"ისე გააჩინა ტყუპი, დღემდე დაქალებმაც არ ვიცით ვინ არის მამა"

"ისე გააჩინა ტყუპი, დღემდე დაქალებმაც არ ვიცით ვინ არის მამა"

ერთი ულამაზესი და უჭკვიანესი მეგობარი გვყავს - "ორწითელდიპლომიანი" ლელა, რომელმაც თეორიული ცოდნა მალე გარდაქმნა წარმატებულ პრაქტიკად და ისეთი ბიზნესი დაატრიალა, თავად ხომ არაფერი უჭირს და ჩვენც, მხოლოდ მისი იმედი გვაქვს, როგორც უნდა გაგვიჭირდეს. ბავშვობაშივე ვფიქრობდით, რომ ასეთ გოგოს დიდხანს არავინ დატოვებდა გაუთხოვარს და ასეც მოხდა - სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, უბნის ყოჩმა ბიჭმა რომ მოიტაცა. ნებით ვერანაირ ურთიერთობაზე ვერ დაითანხმა, მაგრამ არც სახლში გამოუშვა. ბედს თითქოს ყველა რომ შეეგუა და ქორწილისთვის დავიწყეთ მზადება (ჯერ კიდევ ის დრო იყო, მონატაცები გოგოს სახელი თუ გქონდა, მომავალი საქმროს ოჯახის წევრები აუცილებლად დაგიწუნებდნენ), მაშინ დაბრუნდა შინ. თანაც, ხმა გავარდა: ისე უცემია ის უბედური ბიჭი, პოლიცია მოძალადეს კი არა, ლელას დასდევს დასაჭერადო...

უიღბლო სასიძო მერე კი იმართლებდა თავს ყველგან: გოგო იყო, თანაც, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და ხელს როგორ შევუბრუნებდიო?! მაგრამ ლელას ეცინებოდა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლებოდა: კარატეზე იმიტომ დავდიოდი, ასეთ სულელებს რომ გავმკლავებოდიო, - და მართლაც, აღარავის გასჩენია მისი მოტაცების სურვილი კი არა, უბრალო დაახლოებისაც კი, რაზეც თავიდან გვეცინებოდა, მაგრამ ოცდაათსაც რომ გადააბიჯა და მის გვერდით კაცი ვერა და ვერ დავინახეთ, ავნერვიულდით. თანაც, ეს ჩვენი მეგობარი დედისერთაა და მისი მშობლების საცოდაობაც გვწვავდა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ შვილიშვილები და ლელას ყურები გამოუჭედეს პატარებზე საუბრით... დაფეხმძიმდა და ცხრა თვეში ულამაზესი ტყუპიც გააჩინა: ლაზარე და ცისია, რომლებიც შარშან პირველ კლასში წავიდნენ და დღემდე არ ვიცით, ვინ არის მათი მამა. ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა ასე და საიდუმლო უახლოეს დაქალებსაც არ გაგვიმხილა. - ორმა თუ იცის, ქვეყანასაც მოედება ამბავი. მე კი არაფერში მჭირდება ზედმეტი ჭორი და მით უმეტეს, იმ კაცს, რომლისგანაც შვილები მყავსო! - გამოგვიცხადა კატეგორიულად.

თავიდან მშობლები გაუნაწყენ­დნენ "ოჯახის შემარცხვენელს" და სახლიდან გაგდებითაც დაემუქრნენ, მაგრამ არც ეს უდარდია. მთელი ორსულობის პერიოდი ნაქირავებ ბინაში გაატარა: ჩემს მშობლებს კარგად ვიცნობ. დაინახავენ შვილიშვილს და უცებ მაპატიებენ ყველაფერს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევიან, ისევ საკუთარ თავს დააზარალებენ. ხომ იცით, მე არც მათი მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდება ცხოვრების გაგრძელებაო...

მართალიც აღმოჩნდა: ნახეს თუ არა ბავშვები პაპა-ბებიამ, ორი კვირაც ვერ გაძლეს მათ გარეშე და ლელა ზარ-ზეიმით დააბრუნეს შინ, სხვა ბედნიერება აღარც უნატრიათ. ლელას მეგობრები კი ვერ ვისვენებთ დღემდე, ვერ ვეგუებით მის მარტოობას და ვცდილობთ, ვინმე გავურიგოთ. აღარც კი ვიცით, ჩვენი მერამდენე მცდელობა მთავრდება წარუმატებლად. მხოლოდ ჩვენი ფსიქოლოგი მეგობარი და ჟურნალ "გზის" ერთგული მკითხველების ნაცნობი - ხატია ხომერიკი არ გვიბამს მხარს და გვტუქსავს კიდეც:

- ხომ ხედავთ, რომ ბედნიერია თავისი ცხოვრებით და სულაც არ განიცდის, მამაკაცი რომ არ უმაგრებს ზურგს?! თუ მოუნდება გათხოვება, ასეთი ძლიერი ქალი სხვისი დახმარების გარეშეც მოახერხებს. საერთოდ, მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი ასეთი მიდგომა, რომ თუ ქალი გათხოვილი არ არის, საზოგადოება მას უბედურად მიიჩნევს და სიბრალულით უცქერს. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს