Enigma-ს საიდუმლო - როგორ გატეხეს გერმანელების შიფრის მანქანა მეორე მსოფლიო ომის დროს

Enigma-ს საიდუმლო - როგორ გატეხეს გერმანელების შიფრის მანქანა მეორე მსოფლიო ომის დროს

ძველი ეგვიპტელები საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვისთვის იეროგლიფებს იყენებდნენ. რომაელები - კეისრის შრიფტს, ვენეციელები - ალბერტის დასაშიფრ დისკოს. თუმცა ინფორმაციის ნაკადის ზრდასთან ერთად, ხელით დაშიფრვა გართულდა.

1917 წელს ჰოლანდიელმა ჰიუგო კოხმა, კომერციული ინფორმაციის დაცვისთვის, დასაშიფრ ელექტორნულ მოწყობილობაზე პატენტი მიიღო. ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ინჟინერმა არტურ შერბიუსმა ეს პატენტი შეისყიდა და გადაკეთების შემდეგ იმ დროისთვის უნიკალური დასაშიფრი მანქანა შექმნა. გამოგონებას Enigma – (ბერძნულად "გამოცანა") უწოდეს. 1923 წელს ბერნში საერთაშორისო საფოსტო კონგრესზე წარმოდგენილმა "გამოცანამ" დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე მოწყობილობა გაიყიდა შვედეთში, იაპონიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში.

Enigma-ს პირველი მოდელი A 50 კგ-ს იწონიდა და სალაროს აპარატს წააგავდა. მოდელი B საბეჭდ მანქანასავით გამოიყურებოდა და ზომითაც მისი მსგავსი იყო. გერმანული ფლოტი პირველი სახელმწიფო უწყება იყო, რომელმაც Enigma-ს გამოყენება დაიწყო. სხვა როტორული მოწყობილობების მსგავსად, ისიც მექანიკური და ელექტრონული მექანიზმებისგან შედგებოდა. მექანიკური ნაწილი კლავიატურასა და მბრუნავ დისკოებს (როტორები და კბილანა მექანიზმი) ითავსებდა.

ყველა როტორზე ანბანის ასოები იყო დატანილი. მუშაობის წინ ოპერატორი როტორებს სპეციალური კოდით წინასწარ აყენებდა. კოდი ყოველ 24 სთ-ში ერთხელ იცვლებოდა.

დაშიფრვის პროცესი ელექტრონულად ხორციელდებოდა. კლავიატურაზე ღილაკის დაჭერისას სხვადასხვა გზებით მოძრავი ელექტრონული იმპულსი წრედს კრავდა. "ენიგმაზე" ანთებული ერთ-ერთი ნათურა დაშიფრულ ასოს შეესაბამებოდა. მაგალითად, სიტყვა WAR-ში, კლავიატურაზე W-ს დაჭერისას, დაშიფრვის შედეგად ანთებული P ნათურა შიფრის პირველი ასო იყო. ამრიგად ოპერატორი მხოლოდ საბოლოო შედეგს აფიქსირებდა, რომელსაც რადიოთი ადრესატს უგზავნიდა. მისი წაკითხვა მხოლოდ ანალოგურ პარამეტრებზე მომუშავე Enigma-ს მფლობელს შეეძლო.

"გამოცანამ" დაშიფრვა/გაშიფრვა გაამარტივა. მომავალ მეორე მსოფლიო ომში "ენიგმას" უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა. გერმანელები Enigma-ს გამუდმებით აუმჯობესებდნენ. თუმცა 3 როტორიანი მოდელის შემთხვევაშიც კი ყოველ ასოს 17 576 შესალო ვარიანტი (26x26x26) ჰქონდა.

პოლონელები პირველები იყვნენ, ვინც "ენიგმასგან" მომავალი საფრთხე სერიოზულად აღითქვეს. "გამოცანის" წაკითხვისთვის 1929 წელს ვარშავაში საიდუმლო ბიურო შეიქმნა. მისი პირველი თანამშრომელი სამი ნიჭირი მათემატიკოსი იყო. აქტიური მუშაობის მიუხედავად, 4 წლის განმავლობაში მათ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს. "ციხე", რომელიც "ენიგმას" საიდუმლოს ინახავდა, შიგნიდან გატყდა. 1931 წელს ფრანგებმა ჰანს შმიდტი გადაიბირეს. გერმანელმა ოფიცერმა, რომელსაც "ენიგმების" ძველი კოდების განადგურება ევალებოდა, ისინი ფრანგებს მიყიდა. მათ კი ინფორმაცია პოლონეთს გადასცეს.

1939 წელს მოსალოდნელი საფრთხოს ფონზე, ჩერჩილის განკარგულებით ბლეტჩილ-პარკში (ცენტრალური ინგლისი) კონტრდაზვერვის საიდუმლო ცენტრი Station X დაარსდა. "ენიგმას" გატეხვისთვის აქ საუკეთესო მათემატიკოსებს, ანალიტიკოსებს, თავსატეხებისა და კროსვორდების სპეციალისტებს მოუყარეს თავი. პოლონეთისგან მიღებული მასალების საფუძველზე ბრიტანელებმა სპეციალური დანადგარი "ბომბი" შექმნეს. მისი 108 ელექტრომაგნიტური დისკო წუთში 120 ბრუნს აკეთებდა. ყოველი ბრუნისას ასოს 26 შესაძლო ვარიანტი მოწმდებოდა. თუმცა "გამოცანის" წაკითხვისთვის ხელში რეალური "ენიგმის" ჩაგდება იყო საჭირო.

პირველი წარმატება ნორვეგიაში ჩამოგდებულმა ბომბდამშენმა მოიტანა. მის ბორტზე "ენიგმას" საავიაციო მოდელი თავისი კოდებითურთ იპოვეს. ამიერიდან გერმანული კოდების წაკითხვა მხოლოდ დროის ამბავი იყო.

1942 წელს წყალქვეშა ფლოტის სარდალმა ადიმარლმა დენიცმა გერმანულ სუბმარინებზე ახალი 4 როტორიანი Enigma M4-ის გამოყენება ბრძანა. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ბლეტჩლი-პარკი მის გაშიფრვას უშედეგოდ ცდილობდა.

ომის დროს ბიტანელებმა 170-მდე "ენიგმა" ჩაიგდეს ხელთ. შიფრის წაკითხვა სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი. ყოველდღიურად ბლეტჩლი-პარკში დამონტაჟებული 210 "ბომბი" 3 000-მდე გერმანულ შიფრს კითხულობდა. მანქანებს მორიგეობით 1 675 ოპერატორი ქალი და 265 მექანიკოსი ემსახურებოდა. "გამოცანას" წაკითხვამ ბრიტანელებს სტრატეგიული უპირატესობა მისცა.

ბლეტჩლი-პარკი და ოპერაცია Ultra იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ გერმანელებმა მის არსებობაზე არაფერი იცოდნენ. Enigma-ს წაკითხვაზე 12 000 ბრიტანელი მათემატიკოსი, ინჟინერი, ლინგვისტი, სამხედრო ექსპერტი, რებუსების სპეციალისტი, მოჭადრაკე და ოპერატორი მუშაობდა.

1973 წელს ფრანგმა გუსტავ ბერტრანმა მოკავშირეების მიერ "ენიგმას" კოდის გაშიფვრის ისტორია გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა პოლონელების მთავარ როლს ამ საქმეში.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მისალმება ფეხებით, მუშტებით და იდაყვებით - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ჩვევები

როგორ შეხვდნენ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი სკანდალის შემდეგ ერთმანეთს პირველად  - შეხვედრის ამსახველი ფოტოები

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"