"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი ზიკა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მისი სახელი უგანდაში მდებარე ზიკას ტყეს უკავშირდება, სადაც დაავადებამ პირველად იფეთქა 1947 წელს. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დაავადება თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის კონტინენტზე ვირუსის გავრცელებამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ბოლომდე "ზიკა" ვირუსით შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. ზიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ იმავე საფრთხის კატეგორიაში შეიყვანა, რომელშიც ებოლაა.

ზიკას გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები. ვირუსს უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან ორსულები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამ ვირუსით დასნებოვნებასა და გიიენ-ბარეს სინდრომს (ხასიათდება მწვავე აუტოიმუნური ანთებითი რეაქციით) შორის კავშირს.

იხილეთ ვიდეო

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში, დალასში ზიკათი ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს, რომელსაც ვირუსი სექსუალური კავშირის შედეგად გადაედო. ინფიცირებულს ჰყავდა პარტნიორი, რომელიც ვენესუელადან დაბრუნდა. ამერიკაში ამოწმებენ მექსიკიდან, კარიბის ზღვიდან, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ადამიანებს, რომლებიც უახლოესი ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ამ ადგილებში.

ბრაზილიაში, რომელსაც ვირუსმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, იძიებენ 3 670 საქმეს ბავშვებში მიკროკეფალიის (თავის ქალის არანორმალური სიპატარავე) თაობაზე, რაც ზიკას ვირუსთანაა დაკავშირებული. წინა კვირას გამოკვლეული 709 შემთხვევიდან 674 დადასტურდა.

თუ ზიკა სქესობრივი გზით ვრცელდება, მაშინ საშიშროება ყველა ქვეყანაში იქმნება და არა მხოლოდ იქ, სადაც კოღოები ბინადრობენ. ექიმების თქმით, სექსუალური გზით მისი გავრცელების შემთხვევები იშვიათია. თუმცა უცნობია, რამდენად ხშირია რეალურად სექსუალური გზით გადადება, შეიძლება თუ არა სიმპტომების გარეშე მისი გავრცელება, რამდენი ხანი რჩება ვირუსი სპერმაში და როდისაა უსაფრთხო სექსი.

რა უნდა ქნან მამაკაცებმა, როდესაც იმ ქვეყნებში მოხვდებიან, სადაც დაავადება ფართოდაა გავრცელებული? შეუძლიათ ქალებს სექსით ვირუსის გავრცელება? - ეს კითხვები მეცნიერებს აწუხებთ, თუმცა საჭიროდ არ თვლიან ისეთი პანიკის ატეხვას, როგორიც აივ ინფექციებს მოჰყვა თავის დროზე, რადგან "ზიკა" ხანმოკლე ინფექციაა და საგრძნობ საფრთხეს მხოლოდ ფეხმძიმობისას წარმოადგენს.

"ზიკა" ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები თითქმის არაფრით განსხვავდება გრიპის სიმპტომებისგან: ციება, ტკივილი სახსრებში, კუნთებისა და თავის ტკივილი, გამონაყარი და თვალების სიწითლე (კონიუქტივიტი). ვირუსის სიმპტომები რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. ვირუსი დაინფიცირებული ადამიანის სისხლში რამდენიმე დღე რჩება. სიკვდილიანობა იშვიათად ფიქსირდება.

რაც შეეხება მკურნალობას: ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა ან მედიკამენტი ზიკას ვირუსის პრევენციისთვის. სიმპტომების მკურნალობისთვის მედიკოსები დაავადებულს ურჩევენ მიიღოს ბევრი სითხე, რათა დეჰიდრატაცია აიცილოს თავიდან, არ გადაიტვირთოს, ტკივილისა და ციების საწინააღმდეგოდ მიიღოს აცეტამინოფენის შემადგენლობის მედიკამენტები, აკრძალულია ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, მაგალითად, იბუპროფენის.

მომზადებულია bbc.com-ის და cdc.gov-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს