როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

უკვე რამდენიმე წელიწადია, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი საქველმოქმედო პროექტს - "წერილები თოვლის პაპას" უდგას სათავეში. ბავშვები თოვლის პაპას წერილებს უგზავნიან, რომლებიც სოციალურ ქსელში, დიზაინერის პირად გვერდზე იტვირთება. მსურველ ქველმოქმედ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი წერილი და მისი ავტორის თოვლის პაპა გახდეს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით და რასაკვირველია, 2017 წლის მოდის ტენდენციებზე სასაუბროდ, თინათინს სალონში ვესტუმრე.

- ქველმოქმედებაში თამთა დემურიშვილის წყალობით ჩავერთე. თამთას კარგა ხანია, იაშვილის სახელობის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან აქვს კონტაქტი. ერთ წელს სტუმრად ჩეხი მოდელი მყავდა, რომელიც საქველმოქმედო აქციით ამ კლინიკაში მივიყვანე. იქ გავიცანი ელენიკო, რომელიც ძალიან ცუდად იყო, ვერ დადიოდა, მოდელობაზე ოცნებობდა. დავპირდი, თუ გაივლი, ნოემბერში ჩვენებაზე გაგიყვან-მეთქი. ეს სიტყვები მისთვის იმხელა სტიმული აღმოჩნდა, რომ ნოემბერში ელენიკო ჩვენებაზე მართლა გავიდა. ამ ამბის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის. საბედნიეროდ, ახლა ის ძალიან კარგად არის. ლეიკემიით დაავადებულების მერე, სიმსივნიან ბავშვებთან განვაგრძე ურთიერთობა. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას, სადაც სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი მიგვიწვიეს (ჩვენი ფონდია "საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის"), ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელი, დედა თინათინი გავიცანი. იქ ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, თქვა, - ჩვენ ყოველთვის ლეიკემიიანი ბავშვების ჩრდილში ვიყავითო. ეს ფრაზა იმდენად მძიმედ მოსასმენი იყო, რომ მათ დავპირდი, სულ თქვენ გვერდით ვიქნები-მეთქი. ბერია ანდრიას ფონდი დღემდე, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. რაც შეეხება პროექტს - "წერილები თოვლის პაპას", ეს 5 წლის წინ, თამთა დემურიშვილის ინიციატივით დაიწყო. პირველად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის პაპისთვის წერილები მივაწერინეთ, სოციალურ ქსელში ავტვირთეთ და ამ ნაბიჯს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი აქცია კეთდება. იმავე წელს ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებიც ჩავრთეთ აქციაში. მეორე წელსაც ანალოგიური გაკეთდა, მესამე წელს კი გადავწყვიტეთ, სოციალურად დაუცველი ბავშვებიც ჩაგვერთო. ავადმყოფი და სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილებში ძალიან დიდი კონტრასტი იყო. სოციალურად დაუცველები ნაძვის ხეს და კანფეტებს ითხოვდნენ. პატარების წერილებს ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობ. მიხარია, რომ თოვლის პაპობის მსურველიც ძალიან ბევრია და არა მხოლოდ ქართველები. მაგალითად, ირანელმა ბიზნესმენმა 700 ლარი შემოგვწირა შარშანაც და შარშანწინაც. მის შვილს თოვლის პაპის კოსტიუმი ეცვა და ბავშვებს საჩუქრებს ჩვენთან ერთად ურიგებდა. წელს თოვლის ბაბუა რომელი ბავშვის წერილსაც აარჩევს, მას საჩუქარს თავადვე მიუტანს. მერე ფოტოს გამომიგზავნის, რომ დავდო კომენტარებში. არის წერილები, რომლებიც არ სრულდება, ასეთი წერილების ავტორებს მე და ჩემი მეგობრები ვეხმარებით. მოსკოველი მეგობარი გვყავს, ნადია მოწონელი, რომელიც საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდა, მაგრამ დღემდე შეყვარებულია აქაურობაზე. ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და ფული დამიტოვა - ნადია წელს დაახლოებით 5 ოჯახის თოვლის პაპა იქნება. ასევე, ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეუღლე უკრაინის საელჩოში მუშაობს (უკრაინელები არიან) და ბავშვებს საჭირო ნივთები რომ უყიდოთ, საამისოდ თანხას გამოვყოფთო. ქართველი ემიგრანტებიც აქტიურად ჩაებნენ ქველმოქმედებაში. სამაგიეროდ, გული მწყდება, რომ ქართველ ბიზნესმენებს თურმე, კეთილი საქმეებისთვის "ბიუჯეტი არ აქვთ". არავის ჯიბეში არ ვუძვრები, მაგრამ ეს ძალიან საწყენია! რაც მეტი ბავშვი იქნება ახალ წელს გახარებული, მით უკეთესია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს