"ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - ემიგრანტის წერილი იტალიიდან

"ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - ემიგრანტის წერილი იტალიიდან

ეს დახვეწილი წერილი იტალიიდან, ქალბატონმა ლიამ გამოგვიგზავნა. განათლებული ქალბატონი ხშირად გვანებივრებს თავისი ხან ძალიან ნაღვლიანი, ხანაც - მხიარული თავგადასავლებით და სავარაუდოდ, ამით იკლავს წერის ჟინსაც და შორიდან ეფერება ყველაფერ ქართულს, რომელიც ასე ძალიან ენატრება (წერილის სტილი დაცულია):

"როდესაც ვინმე ძალიან ბევრ თამბაქოს აბოლებს, იტალიელები მასზე ამბობენ: ეწევა, როგორც თურქიო!.. წლების წინ მყავდა ერთი იტალიელი "ღამის ბებია", რომელიც ერთი კი არა, ორი თურქივით ეწეოდა! ხოლო ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისე აბოლებდა, როგორც დენიკინის დროინდელი "პარავოზი". სანთებელაც კი არ სჭირდებოდა, საგარეტს პირდაპირ სიგარეტიდან უკიდებდა, ხოლო ნიკოტინით გაჭედილი ფილტვებიდან ისეთი ბოხი და ჩახლეჩილი ხმა ამოსდიოდა, რომ 100 წლის თავდაჯერებულ ყვავსაც შეშურდებოდა!.. სიცილის დროს კი ისეთ ფსტვენისა და ექოს ხმას გამოსცემდა, იფიქრებდი, რომ მეორე ადამიანი მის შიგნით იჯდა!..

ახლა "ღამის ბებიას" იმიტომ ვეძახი, რომ მხოლოდ ღამით მივდიოდი მასთან, ასე ვთქვათ, დასაძინებლად (თუ იმას ძილი ერქვა!). ჩემი ძირითადი მოვალეობა ის იყო, რომ სახლი გადამერჩინა ხანძრისაგან, რომელსაც ბებო ანთებული "ბიჩოკებით" აჩენდა!.. ერთი ღერის მოწევას რომ დაასრულებდა, მეორეს აანთებდა, პირში გვერდულად გაიჩრიდა, მოჭუტავდა მარჯვენა თვალს და წკიპურტით "ბიჩოკს" ოთახში ისროდა. ეს აალებული "ბიჩოკი" კი ხან დივანზე "წამოწვებოდა", ხან კარადის თავზე "შემოსკუპდებოდა", ხან კიდევ, პირდაპირ იატაკზე ღაფავდა სულს და იფერფლებოდა!.. მოკლედ, მთელ სახლს ნაცეცხლარისა და ნახანძრალის კვალი ეტყობოდა!..

თავიდან ხანძრის ჩასაქრობი "ბალონით" დავდევდი "ბიჩოკებს" და ამდენ კვამლსა და ცეცხლში ისე გამოვიწვრთენი, მოწინავე მეხანძრესაც კი შეშურდებოდა ჩემი სიმარდე!..

ჩვენებურად რომ ვთქვათ, კარგი ვაჟკაცი-მჭამელი-მსმელი-მწეველი და ყარაჩოხელი ქალი იყო ჩემი ანჯელა(ახალ­გაზრდობაში თევზაობდა და ნადირობდა კიდეც!)! კი, ბატონო, ანჯელა ერქვა! ანჯელა ანუ ანგელოზი! აი, რატომ არ უნდა დაარქვა შვილს სახელი მანამ, ვიდრე არ წამოიზრდება!..

ანჯელას მხრებზე ორი თეთრი, ფუმ­ფულა და მოშრიალე ფრთა კი არა, ორი გაპუტული "ბუნდღაც" კი არ ჰქონდა ამ სახელის გასამართლებლად! ხოლო თავს ზემოთ მოლივლივე, მრგვალ და მბრწყინავ დიადემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ანჯელას "სრაზუ" გადავუნათლე სახელი და დემონა დავარქვი (დემონი ანუ დაცემული ანგელოზი! შინაურობაში ეშმაკი, რა!), ამით მე გულს ვიქარვებდი და იმისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას ვიტყოდი, ყურში მაინც არ ესმოდა!..

საერთოდ, ახალ სამსახურში რომ მივდივარ, სიტუაციას "ვამუღამებ" და ვეძებ გზებს, თუ როგორ გავაძლებინო თავს, თორემ ამათ თავიანთი საუკეთესო ცხოვრება უკვე "მოჭმული" აქვთ და მე თუ თავს არ გავუფრთხილდი, ამათსავით, მეც მალე "დავერეკები"!

თავიდან ოჯახის წევრებს რომ ვეცნობი, ქართულ ფილმში - "ქეთო და კოტე" მაჭანკალი მზითევის დავთარს რომ კითხულობს, დოლის თანხლებით (რიტმში რომ ჩაჯდეს!), ისე დავაძრობ ხოლმე ჩემს დახასიათებებს და ისე ვიქებ თავს, რომ ფეხს ძირს არ ვადგმევინებ! დავთარის წაკითხვის ბოლოს გულში ვფიქრობ:

- ხართ ახლა თქვენ ჩემი ღირსი?!

ანჯელას ერთადერთი დისშვილი ჰყავდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის წაიყვანდა მიქელ-გაბრიელი ანჯელას, რომ სახლის საერთო კედელი გამოეტეხა და თავისი ბინა გაეფართოებინა!.. დისშვილმა ჩემი მზითევის (პარდონ!)

ანუ ჩემი გამოცდილების "სიას" რომ მოუსმინა, წარბები შუბლზე აუვიდა და გახარებულმა მითხრა: მგონი, მივაგენი ადამიანს, ვინც ანჯელას გაუძლებსო!!! დრომ დამარწმუნა, რომ გულწრფელი აღიარება იყო! ოღონდ, უნდა ეთქვა, მე და ანჯელას ვინც გაგვიძლებსო!..

მოკლედ, ჯერ დავადგინე, რა სიხშირითა და ტრაექტორიით ისროდა ჩემი ანჯელა-დემონა ცეცხლოვან "ბიჩოკებს". ავიღე მისი პატარა სათევზაო ბადე, რომელიც გრძელ ჯოხზე იყო დამაგრებული, როგორც კალათბურთის კალათი, დავადგინე "დაბომბვის ეპიცენტრი" ანუ მოვნიშნე ადგილი, სადაც იატაკი უფრო მეტად იყო ამომწვარი, დავდგი სავარძელი, ჩავსკუპდი და თან ტელევიზორს ვუყურებდი და თან, დემონას ნატყორცნ "ბიჩოკებს" ჰაერშივე ვიჭერდი! ე.ი. მე და დემონა კალათბურთს ვთამაშობდით სათევზაო ბადითა და "ბიჩოკებით". ასე და ამრიგად, სახანძრო "ბალონი" ამოვიღე ხმარებიდან და დავკიდე კედელზე!..

ამ თამაშმა გაამხიარულა ჩემი ანგელოზა და ისე ხარხარებდა, როგორც ბოროტები მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. მერე გაეშმაკდა და სიგარეტის მოწევას რომ დაასრულებდა, ქვევიდან გამომხედავდა, ყურადღება ხომ არ მოადუნაო?! რა იცოდა ჩემმა "ჯორდანმა", რომ კალათბურთი ჩემი სისუსტეა და ყველა ილეთი "დამხეცებული" მაქვს!

ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემდა საუბედუროდ, ანჯელას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ამიტომ, ყოველ საათში გონება წაეშლებოდა ხოლმე და თავიდან უნდა გავცნობოდით ერთმანეთს. მეკითხებოდა, თუ ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი, იქ რა მინდოდა და სიგარეტს რატომ არ ვეწეოდი? ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს