ვინ არიან მილიარდერების ცოლები

ვინ არიან მილიარდერების ცოლები

მათი ქმრები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. ვინ არიან ისინი - მოდელები, ვარსკვლავები, "მის სამყაროები"? სულაც არა. ბიზნეს მაგნატების ცხოვრების თანამგზარების უმეტესობას ლამაზმანს ვერ უწოდებ. ისინი მეუღლეების გვერდით სიღარიბეშიც და სიმდიდრეშიც იყვნენ და მხარს უჭერდნენ მათ. მილიარდერების ცოლების ცხოვრებისეული ისტორიები ამტკიცებს, რომ შანსი, გაჰყვე ცოლად უმდიდრეს ადამიანს, აქვს თითოეულს, თანაც ნებისმიერ ასაკში.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მელინდა გეითსი

მეუღლე: ბილ გეითსი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი

ქონება: $79,2 მილიარდი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პროგრამირებაზე გაგიჟებული ბილი ცოლს არასოდეს შეირთავდა. მაგრამ მელინდა აღმოჩნდა სწორედ ის ქალი, ვისთანაც გეითსმა ოჯახი შექმნა და 3 შვილიც შეეძინა. მისის გეითსი ყოველთვის ტიპიური "ხუთოსანი" გახლდათ: წმინდა მონიკას კათოლიკური სკოლის საუკეთესო მოსწავლე და დალასის აკადემიის სიამაყე. კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის მიღებისთანავე, იგი Microsoft-ში მოეწყო სამუშაოდ. პირველად ბილმა მომავალი მეუღლე ნიუ იორკში, მედია ბრიფინგზე შენიშნა და პირველი, რასაც ყურადღება მიაქცია, იყო... ფეხსაცმელი. გეითს სწამდა: რაც უფრო მაღალია ქალის ფეხსაცმელის ქუსლი, მით უფრო სულელია მისი მფლობელი. მელინდას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და იგი საოცრად ჭკვიანიც აღმოჩნდა.

წყვილი 1994 წელს დაქორწინდა, ცერემონია ჰავაის კუნძულებზე გაიმართა. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბილმა გაწელილი სვიტერისა და ჯინსების ნაცვლად თეთრი სმოკინგი მოირგო. ქორწილის შემდეგ მელინდამ სამსახური დატოვა და ოჯახსა და საქველმოქმედო ფონდს მიუძღვნა თავი. მეუღლეებმა ქველმოქმედებას უკვე 24 მილიარდი დოლარი შესწირეს და მომავალში მეტი კეთილი საქმის გაკეთებას გეგმავენ.

პრისცილა ჩანი

მეუღლე: მარკ ცუკერბერგი, სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელი

ქონება: $33,4 მილიარდი

ახლახან 31 წლის ინტერნეტ-გენიოსმა გამოაცხადა, რომ შვილის დაბადების აღსანიშნავად Facebook-ის აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს. ალბათ არც ერთ ცოლს არ ესიამოვნებოდა, ქმარს მილიარდებზე უარი ეთქვა, თუმცა არა პრისცილას შემთხვევაში. ჯერ ერთი, დარჩენილი 1 პროცენტითაც მათ უზრუნველი მომავალი აქვთ გარანტირებული. მეორეც, როდესაც პრისცილა მილიარდერს გაჰყვა ცოლად, იგი ბიოლოგიის მასწავლებელი გახლდათ, რომელიც ფუფუნებას არ იყო ჩვეული.

ჩვეულებრივი აღნაგობით, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, მისის ცუკერბერგი დიასახლისს უფრო გავს, ვიდრე მილიარდერის ცოლს. იგი არ იკეთებს ლიპოსაქციებს, არ იდიდებს მკერდს, არ უყვარს შოპინგი და არ იცვამს ძვირადღირებულ სამოსს. მარკი ამბობს, რომ მომავალმა მეუღლემ სისადავითა და გულღიაობით მოხიბლა. გასაკვირი არ არის, რომ მას სწორედ პრისცილა შეუყვარდა და არა ვინმე ტუჩებდაბერილი სუპერმოდელი, რადგან იგი მარკის ინტერესებს სრულებით იზიარებს და მხარში უდგას მეუღლეს ნებისმიერ წამოწყებაში.

ასტრიდ მენკსი

მეუღლე: უორენ ბაფეტი, ინვესტორი

ქონება: $72,7 მილიარდი

2015 წლის Forbes-ის მილიარდერთა სიაში მესამე ადგილზე მყოფი ადამიანის ცოლის მაგალითზე, კონკიას კლასიკური ისტორიის დაწერა შეიძლება. ასტრიდი საბჭოთა კავშირში 69 წლის წინ დაიბადა, მისი მშობლები ლატვიიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. გოგონამ ადრეულ ასაკში დაკარგა დედა და მას მერე ინტერნატში იზრდებოდა. არ იყო ლამაზმანი, ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა. 32 წლის ასაკში ასტრიდი ოფიციანტად მუშაობდა, კარიერისა და პირადი ცხოვრების ყოველგვარი პერსპექტივების გარეშე, სანამ კაფეს ერთ-ერთმა კლიენტმა მას ყურადღება არ მიაქცია. უორენი ხშირად სტუმრობდა კაფეს, რადგან საღამოობით იქ მისი ქალიშვილი მღეროდა. მეუღლესთან ახალგაშორებული ბაფეტი ასტრიდზე 16 წლით უფროსი გახლდათ. ასტრიდი მის სახლში მალევე გადავიდა საცხოვრებლად. სრულუფლებიანი დიასახლისი კი თანაცხოვრებიდან 29 წლის შემდეგ გახდა.

წყვილმა ბაფეტის დაბადების დღეზე იქორწინა, როცა უორენს 76 წელი შეუსრულდა. ცერემონია 15 წუთს გაგრძელდა, ქორწილში მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები იყვნენ მიწვეული. ოფიციალური ხელის მოწერის შემდეგ ბაფეტი სამსახურში გაემართა.

ფლორა პერესი

მეუღლე: ამანსიო ორტეგა, კომპანია Zara-ს მფლობელი

ქონება: $64,5 დოლარი

13 წლის ამანსიოს სიღარიბის გამო სკოლის მიტოვება მოუხდა და პერანგების მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა. ასე დაიწყო ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის Zara-ს მფლობელის თავბრუდამხვევი ისტორია. ორტეგა წარმატებას ბევრ რამეში პირველ მეუღლეს, როსალიას უნდა უმადლოდეს. 1972 წელს სწორედ მან შესთავაზა მეუღლეს დაეწყო აბაზანის ხალათებისა და საცვლების კერვა. წყვილი 1986 წელს დაშორდა ერთმანეთს, მათი საერთო ქონება იმ დროისთვის მილიონობით დოლარამდე გაიზარდა. გაშორების მიზეზი კი ქერათმიანი ფლორა პერესი გახლდათ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ორტეგას პირადი თანაშემწე იყო. 1984 წელს მან ამანსიოს უკანონო ვაჟი გაუჩინა. ქალი 2 წელი ელოდა, სანამ ორტეგა ცოლს გაშორდებოდა, ოფიციალურად კი მისი ხელი მხოლოდ 14 წლის შემდეგ ითხოვა ესპანელმა მილიარდერმა.

ელენ მერსიე

მეუღლე: ბერნარ არნო, კომპანია LVMH-ს მფლობელი

ქონება: $37,2 მილიარდი

ბერნარ არნო - საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) იმპერიის მფლობელი, რომელშიც შედის შამპანიური Dom Perignon, საიუველირო კომპანია Bulgari, მოდური სახლები Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Fendi და სხვა მრავალი რამ. ასეთი ქმრის ყოლა ნებისმიერი მოდის მიმდევარი ქალის ოცნებაა. ელენი არნოს მეორე მეუღლეა. მერსიე 6 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული, სწავლობდა ვენის აკადემიასა და პარიზის კონსერვატორიაში.

ელენის თქმით, ურთიერთობის დასაწყისში ბერნარი მისთვის ჩვეულებრივი ბიზნესმენი იყო, მაგრამ როგორც კი მოისმინა არნოს მიერ შოპენის "რევოლუციური ეტიუდის" ვირტუოზული შესრულება, უმალვე შეუყვარდა იგი. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა, მათ სამი ვაჟიშვილი ჰყავთ. ამას არ შეუშლია ხელი ქალის პროფესიული კარიერისთვის: იგი წარმატებით აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას.

მაკენზი ბეზოსი

მეუღლე: ჯეფ ბეზოსი, Amazon.com-ის დამფუძნებელი

ქონება: $34,8 მილიარდი

როგორც ამბობენ, სწორედ მაკენზიმ შთააგონა მეუღლეს მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია შეექმნა. მაკენზიმ, პრესტიჟული პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჯეფს გაუმხილა, რომ ოცნებობს გახდეს მწერალი. ბეზოსმა, რომელიც იმავე პრინსტონში პროგრამირებას სწავლობდა, გააცნობიერა, რომ წიგნების ინტერნეტით გაყიდვა მომგებიანი ბიზნესი გახდებოდა. ასე განახორციელა ორივემ ოცნებები: ჯეფმა თავისი პირველი მილიონი იშოვა, მაკენზიმ კი პირველი რომანი "ლუთერ ოლბრაითის გამოცდა" დაწერა, რომლისთვისაც წიგნის ამერიკული პრემია აიღო. მეორე წიგნი "კიბეები" 2013 წელს გამოსცა. იმავე წელს კი მისმა მეუღლემ საგამომცემლო სახლი "The Washington Post" შეიძინა 250 მილიონ დოლარად.

ლუსი საუთვორტი

მეუღლე: ლარი პეიჯი, Google-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი

ქონება: $29,7 მილიარდი

ლარი პეიჯი - კომპიუტერის კიდევ ერთი გენიოსი, რომელიც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და სამსახურის გარდა არაფერს აქცევს ყურადღებას. Google-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ქონება კიდევ უფრო გაამრავლა, როდესაც მსოფლიოს უმსხვილეს საძიებო სისტემას Android-ის სისტემაც დაუმატა, რომელიც პლანეტის ყოველი მეშვიდე ადამიანის ტელეფონშია დაყენებული. მომავალ მეუღლესთან ქორწინებამდე პეიჯს მასთან 1-წლიანი ნაცნობობა აკავშირებდა. წყვილის ქორწილში მიწვეულნი იყვნენ U2-ს სოლისტი ბონო და ამერიკის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ლარის რჩეული 35 წლის ლუსი საუთვორტი 3 დიპლომის მფლობელი, მეცნიერებათა დოქტორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორია. მისი დისერტაცია პროგრესულ სამედიცინო ტექნოლოგიებს მიეძღვნა, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ. როგორც ცნობილია, google-ის დევიზია "ყველაფერი მოიძებნება", თუმცა თავად ლარი თავის პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. წყვილს პირველი ვაჟი 2009 წელს შეეძინა, თუმცა მისი სახელი დღემდე უცნობია. მეორე შვილი 2011 წელს გაჩნდა, თუმცა მისი სქესიც კი არაა ცნობილი.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს