ვმონაწილეობდი "ჯეოსტარშიც" და ხალხმა შემიყვარა.

- მეკვლე უკვე შერჩეული გყავთ?

- წელს, როგორც ყოველთვის, ოჯახის მეკვლე ჩემი შვილი იქნება.

- მეკვლის ტრადიციის თუ გჯერა?

- ამ ტრადიციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მთავარია, ადამიანი ოჯახში კეთილი გულით შემოვიდეს.

"შეყვარებულები ზუსტად 10 თვე ვიყავით"

მარიტა კუბლაშვილი, ადვოკატი:

- ჩემთვის 2015 წელი ყველაზე ბედნიერი იყო. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ამ წელს დავიბადე, ოღონდ - 30 წლისა, უკვე ჩამოყალიბებული აზრებით, სურვილებითა და დავიწყებული წარსულით.

- შენ და ლევანი რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები ზუსტად 10 თვე ვიყავით. გაცნობიდან 2 თვეში მეგობრული ურთიერთობა და შეხვედრები დავიწყეთ, ზუსტად 1 წლის თავზე კი დავინიშნეთ.

- ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?

- არ გამჭირვებია. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ლევანი სასურველი მამაკაცი იყო. მინდოდა, მისნაირი ქმარი მყოლოდა.

- კიდევ რითი იყო შენთვის 2015 წელი მნიშვნელოვანი?

- კარიერული საქმეებიც დადებითად წარიმართა.

- როგორ შეხვდებით 2016 წელს?

- ვგეგმავთ, ახალ წელს სახლში შევხვდეთ, სადმე წასვლის სურვილი არ გვაქვს. ჩვენთვის დღესასწაულია მშვიდ, ოჯახურ გარემოში ერთად ყოფნა. დიდი ამბით ვემზადებით დღესასწაულისთვის.

- მეკვლე თუ გეყოლებათ?

- მეკვლე? ჯერ არ ვიცით. საერთოდ, მეკვლის ტრადიციის მჯერა. მთავარია, ადამიანი კეთილი გულით შემოვიდეს ოჯახში და სიკეთეს აუცი­ლებლად მოიტანს.

- 2015 წელს ვინ იყო თქვენი ოჯახის მეკვლე?

- მეკვლე ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ნამდვილად "კარგი ფეხი" აქვს.

- ნაძვის ხე უკვე მორთეთ?

- ნაძვის ხე ვიყიდეთ - 2.70 მეტრი სიმაღლისაა. ძალიან დიდი და ლამაზია. უკვე მოვრთეთ, მაგრამ ყოველდღე რაღაცას მაინც ვამატებ ხოლმე (იღიმის).

- გაიხსენე წელიწადი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრა თავი.

- ჩემთვის 2005 წელი იყო დიდი ბედნიერების მომტანი, რადგან ქვეყანას ჩემი შვილი მოევლინა.

- დაბოლოს, რას ელოდებით 2016 წლისგან?

- 2016 წლისგან, ღმერთის წყალობით, კიდევ ერთ დიდ ბედნიერებას - მეორე შვილს ველოდები.

"მის გვერდით თავს მართლაც, დედოფლად ვგრძნობ"

გვანცა გიორგობიანი, მსახიობი:

- 4 წლის წინ ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, თავისთან დამპატიჟა. მეორე დღეს, როცა პარიზი დავათვალიერე და შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი, "ფეისბუკზე" შევედი და იქ დამხვდა ასეთი წერილი: თქვენ საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით... როგორც წესი, მსგავსი შინაარსის მესიჯებს ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებდი, მაგრამ ამჯერად მესიჯის ავტორს მადლობა გადავუხადე - ალბათ, პარიზულმა შთაბეჭდილებებმა გამათამამა. ჰოდა, ასე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. რაღაც პერიოდი ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. როცა საქართველოში დავბრუნდი, მან ერთ-ერთ რესტორანში, სავახშმოდ დამპატიჟა. სიმართლე გითხრათ, მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ საქმე ინტელიგენტ, ჯენტლმენ და განათლებულ ადამიანთან მქონდა. მისი თვისებებით მოვიხიბლე. აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან კარგ, თბილ ოჯახში იყო აღზრდილი და რაც მთავარია, ქალთან ურთიერ­თობა არ შეეშლებოდა.

- შენ რითი მოხიბლე?

- ურთიერთობის დასაწყისშივე მითხრა, რომ ერთი ნახვით შევუყვარდი.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- კეკლუცობა დიდი ხანი გამომივიდა. 4 წელი ვიცნობდი ლევანს... რაც მთავარია, დღეს ერთად ვართ. 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი.

- გამოდის, შენი პრინცი იპოვე. ასე?

- დიახ, ის ჩემი პრინცია, მის გვერდით თავს მართლაც, დედოფლად ვგრძნობ. ამბობს კიდეც, რომ მისი დედოფალი ვარ. ლევანს არაჩვეულებრივი მშობლები და ერთი და ჰყავს, რომელიც ძალიან თბილი, საყვარელი ადამიანია. დაოჯახებულია და 2 შვილი ჰყავს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს