მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს

მსოფლიოს 7 საუკეთესო შეფ-მზარეული, რომელთა შესახებ ყველა გურმანმა უნდა იცოდეს

სამზარეულოს ამ ჯადოქრებს შეუძლიათ რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ კლიენტად აქციონ, ისინი საკუთარი სატელევიზიო შოუების წამყვანები არიან, მათზე იღებენ ფილმებს... აი ისინიც - ყველაზე ნიჭიერები, წარმატებულები, თავიანთ სამსახურზე უზომოდ შეყვარებულები - მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულები:

ჯეიმი ოლივერი

ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული, შოუმენი, ცნობილია როგორც "შიშველი მზარეული". სწორედ ამ სახელწოდებით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და შემდგომ ერთ-ერთი პირველი წიგნი ჯანსაღ და გემრიელ კვებაზე. ჯეიმი აქტიურად იბრძვის ერის სიჯანსაღისთვის, მიიჩნევს, რომ სწორედ ბრიტანელების კულინარული მისწრაფებებისგან იწყება იგი. წიგნები, სატელევიზიო გადაცემები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლები - ეს გახლავთ ჯეიმის უდიდესი წვლილი ჯანსაღი კვების მსოფლიო ფილოსოფიაში. ოლივერი სამეფო სამედიცინო კოლეჯის საპატიო სტიპენდიანტია, ასევე ის საფეხბურთო კლუბის "მანჩესტერ სითის" შეფ-მზარეული გახლავთ.

გორდონ რამზი

ცნობილი კულინარული ტელეპროგრამების "ჯოჯოხეთური სამზარეულო", "დუღილის წერტილი", "კოშმარები რამზის სამზარეულოში" ავტორი და წამყვანი. სატელევიზიო კარიერის მიღმა, რამზი 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია ინგლისში, ასევე 12 რესტორნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მზარეულის პირველმა რესტორანმა - Gordon Ramsay at Royal Hospital Road - გახსნიდან 3 წელიწადში მიშლენის 3 ვარსკვლავი მიიღო. სხვა რესტორანმა Pétrus კი გახსნიდან 1 წელიწადში მიშლენის 1 ვარსკვლავი.  ასევე გორდონ რამზი არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ბესტსელერი გახდა.

ალენ დიუკასი

ალენ დიუკასმა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დამხმარედ მუშაობიდან ცნობილ შეფ-მზარეულამდე გრძელი გზა გაიარა. ის პროვანსული სამზარეულოს სპეციალისტი და წარმატებული რესტორატორი გახლავთ. დიუკასის რესტორნები ტოკიოში, მონაკოში, პარიზში, ნიუ იორკსა და ბეირუთში მდებარეობს. სწორედ ალენის დამსახურებაა, რომ მაღალი წრეების სამზარეულო გაცილებით მარტივი და გასაგები გახდა ადამიანებისთვის, რომლებიც ბოჰემისგან შორს არიან.

ალენ დიუკასის ფილოსოფია გახლავთ ტრადიციებზე დაფუძნებული შემოქმედება. დღესდღეობით იგი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.

მარიო ბატალი

ამერიკელი მარიო ბატალი იტალიური სამზარეულოს სპეციალისტი, უამრავი წიგნისა და კულინარული გადაცემის ავტორი გახლავთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარიო რესტორანში Stuff Yer Face ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო, მაგრამ მალევე დაწინაურდა და მზარეული გახდა.

1985 წელს ბატალი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად და სუში-ბარის შეფ-მზარეულად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი სანტა ბარბარას ცნობილ რესტორანში La Marina-ში დაიმკვიდრა ადგილი. დროთა განმავლობაში მარიო ბატალის კულინარულმა შესაძლებლობებმა მთელ ამერიკაში გაითქვა სახელი და მას ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებში იწვევდნენ სამუშაოდ. 1993 წელს მარიომ თავისი პირველი რესტორანი გახსნა, სახელწოდებით  Pо, ამჟამად მას რესტორანთა დიდი ქსელი აქვს.

ნობუიუკი "ნობუ" მაცუჰისა

ნობუ ცნობილია როგორც ფიუჟენ-სამზარეულოს აპოლოგეტი. ის თავის კერძებში კლასიკურ იაპონურ მოტივებს არგენტინული და პერუანული სამზარეულოების ინგრედიენტებს უთავსებს. შეფი იაპონიაში, პერუსა და არგენტინაში მუშაობდა და დღემდე იყენებს დაგროვილ გამოცდილებას ლოს-ანჯელესში, სადაც ამჟამად მოღვაწეობს. პირველივე რესტორნის Matsuhisa გახსნისთანავე, ნობუიუკი ქვეყნის საუკეთესო მზარეულების ათეულში მოხვდა. დღეს ყველა კრიტიკოსი და მაღალი სამზარეულოს მოყვარული აღნიშნავს, რომ ეს მზარეული ქმნის კერძებს, რომლის ანალოგი არ არსებობს.

რესტორანთა ქსელი Nobu, რომელიც მაცუჰისამ რობერტ დე ნიროსთან ერთად გახსნა, მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და ამით რესტორანს მეტად პოპულარულს ხდიან. ნობუმ 2 წიგნი გამოსცა, იგი რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

პოლ ბოკიუზი

ეს ფრანგი შეფ-მზარეული ცნობილია როგორც კულინარული კონკურსის "ოქროს ბოკიუზი" ხელმძღვანელი და ფრანგული მაღალი კულინარიის საზოგადოების დამაარსებელი. მისი სამზარეულოს ფილოსოფიის ძირითადი არსი გახლავთ პროდუქტების ნატურალური გემო, ახალი ინგრედიენტები, უბრალოებისა და პიკანტურობის შეთავსება თითოეულ კერძში, უარი სოუსებს, რომლებიც პროდუქტების გემოს ცვლიან.

პოლ ბოკიუზი ღვინოს აწარმოებს, არის რესტორნების მფლობელი, ატარებს ლექციებს, ხშირად გამოდის ტელევიზიით. რამდენიმე წლის წინ მას საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭეს ფრანგულ გასტრონომიაში შეტანილი წვლილისთვის. 1989 წელს სარესტორნო საპატიო გიდმა Gault Millau ბოკიუზს საუკუნის შეფ-მზარეულის წოდება მიანიჭა.

ვოლფჰანგ პაკი

ავსტრიული წარმოშობის შეფ-მზარეული ცნობილი გახდა კერძების მომზადების არასტანდარტული მიდგომით. ვოლფჰანგ პაკს აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი აქვს, ასევე რამდენიმე კულინარიული ბრენდი, მათ შორის Cut და ფასთფუდის ქსელი Wolfgang Puck Express. მისი ორიგინალური ბუტერბროდები მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებში იყიდება.

პაკი გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს კინოპრემიერებისთვის, მოდების ჩვენებებისთვის. სწორედ ვოლფჰანგ პაკია პასუხისმგებელი ოსკარის დაჯილდოების შემდგომ გამართულ ვახშამზე. შეფ-მზარეულმა 6 კულინარული წიგნი გამოსცა, აწარმოებს ნახევარფაბრიკატებს და სამზარეულოს მოწყობილობას.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს