ქალების გულთამპყრობელი მეფე ფელიპე და მისი მრავალრიცხოვანი ყოფილი საყვარლები

ქალების გულთამპყრობელი მეფე ფელიპე და მისი მრავალრიცხოვანი ყოფილი საყვარლები

მეფე ფელიპე ესპანეთის სამეფო ტახტზე 2014 წელს ავიდა, მას შემდეგ რაც მამამისი - ხუან კარლოსი გადადგა და ვაჟს დაუთმო ადგილი.

სიმპათიურ მეფე ფელიპე VI-ს მომხიბვლელობა მამისგან, მეფე ხუან კარლოსისგან, ხოლო კეთილშობილური მანერები - დედისგან, დედოფალ სოფიასგან გადაეცა მემკვიდრეობით.

პრინცის პირადი ცხოვრება მუდამ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ფელიპეს ერთ-ერთი პირველი გატაცება ისაბელ სარტორიუსი გახლდათ - გოგონა არისტოკრატული ოჯახიდან იყო, ერთი შეხედვით, ყველა პარამეტრებით შეესაბამებოდა პრინცს, რომელიც მასზე იყო შეყვარებული. მაგრამ მეფე და დედოფალი ამ ურთიერთობას არ იწონებდნენ, რადგან გოგონას დედ-მამა განქორწინებული იყო. ამბობენ, სოფიას არ უყვარდა ისაბელი მისი მტკიცე ხასიათის გამო.

მეორე სავარაუდო კანდიდატი, ამერიკელი ჯიჯი ჰოვარდი გამოირიცხა იმის გამო, რომ უცხოელი იყო და დიდგვაროვნებთან კავშირი არ ჰქონდა.

მოგვიანებით, ფელიპეს ხანგრძლივი და მგზნებარე რომანი ჰქონდა მოდელ ევა სანუმთან. მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს, როდესაც ნორვეგიელი გოგონა მადრიდში ესპანური ენის სასწავლებლად ჩამოვიდა. 3 თვის შემდეგ ევა ოსლოში დაბრუნდა, მაგრამ მათი რომანი განვითარდა და ფართოდ გახმაურდა საზოგადოებაში. 2000 წელს ესპანურმა ჟურნალმა Hola!-მ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა პრინც ფელიპესა და ევას მოგზაურობას ინდოეთში. სტატიას თან ფოტოები ახლდა, რომელზეც წყვილი ტაჯ-მაჰალის ფონზე პოზირებდა. ფოტოები ჟურნალს ერთ-ერთმა მეგობარმა მიჰყიდა, რომელიც მათთან ერთად მოგზაურობდა.

ევა სანუმი 1975 წლის 27 აპრილს, ქალაქ ლოვენსტადში დაიბადა. ის პრინცზე 7 წლით უმცროსი იყო. როდესაც გოგონა 10 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ევა, უფროს დასთან ერთად მამასთან დარჩა საცხოვრებლად. მამამ მალევე მეორედ იქორწინა. ევა 15 წლიდან პოდიუმზე გამოდიოდა. მოგვიანებით ოსლოს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სარეკლამო საქმეს სწავლობდა. გოგონამ კარგი უნარები გამოავლინა სწავლაში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ევა 6 ენაზე თავისუფლად საუბრობს.

ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, წყვილი არაერთხელ გაემგზავრა დასასვენებლად ნორვეგიაში, სამთო კურორტებზე, და ყოველ ჯერზე ბულვარულ პრესაში მათი ახალ-ახალი ფოტოები ჩნდებოდა. რა თქმა უნდა, რჩეული გოგონას წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ მოდელი საცვლების რეკლამაში გამოდიოდა, ესპანელებს დიდად არ მოსწონდათ. ხუან კარლოსი და სოფიაც არ მალავდნენ შეშფოთებას შვილის არჩევანის თაობაზე. საზოგადოებრივმა აზრმა და დედ-მამის პოზიციამ თავისი როლი შეასრულა და შედეგად, მემკვიდრე პრინცმა განაცხადა, რომ მათი ქორწინება არ შედგება.

ევას შემდეგ ესპანეთის ტახტის მემკვიდრემ ახალი რომანი გააბა. ამჯერად პრინცს ჰოლივუდის ვარსკვლავი, გვინეტ პელტროუ შეუყვარდა. გვინეტმა და ფელიპემ ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გაიცნეს. წყვილი მალულად ხვდებოდა, არ სურდათ ჟურნალისტების ყურადღების მიქცევა. გვინეტი იმდენად იყო მოხიბლული პრინცით, რომ ნაადრევად დატოვა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი და ფელიპესთან მადრიდში გაემგზავრა. მადრიდში მათ რომანტიკული საღამო გაატარეს პრინცის მეგობრის სახლში. დედოფალი სოფია და ხუან კარლოსი შვილის გატაცებას მიესალმნენ, სურდათ, შვილი დაოჯახებული და ჭკუაზე მოსული ეხილათ. იმის მიუხედავად, რომ ფელიპეს ახალი შეყვარებული დიდგვაროვანი არ იყო, იგი მშობლებში ისეთ შოკს არ იწვევდა, როგორც ნორვეგიელი მოდელი. მაგრამ წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა. ერთი ვერსიით, ურთიერთობა ფელიპემ გაწყვიტა, ზოგი კი ამბობს, რომ ეს თავად გვინეტმა მოისურვა, რადგან მიხვდა, რომ პროტოკოლის მიხედვით ვერ იცხოვრებდა და თავზე სამეფო ვალდებულებების ტვირთს ვერ აიღებდა.

სხვადასხვა დროს საუბრობდნენ პრინცის რომანზე გერმანიაში ესპანეთის ელჩის შვილთან და ავსტრიელ არისტოკრატთან, გაბრიელა სებასტიენთან;

პაკისტანური წარმოშობის კანადელ ტოპ-მოდელ, იასმინ გაურისთან; ასევე, ფელიპე ჩეხ მოდელს, ალისია კრეჟილოვას ხვდებოდა, რომელიც მაიორკაზე გაიცნო; ასევე ნიდერლანდების დედოფლის ბეატრიქსის ძმისშვილთან, კაროლინა დე ბურბონთან; მექსიკელ მარსელა კუევასთან. ერთ დროს, პრინცმა ლიხტენშტეინის პრინცესას, ტატიანასაც დაადგა თვალი, მაგრამ ჭორების თანახმად, მან უარით გაისტუმრა. ასევე, ფელიპეს დიანა მარტინეს-ბორდიუსთანაც მიაწერენ რომანს.

აი, ასეთი გულთამპყრობელი გახლდათ ესპანეთის პრინცი. ერთ-ერთ ინტერვიუში ფელიპემ განაცხადა: "კარგად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას გვირგვინისა და დინასტიის წინაშე, მეორე ნახევრის არჩევისას. ჩემი რჩეული გახდება ქალი, რომელიც გაიაზრებს, თუ როგორ უნდა წარადგინოს სამეფო ოჯახი ესპანურ საზოგადოებაში. მაგრამ ამ არჩევანს მხოლოდ სიყვარულით გავაკეთებ".

არც ფელიპეს გადაწყვეტილებას, ექორწინა ტელეწამყვანზე ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ლეტიცია ორტისი საღამოს ახალი ამბების ტელეწამყვანი გახლდათ ესპანეთის ნაციონალურ არხზე. ტახტის მემკვიდრესთან ქორწინებამდე ლეტიცია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. ეს ამბავი არ მოეწონათ არც მშობლებს და არც კათოლიკურ ეკლესიას. მაგრამ ფელიპე შეუვალი იყო, მან განაცხადა, რომ უარს იტყვის ტახტზე, თუ მშობლები ქორწინებას შეეწინააღმდეგებიან. ლეტიციას სასარგებლოდ ითამაშა ერთადერთმა ფაქტორმა, რომ ის ესპანელი გახლდათ. ამიტომ, მშობლები დანებდნენ და თანხმობა მისცეს ფელიპეს. ამგვარად, პირველად 100 წლის განმავლობაში მომავალი მეფის მეუღლე ესპანელი გახდა. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ორ ქალიშვილს ზრდის.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს