საფოსტო მტრედები - მშვიდობის სიმბოლო სამხედრო სამსახურში

საფოსტო მტრედები - მშვიდობის სიმბოლო სამხედრო სამსახურში

კაცობრიობის ისტორიაში კავშირის და კომუნიკაციის საშუალებების განვითარებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. უხსოვარი დროიდან, დანიშნულების ადგილზე წერილის ან რაიმე შეტყობინების მიტანისთვის, ცხენებს და მხედრებს იყენებდნენ. შორ მანძილებზე, ცხენები დასვენებას და შეცვლას საჭიროებდნენ. დიდი იყო მოწინააღმდეგის მიერ მხედრის დატყვევებისა და მისთვის მინდობილი შეტყობინების ხელში ჩაგდების ალბათობაც.

გაცილებით უფრო ეფექტური და საიმედო იყო მტრედების გამოყენება. ამ ფრინველის მიერ ნებისმიერი წერტილიდან მშობლიური ბუდისკენ გზის უშეცდომოდ გაკვლევის უნარი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ამისთვის მტრედები სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ.

მთავარი ფიგურანტი ამ საქმეში გეომაგნიტური ორიენტირებია. გამოჩეკვის შემდეგ პატარა მტრედის ნისკარტის ზედა ნაწილში მდებარე მაგნიტურ-რეცეპტორული სისტემა ბუდის მიდამოში არსებულ მაგნიტურ დაძაბულობას იმახსოვრებს და ამ წერტილს მთავარ ორიენტირად იყენებს.

წერილების გასაგზავნად მტრედებს ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. მრავლად გვხვდება საფოსტო მტრედების გამოყენების ფაქტები შუა საუკუნეების ისტორიულ ქრონიკებშიც. მიჩნეულია, რომ მათი ნამდვილი ისტორია ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქიდან იწყება. სავარაუდოდ, კავშირის ეს მეთოდი ჯვაროსნებმა მუსულმანური აღმოსავლეთიდან "ისესხეს". სწორედ აქ იყო ორგანიზებული პირველი "სამთავრობო" ფოსტა მტრედების გამოყენებით. მის შექმნას ალეპოს სულთანს ნურ ად-დინ ზენგს მიაწერენ. საჯარისო შენაერთებს შორის სწრაფი და ეფექტური კავშირისთვის, სულთანმა მტრედებით "შეიარაღებული" სპეციალური დანაყოფები ჩამოაყალიბა.

ევროპასა და ოკეანისმიღმა კოლონიებში სახელმწიფო დონის მტრედების ფოსტა შედარებით გვიან, XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა. იმ დროს უკვე აქტიურად მოქმედებდა კერძო "საფოსტო ხაზები", რომელთა მფლობელებისთვისაც მტრედებს სოლიდური კაპიტალი მოჰქონდათ.

იმავე დროს ბელგიაში ორი ჯიშის მტრედების შეჯვარებით - ახალი საფოსტო ჯიში გამოიყვანეს. სხვებისგან განსხვავებით, ეს მტრედები უკეთესი ამტანიანობით გამოირჩეოდნენ და 100 კმ/სთ საშუალო სიჩქარით უფრო შორ მანძილებზეც დაფრინავდნენ. სულ ცოტა ხანში პირველი საჰაერო ფოსტა ევროპაში სრული სიმძლავრით ამოქმედდა.

ტელეგრაფის გამოგონებამდე და ფართო გავრცელებამდე ფინანსისტებსა და ბროკერებში საფოსტო მტრედები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ცნობების ოპერატიული მოპოვებისთვის, დიდ გამომცემლობებსა და გაზეთების რედაქციებს მტრედების საკუთარი მეურნეობებიც კი ჰქონდათ. ცნობილი როტშილდების დინასტიის უმსხვილესი ფინანსური შემოსავალი სწორედ მტრედებს უკავშრდება.

საფრანგეთში გაგზავნილი აგენტებისა და მათი მტრედების საშუალებით, როტშილდმა ვატერლოს ბრძოლაში ფრანგული არმიის განადგურება ბრიტანეთის მთავრობაზე სამი დღით ადრე შეიტყო. ბრიტანული ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ, რომელიც ნაპოლეონის დამარცხებამდე ძალზე დაბალი იყო, უმალ აიწია. როტშილდმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და საფინანსო ბირჟაზე ვაჭრობიდან უდიდესი მოგება ნახა.

1870-1871 წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, ალყაში მოქცევის შემდეგ, გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის პარიზელები მტრედებს იყენებდნენ. ბლოკადის დღეებში ფრინველების მიერ გადაცემული იყო 150 ათასზე მეტი ოფიციალური და მილიონამდე კერძო შეტყობინება. ფრანგების მტრედებთან საბრძოლველად პრუსიელები ქორებს იყენებდნენ.

ჩვეულებისამებრ წვრილ გრაგნილად დახვეულ წერილს სპეციალურ კონტეინერში ათავსებდნენ და მტრედის ფეხზე ან ზურგზე ამაგრებდნენ.

დაწყებული 18-ე საუკუნიდან, ოპერატიული კავშირისთვის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების არმიებში სპეციალური "სამტრედო დანაყოფები" ირიცხებოდა. ამ ფრინველის ფრენის საშუალო სიჩქარის (80-100 კმ/სთ) და მოქმედების მანძილის (200-300 კმ) გათვალისწინებით, იმ დროისთვის ეს კავშირის იდეალური საშუალება იყო.

პირველ მსოფლიო ომში მტრედებს პრაქტიკულად ყველა დაპირისპირებული მხარე იყენებდა. კომუნიკაციის ამ საშუალებას განსაკუთრებით აქტიურად და ამავდროულად ეფექტურად ბელგიელები და გერმანელები იყენებდნენ. 1919 წლიდან საფოსტო მტრედებით იაპონიის არმიაც შეიარაღდა.

გაგიკვირდებათ და ზოგიერთი მტრედი სამხედრო ჯილდოს მფლობელიც გახდა. 1943 წელს ბრიტანეთში სამხედრო სამსახურში მყოფი ცხოველებისთვის სპეციალური საჯარისო ჯილდო – მარია დიკინის მედალი დაწესდა. 1949 წლამდე ამ მედლით 32 მტრედი დაჯილდოვდა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს