მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს ქალბატონი საკრუიზო ლაინერ Crystal Serenity-ზე ცხოვრობს. მოხუცი ქვრივისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა - მან ფლორიდაში საკუთარი სახლი გაყიდა, რათა ცხოვრების უკანასკნელი წლები განუწყვეტელ მოგზაურობაში გაატაროს.

86 წლის ლი ვაჰტსეტერი წელიწადში $164 ათასს ხარჯავს, აქვს საკუთარი ლუქს-კლასის კაიუტა, აგემოვნებს გემის რესტორნების საუკეთესო კერძებს, საღამოობით კი სამეჯლისო ცეკვებით ირთობს თავს. მას ხშირად იწვევენ სადღესასწაულო ვახშმებზე, დადის გემის კინოთეატრში და ესწრება სხვადასხვა ლექციას.

"ეკიპაჟის წევრები ძალას არ იშურებენ, რომ გამაბედნიერონ. ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრივითაა ჩემთვის. უკლებლივ ყველა სურვილს მისრულებენ, ამისთვის ხმელეთზე დიდი დროის დაკარგვაც რომ დასჭირდეთ. ადრე ასეთი ყურადღება ჩემდამი არავის გამოუჩენია", - ჰყვება ლი. ქალბატონს გემზე ყველა მიმართავს როგორც "დედა ლი". ბლოგერი პენი ჰო, რომელმაც მოხუცი იტალიაში კრუიზის დროს გაიცნო, ამბობს, რომ ლი პირველი ადამიანია დედამიწის ზურგზე, რომელმაც დაანახა, თუ რა არის ცხოვრებით ტკბობა.

დედა ლი Crystal Serenity-ზე 2008 წლიდან ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ეს გემი კარგი საცეკვაო პროგრამის გამო შეარჩია. "მე და ჩემს მეუღლეს მოგზაურობა გვიყვარდა. გარდაცვალებამდე, 1997 წელს მან მითხრა: "ლი, განაგრძე მოგზაურობა. არასოდეს გაჩერდე"... და აი, ვაგრძელებ კიდეც".

"სანამ ამ გემზე დავიწყებდი ცხოვრებას, მსოფლიოს გარშემო ლაინერ Holland America-ზე ვმოგზაურობდი 3 წლის განმავლობაში. შემდეგ მათ ცეკვის კლასი დახურეს და ამის გამო წასვლა გადავწყვიტე. დიდი ხანია ყოველ საღამოს რამდენიმე საათი ვცეკვავ ინსტრუქტორთან ერთად".

გარდა ამისა, ბებო ჰყვება, რომ ცხოვრების განმავლობაში ასზე მეტი ქვეყანა მოიარა. მისი საყვარელი ქალაქი სტამბოლია. "თავს ვერ ვიკავებ სტამბოლის გრანდ ბაზარში გასეირნებისგან, სადაც ულამაზესი ფერადი და ბრჭყვიალა კაბა იყიდება, რომელიც ჩემი ცეკვებისთვის იდეალურია. ჩემს კაიუტაში დიდი ადგილი არ მაქვს, ამიტომ თავის შეკავება მმართებს ხოლმე. მაგრამ როდესაც საქმე შოპინგს ეხება, ხმელეთზე პირველი ვხტები".

ამჟამინდელი ცხოვრების ყველაზე დიდ სირთულედ ბედნიერი პენსიონერი იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მისი შვილები და შვილიშვილები მაიამიში ცხოვრობენ და მუდმივად ენატრება ოჯახის წევრები. თუმცა, მათთან სკაიპისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხშირად აქვს კონტაქტი.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს