შრიფტი
09:14 / 26-09-2017
ყველა დეტალი რაც უნდა იცოდეთ, მეორადი ავტომობილის შეძენისას რომ არ მოტყუვდეთ
მეორადი ავტომობილის შეძენა ბევრად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ვიდრე ახლის, მაგრამ თუ ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებთ, მიიღებთ გამართულ მეგობარს მისაღებ ფასად.

- არჩევისას, პირველ რიგში დააკვირდით გამყიდველს, მოუსმინეთ მის მონათხრობს ავტომანქანის მოხმარების და მოვლის შესახებ, დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მოგვიანებით, როცა მოხდება ავტომანქანის ავტოსერვისში შემოწმება, შეადარეთ მფლობელის მონაყოლი რეალობას. თუ შეატყეთ, რომ თქვენს მოტყუებას შეეცადნენ - უმჯობესია თავი შეიკავოთ მსგავსი საეჭვო შენაძენისგან.

- დაინტერესდით, მწყობრშია თუ არა ავტომანქანის და მფლობელის საბუთები, ხომ არ ირიცხება ყადაღა, დავალიანება, ჯარიმა (ლომბარდი, ავტო სესხი და ა.შ.). მოისმინეთ ყველა ინფორმაცია გამყიდველისგან და გადაამოწმეთ.
- ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომანქანის ისტორიის შემოწმება იოლად შეგიძლიათ სპეციალურ საიტებზე. მცირე საფასურის სანაცვლოდ შეიტყობთ, თუ რა გადახდა თქვენს მომავალ ავტოს წინა ცხოვრებაში. "ჩამოყრილი" მანძილის მთვლელი და გადატანილი მძიმე საგზაო შემთხვევა საკმარისი მიზეზია მსგავსი მანქანის ყიდვაზე უარის სათქმელად.

იხილეთ ვიდეო: 7 რამ, რაც საქართველოში მანქანის გამყიდველებს არ უნდათ, რომ თქვენ იცოდეთ

- ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია. შედარებით მოვლილია გერმანიაში, ხოლო ნაკლებად იტალიაში და ჰოლანდიაში შეძენილი ავტომანქანები.

- ნუ შეიძენთ ავტომანქანას დაჩქარებულად, ავტობაზრობაზე თუ კერძო პირისგან - როცა გვერდით უამრავი "მრჩეველი" გყავთ, ხოლო ავტომანქანის მფლობელი ხოტბას ასხამს მისი საქონლის გამორჩეულ მდგომარეობას და თვისებებს - სერვისში აღმოჩენილი, თუნდაც მცირე დეფექტები სულ ცოტა ნერვებს დაგიზოგავთ, ამასთან ერთად შეგეძლებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი მანქანის მწყობრში მოსაყვანად.

- იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანები, როგორც წესი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან და გარბენიც ნაკლები აქვთ, ვიდრე ევროპა-ამერიკულებს. თუმცა ილუზიებს ნუ აყვებით - მეორადი მანქანა მეორადია იაპონიაშიც - იქაც იყრება ზამთარში გზებზე მარილი, ხდება საგზაო შემთხვევები და არსებობენ დაუდევარი მძღოლები, რომლებიც არც თუ ისე დიდ ყურადღებას უთმობენ ( განსაკუთრებით გაყიდვის წინ ) მოძველებულ მანქანებს.

- იაპონური ავტომანქანის შეძენისას მოითხოვეთ ე.წ. შეფასების ფურცელი და იქ მითითებული სარეგისტრაციო ნომრით გადამოწმეთ მისი ნამდვილობა შესაბამისი ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით , სადაც შესაძლებელია უკანასკნელ პერიოდში აუქციონებზე გაყიდული ავტომანქანების სტატისტიკის ნახვა. გადაამოწმეთ ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის სისწორე ( ხშირია შემთხვევები, როცა ხდება ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის გადაკეთება, რეალური შეფასების ქულის შეცვლა და ა.შ.).

- შეამოწმეთ ავტომანქანა დღის შუქზე

- თხოვეთ გამყიდველს, რომ თქვენს მისვლამდე არ დაქოქოს მანქანა ( ცივი ძრავი მეტს გეტყვით მის მდგომარეობაზე ).

- გამყიდველთან სატელეფონო საუბრისას დააზუსტეთ:
  • გამოშვების წელი
  • გარბენი
  • საქართველოში ექსპლუატაციის დრო ( როდიდან არის საქართველოში )
  • მიღებული აქვს თუ არა რაიმე სახის დაზიანება
  • გამოცვლილი აქვს თუ არა ძარის რომელიმე ნაწილი
  • არის თუ არა შენაღები
  • სალონის მდგომარეობა
  • საბურავების მდგომარეობა
  • ძრავის მიერ ზეთის გადამეტებული მოხმარება
  • გადაცემათა კოლოფის მდგომარეობა
  • აკუმულატორის მდგომარეობა
  • ბოლოს ჩატარებული სერვისი
  • შეცვლილი სახარჯი სითხეები და სამუხრუჭე ხუნდები
  • წინა მფლობელთა რაოდენობა
  • მისთვის ცნობილი ავტომანქანის მოუგვარებელი დეფექტი
  • გათბობა - კონდიცირების სისტემის გამართულობა
მეორადი ავტომანქანები შეიძლება გაიყოს ორ კატეგორიად

1. საქართველოში ჯერ არ ექსპლუატირებული, ან
საქართველოში მცირე გარბენის მქონე
2. საქართველოში 4-6 თვეზე მეტ ხანს ექსპლუატაციაში ნამყოფი.
რა თქმა უნდა მე-2 კატეგორიაში გვხვდებიან კეთილსინდისიერი ავტომფლობელებიც, რომლებიც გულდასმით უვლიან თავიანთ ავტომანქანებს და გაყიდვის გადაწყვეტილების შემთხვევაში ზრუნავენ მომავალ პატრონზე, არ ტოვებენ რა არც ერთ აუცილებელ სერვისს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ძალზედ იშვიათი გამონაკლისია. მე-2 კატეგორიაში ხსენებული ავტომანქანები განსაკუთრებით დაკვირვებით უნდა შემოწმდეს - უხარისხო საწვავი, დიდი სერვის-ინტერვალები, და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი (რაც ხელს უშლის მფლობელს დროულად მოუაროს მანქანას და ჩაუტაროს ხარისხიანი სერვისი ) დაღს ასვამს ავტომობილს და უსიამოვნო სიურპრიზების ნაკრები თითქმის გარანტირებული გაქვთ.

- მოერიდეთ შიდა და გარე "ტუნინგით" დახუნძლულ ეგზემპლარებს - მათ მფლობელთა ძირითადი ყურადღება ვიზუალურ მხარეზეა გადატანილი, ასევე ხშირად ისინი უარს არ ამბობენ მართვის აგრესიულ სტილზე, რაც ისედაც მოძველებული აგრეგატების უფრო მეტ ცვეთას იწვევს.
- გახსოვდეთ , რომ "იაფი ყველი მხოლოდ ხაფანგშია" ! საბაზრო ფასთან შედარებით იაფი ავტომანქანის შეძენიდან ცოტა ხანში, მსგავსი ავტომანქანის ახალი პატრონის ხარჯები, გადახდილ საფასურთან ჯამში გარანტირებულად ჩაუქროლებს და გადაასწრებს ხსენებულ "საბაზრო ფასს". რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, მაგრამ იაფი ავტომანქანის შეძენისას არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება და ყოველმხრივ შეამოწმეთ იგი. ხშირია გარბენის მანიპულაცია, მაგრამ მხოლოდ შეცვლილი ციფრებით გამოუცდელი მყიდველი თუ მოტყუვდება. გარბენის გარდა უნდა დააკვირდეთ:
1. საჭე - ცვეთაზე.
2. სატერფულები ("პედლები") ცვეთაზე.
3. მძღოლის სკამი - ცვეთაზე, მოშვებული, ჩავარდნილი.
4. გადაცემათა კოლოფის სახელური - ცვეთაზე.
5. საქარე მინა - მცირე კენჭებით გამოწვეული წინწკლები.
6. ავტომანქანის წინა ნაწილი - "ცხვირი" და გარე სარკეების წინა მხარე - მცირე კენჭებით გამოწვეული წინწკლები.
7. სამუხრუჭე სისტემა წინ და უკან - ცვეთაზე. თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან სამი ან ოთხი დადასტურდა, ე.ი. გარბენი "ჩამოყრილია".

- აუცილებლად მოითხოვეთ ავტომანქანით საცდელი გასეირნება. აწიეთ ფანჯრები ბოლომდე, გამორთეთ რადიო, მოითხოვეთ თანამგზავრებისგან სიჩუმე და დააკვირდით სავალი ნაწილებიდან თუ ძრავა-ტრანსმისიიდან მომავალ ყველა უჩვეულო, უადგილო ხმაურს ( ხშირად დეფექტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ამ გზით და შეუძლებელია ამწეზე და კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეშვეობით ). სერვისი ბევრ პუნქტს მოიცავს, მაგრამ მზრუნველი პატრონის ცნობა იოლად შეიძლება :
1. რადიატორში ასხია სუფთა " ანტიფრიზი" და არა წყალი
2. ძრავში და კოლოფში ზეთი შეესაბამება ქარხნულ მოთხოვნებს და შეცვლის პერიოდი არ არის დარღვეული
3. ნათურები მწყობრშია
4. გათბობა-კონდიცირება გამართულად მუშაობს ( ფრაზა - "ფრეონის დამატება უნდა" ნუ მოგატყუებთ, პრობლემა შესაძლოა კონდიციონერის რადიატორში ან კლიმატკომპრესორშია - მათი შეკეთება კი ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე "ფრეონის" დამატება )
5. გამოცვლილია კბილანა ღვედი
6. კატალიზატორი ადგილზეა
7. არ ანთებს "Check engine" ნათურა
8. საბურავები ერთნაირია და ერთგვარად არის გაცვეთილი ( დაცულია სეზონურობა )
9. არ არის დაზიანებული მაყუჩი
10. სავალი ნაწილებიდან არ ისმის "ორკესტრის" ხმა
11. სალონი არ არის დაბინძურებული - უბრალოდ დაემშვიდობეთ, თუ გეუბნებიან, რომ - ავტომანქანა მას არ ეკუთვნის და ვერაფერს იტყვის მის მდგომარეობასა და ჩატარებული სერვისების შესახებ.

ვიზუალური დათვალიერება:
გარედან
1. ჟანგის არსებობა
2. ღრიჭოები ძარის თუნუქის დეტალებს შორის - არათანაბარი ზომები შესაძლოა საგზაო შემთხვევის ბრალი იყოს.
3. მაშუქები - თუ ერთ-ერთი ( ან ორივე ) ახალია, შესაძლოა ავტომანქანას ახალი მაშუქის მხარეს მექანიკური დაზიანება აქვს მიღებული. ორივე ახალი მაშუქის შემთხვევაში კი შესაძლოა დაზიანება მნიშნველოვანი იყო.
4. დააკვირდით ძარის თუნუქის დეტალებს - საღებავი უნდა იყოს ერთი ფერის, ლაქი არ უნდა იყოს აქერცლილი, არ უნდა არსებობდეს საღებავის ჩამონაღვენთი.
5. თუ ერთ-ერთი სანომრე ნიშანი ახალია მეორეზე ( ან დაზიანებული და განასწორებია ), დაინტერესდით, ხომ არ გადაუტანია ავტოს საგზაო შემთხვევა.
6. ძარის მოძრავი დეტალები ( კარი, საბარგული, ძრავის ხუფი ) თანაბრად და ძალისხმევის გარეშე უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს.
7. გააჩერეთ ავტომანქანა სწორ ზედაპირზე. შეხედეთ ოთხივე მხრიდან. თუ გეომეტრია დარღვეულია, შესაძლოა ავტომანქანამ საგზაო შემთხვევა გადაიტანა.
8. დააკვირდით მანქანის "ცხვირის" შეერთების ადგილს - თუ აღმოაჩინეთ ახალი შედუღების კვალი, შესაძლოა მას უბრალოდ ახალი "ცხვირი" მიაკერეს.
9. სავალ ნაწილებზე მისხურებული ახალი ანტიკოროზიული ფენა შესაძლოა მძიმე ჟანგის კერებს ფარავდეს.
10.დააკვირდით საბურავებს - არათანაბარი ცვეთა წინ თუ უკან, სავალი ნაწილის გეომეტრიის დარღვევაზე მიანიშნებს, რაც შესაძლოა მხოლოდ თვლების შეყრის დარეგულირების შემდეგაც ვერ გამოსწორდეს - სასურველია უფრო დეტალური დიაგნოსტიკა.
11. შეამოწმეთ საბარგულში საფენის ქვედა სივრცე - ამ ადგილას ჟანგის კერა და საგზაო შემთხვევის კვალი ადვილად აღმოსაჩენია.

შიდა დათვალიერება:
1. დამსკდარი წინა პანელი ("ტორპედო") - ზიანდება როგორც მზის სხივებისგან, ასევე ფრონტალური ავარიის შედეგად.

2. გადაატრიალეთ გასაღები ე.წ. "მასის" პოზიციაში( როცა აინთება ნათურები, ხოლო ძრავი არ მუშაობს ) დააკვირდით ნათურებს - ხომ არ არის ჩამქრალი უსაფრთხოების ბალიშის ( "აირბაგის" ), ძრავის ელექტრონიკის შეცდომის ( Check engine ), მოცურების და თვლების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემების ( ABS, ESP ) და ა.შ. ნათურები. ძრავის ამუშავების შემდეგ, როგორც წესი ისინი ჩაქრება და ანთებული უნდა დარჩეს პრობლემური კვანძის ნათურა. არაკეთილსინდისიერი გამყიდველები ხშირად უბრალოდ აუქმებენ ( გამორთავენ, მოაძრობენ ) ხოლმე კონკრეტულ ნათურას, რათა მყიდველმა ყიდვისას ვერ შეიტყოს არსებული დაზიანების შესახებ.

არის ასევე შემთხვევები, როცა დაზიანებული კვანძის ნათურას უბრალოდ გადააერთებენ სხვა, გამართული კვანძის ნათურაზე ( მაგ. Check engine - ს ნათურას ABS-ის ნათურაზე ). ამ შემთხვევაში დააკვირდით, თუ ორი ნათურა ერთად ჩაქრება ( უნდა არსებობდეს მცირე სხვაობა მათ ჩაქრობაში ) - შესაძლოა სწორედ ამ შემთხვევასთან გქონდეთ საქმე.

3. ჩამქრალ მანქანაზე ძლიერად ამოძრავეთ საჭე მარჯვნივ-მარცხნივ - თანამდევი უცხო ხმაური საჭის მექანიზმის გაუმართაობაზე მიუთითებს.
4.შეამოწმეთ შიდა განათება.

5. ჩართეთ და შეამოწმეთ გათბობა-კონდიცირების სისტემა, თუ რამდენად გამართულად მუშაობს დაბერვის საფეხურები, ძლიერად უბერავს ჰაერი.

6.მძღოლის სავარძელი არ უნდა იყოს მორყეული ( მართვისას მძღოლი სტაბილურად უნდა გრძნობდეს თავს ).

7. ზოგიერთ მანქანას, უსაფრთხოების ღვედების ჩამკეტებზე დამონტაჟებული აქვს საგზაო შემთხვევისას დამატებითი დამცავი სისტემა - ამ სისტემის მეშვეობით, დარტყმის დროს ხდება ღვედის დამატებით დაჭიმვა, რაც ზრდის მგზავრის გადარჩენის შანსს. მაგრამ ეს სისტემა ერთჯერადია, ამიტომ კარგად დააკვირდით ჩამკეტებს - ხომ არ ჩანს ყვითელი პლასტმასი ზედ გამოსახული ძახილის ნიშნით? ეს ნიშნავს რომ სისტემა უკვე გამოყენებულია, ავტომანქანა კი საგზაო შემთხვევაშია მოყოლილი.

8.ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემოწმება:  შეამოწმეთ ზეთის დონე, ფერი და სუნი. ( მუქი ფერი და დამწვრის სუნი - ზეთი შესაცვლელია)

მოიყვანეთ მოძრაობაში ძრავი, დაადგით მუხრუჭის "პედალს" ფეხი, გადაიტანეთ კოლოფის სახელური D პოზიციაში - ცივი კოლოფის შემთხვევაში არ უნდა იგრძნობოდეს ძლიერი დარტყმა. იგივე გაიმეორეთ R პოზიციაში - შედეგი იგივე. დაძვრის შემდეგ, როცა კოლოფის ზეთი გათბება, შეამოწმეთ, თუ რამდენად დროულად ირთვება სიჩქარეები. დაგვიანებული გადართვა ასევე შესაძლო დეფექტზე ან ზეთის სიძველეზე მიგვანიშნებს.

9. ვარიატორული გადაცემათა კოლოფის შემოწმება:  შეამოწმეთ ზეთის დონე ( მაჩვენებელზე არის როგორც ცივი, ასევე ცხელი დონის მონიშვნა), ფერი და სუნი. ( მუქი ფერი ან დამწვრის სუნი - სულ ცოტა ზეთი გექნებათ შესაცვლელია, უარეს შემთხვევაში კი - მთლიანი კოლოფი ).

ცივი ძრავის და კოლოფის შემთხვევაში, კოლოფის სახელურის D პოზიციაში მოთავსებისას არ უნდა იგრძნობოდეს ვიბრაცია, რომელიც მთელ ძარას გადაეცემა. ეს მიგვანიშნებს ან კოლოფის დეფექტზე, ან ზეთის სიძველეზე ( გაითვალისწინეთ, რომ ვარიატორული გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ხოლო ხსენებული დეფექტის შემთხვევაში, შედეგის მისაღწევად საჭირო გახდება ზეთის ორჯერ გამოცვლა ).
აჩქარებას თან არ უნდა ახლდეს მკვეთრი ბიძგები, გამართული ვარიატორი მთავარი ნიშანი - ნებისმიერი სიჩქარისას თანაბარი აჩქარებაა.

დაქოქილი ძრავი და კოლოფის სახელური N პოზიციაში - გადაცემათა კოლოფი არანაირ ხმას არ უნდა გამოსცემდეს.
გაათბეთ ძრავი და კოლოფი, დააყენეთ მანქანა აღმართზე - მცირე გაზიც საკმარისი უნდა იყოს ავტოს დასაძრავად.

- მექანიკური გადაცემათა კოლოფი
სატერფულის მეშვეობით გამორთეთ გადაბმულობა, გადართეთ გადაცემათა კოლოფის სახელური სხვადასხვა პოზიციაში - გადართვა უნდა ხდებოდეს ძალდატანების გარეშე.

ზოგიერთი იაპონური მარკის ( Honda, Subaru ) მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში უკუსვლის პოზიციაში გადართვა რამდენიმე მცდელობას მოითხოვს, რაც არ მეტყველებს კოლოფის გაუმართაობაზე.

- გაზზე მომუშავე ავტომანქანის შეძენისას დამატებით დაინტერესდით გაზის სისტემის საიმედოობასა და ხარისხში. მწყობრიდან გამოსული ( გამორთული ) გაზის სისტემა შესაძლოა არც თუ იაფად მოსაგვარებელ პრობლემებს ფარავდეს.

ეს და სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში "ავტომრჩეველი", ჟურნალ "ავტობილდთან" ერთად
15:20 / 26-09-2017
ასე 14-18-132-დე მეორად ავტოს შევიძენ ამ რჩევებით...
0
ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, ფასდაუდებელი რჩევებია... განსაკუთრებით კი იაპონურ ავტოებთან მიმართებაში, რომლების ჩამოყვანა უკვე ფაქტიურად აღარ ხდება...
14:01 / 26-09-2017
აგული. )))
0
ეგეთი სუფთა ... დიმიტრია გელოვანი ჩვენს ქალაქში.
მსგავსი სიახლეები
გვერდით მინიმუმ 5 საუკეთესო ახლობელ-მეგობარი უნდა გყავდეთ
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
გაეცანით დიდებულ სულიერ მოძღვარს, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ ბევრ რამეს განმარტავს:
"ავტოდილერები ეჭვობენ, რომ პაკისტანელები მანქანებს საქართველოში აწყობენ და ფასდაკლებით ყიდიან რუსთავის ბაზრობაზე"
შიდა თეთრეულის "სოცოცხლის" მაქსიმალური დრო 2-3 წელია
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49