პირველი გასათობი სახლი ძველ რომსა და საბერძნეთში გაიხსნა. კაზინო მრავალი ადამიანისთვის მოგების, წაგებისა და გართობის საშუალებაა. კაზინო შიგნიდან ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი დააბნიოს: მასში არაა საათი და ფანჯრები, უამრავი კიბე, ჩიხი, გასასვლელ-შესასვლელი კი ადამიანს კაზინოდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. გასართობ სახლში შესულ ადამიანს სადღესასწაულო განწყობილება ეუფლება. გასართობი პროგრამები, სტრიპტიზი, მუსიკალური ჯგუფებისა და არტისტების გამოსვლა, უფასო სასმელი, ძვირად ღირებული ნივთების გათამაშება, ლატარია, - ეს ყველაფერი ტვინს უმღვრევს.
დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული თამაშებია: "რულეტკა", "პოკერი" და "ბლეკ ჯეკი": "რულეტკის" დაბადების თარიღად 1655 წელს ასახელებენ, ხოლო მის გამომგონებლად ფრანგი მათემატიკოსი, ბლეზ პასკალი მიიჩნევა; "პოკერი" 1526 წელს შეიქმნა; "ბლეკ ჯეკის" ("შავი ვალეტი") წესები XVII საუკუნეში, საფრანგეთში დაადგინეს.
XIX საუკუნეში კაზინოში სათამაშო აპარატები გაჩნდა. მათი განთავსება აკრძალულია საცხოვრებელ სახლებში, საავადმყოფოებში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებაში, აეროპორტებში, სადგურებში...
საინტერესო ფაქტები თამაშსა და კაზინოზე:
- სათამაშო აპარატით ყველაზი დიდი თანხა - 39 მლნ დოლარი ამერიკელმა პროგრამისტმა მოიგო, რომელიც გასართობ ცენტრში კალათბურთის საყურებლად შევიდა და გართობის მიზნით, ითამაშა კიდეც.
- ნიუ-იორკელი დიასახლისი, კელინ ბრევერი კაზინოში ერთადერთხელ შევიდა და 10 მლნ დოლარით გამდიდრდა.
- პეტერ ო’ბრაინმა "ბლექ ჯეკში" 3 მლნ დოლარს გამოჰკრა ხელი, ხოლო ლეგენდარულმა მოთამაშემ - ბენო ვინკელმა კაზინო ერთი ხელის მოსმით, 2 მლნ დოლარით გაყვლიფა.
- 1814 წელს, ბადენ-ბადენის კაზინოში გენერალ ბლიუხერმა მლნ მარკა, ხოლო 1926 წელს დოვილში, კონცერნ "სიტროენის" დამაარსებელმა ანდრე სიტროენმა 13 მლნ ფრანკი წააგო.
- იაპონიაში ფულზე თამაში აკრძალულია, ამიტომ მოგებულს სათამაშო მონეტებს, სათამაშოებს, სიგარეტს, საღეჭ რეზინსა და სხვა წვრილმანს ჩუქნიან.
- 1979 წელს სემიოლების ინდიელთა ტომის წარმომადგენლებმა, ფლორიდის კანონების მიუხედავად, რეზერვაციის ტერიტორიაზე ბინგო-ჰოლი გახსნეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ტომის სუვერენულ ტერიტორიაზე ფლორიდის კანონები არ მოქმედებს. საქმე სასამართლოში აღიძრა და რამდენიმეწლიანი გარჩევის შემდეგ, 1987 წელს ინდიელების გამარჯვებით დასრულდა.
- მონტე-კარლოს კაზინოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოთამაშეს წაგებული თანხა სრულად დაუბრუნდა: სამხედრო გემის კაპიტანმა მთელი ბიუჯეტი წააგო და ამის გამო გაბრაზებულმა, გემზე არსებული მთელი საბრძოლო იარაღი კაზინოს მიუშვირა, მისი დანგრევით დაიმუქრა. კაზინოს მმართველმა აზარტულ კაპიტანს წაგებული თანხა უსიტყვოდ გადასცა.
რუსუდან გელაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















