და-ძმა კარლოს და კამინო ალონსოები დიდ ქალაქში გაიზარდნენ და ყოველთვის ოცნებობდნენ სახლზე სოფელში, სადაც ზაფხულობით მთელი ოჯახი შეძლებდა დასვენებას. როდესაც წამოიზარდნენ და მყარად დადგნენ ფეხზე, გადაწყვიტეს, სანუკვარი ოცნებისთვს ფრთები შეესხათ.
ოჯახმა გადაწყვიტა, ქალაქგარეთ შეეძინათ პატარა სახლი მიწის ნაკვეთით, სადაც ზაფხულობით ოჯახი დასასვენებლად ჩავიდოდა, სხვა სეზონზე კი ის სასტუმროს ფუნქციას შეითავსებდა.
კარლოსმა და კამინომ უძრავი ქონების უამრავი განცხადება განიხილეს, მათ შორის შემთხვევით წააწყდნენ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო მიტოვებული ბოსელის გაყიდვის თაობაზე. ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ ეს ბოსელი ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობდა და, რაც მთავარია, ძალიან იაფი ღირდა. საბოლოოდ, სწორედ ფასმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და და-ძმამ არჩევანი ბოსელზე შეაჩერა.
ბოსელში გააკეთეს კაპიტალური რემონტი. ყოფილი ბოსელის სივრცე დაყვეს ოთახებად, რომელიც აღჭურვეს ავეჯით და გააფორმეს თანამედროვე დიზაინით. გადაწყვიტეს, ფასადისთვის ხელი არ მოეკიდებინათ. ასევე უცვლელი დატოვეს ქვის კედლები, რომელიც შუა საუკუნეების სასახლის ატმოსფეროს ქმნის.
და-ძმის სიამაყე წყალსაცავია, რადგან ბოსელში წყალი უბრალოდ არ იყო. ახლა კი, ფილტრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ჩვეულებრივად არის შესაძლებელი აქაური ონკანის წყლის დალევა. გარდა ამისა, იქვე ახლოს მდებარე წყალი ავსებს ეზოში განთავსებულ აუზს. ესპანეთის ცხელი კლიმატის გათვალისწინებით, ეს აუზი ეზოში პირდაპირ მისწრებაა.