ჯუჯა კაკალი - ჯიში, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ამართლებს

ჯუჯა კაკალი - ჯიში, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ამართლებს

რა იცით ჯუჯა კაკლების შესახებ? ალბათ ბევრი არაფერი, რადგან ეს ჯიში ჩვენს მიწაზე ახლა იკიდებს ფეხს. სამაგიეროდ, მასზე მოთხოვნა მატულობს. ჯუჯა კაკალი ნაყოფს დარგვიდან მეხუთე წელს გვაძლევს და საკმაოდ მსხმოიარეა. თქვენთვის უფრო ვრცლად რომ გაგვეცნო ჯუჯა კაკლები, სოფელ საყდრიონს მივაშურეთ. ეს ულამაზესი სოფელი თიანეთის რაიონში მდებარეობს. საყდრიონში დოლიძეების ოჯახს ყველა იცნობს. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ევა ოთარაშვილი ქალის და კაცის საქმეს დიდი სიყვარულით უთავსებს ერთმანეთს და თავისი ბაღით ყველა აღტაცებაში მოჰყავს.

ქალბატონმა ევამ სახლში მიგვიპატიჟა და საკუთარი ნაშრომ-ნაამაგარის საჩვენებლად წინ გაგვიძღვა. კარ-მიდამო დავათვალიერეთ, ჯუჯა კაკლების ნერგებმა კი მართლაც აღტაცებაში მომიყვანა. გამრჯე დიასახლისმა ალალად გაგვიზიარა თავისი ნახელავის საიდუმლო. ყველაზე მთავარი კი წინ გველოდებოდა...

უზარმაზარ ტერიტორიაზე ჯუჯა კაკლების ბაღი ვიხილეთ. ჰექტარის 30/100-ზე მწკრივად ჩაყოლებული 70-ზე მეტი ჯუჯა კაკლის ხეა დარგული.

- ნერგები ოთხი წლის წინ, შემოდგომით დავრგე. წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-გაზაფხულზე ვბარავ ხოლმე, - მიამბობს ქალბატონი ევა.

- როგორ გამოგყავთ კაკლის ნერგები?

- ნერგები სახლის ეზოში მაქვს გამოყვანილი. კაკალს შემოდგომაზე ვთესავ, წვეტით მაღლა. კაკლის დაწვენაც შეიძლება - ამ ნერგების ერთი მწკრივი რომ დავრგე, წვეტი დაბლა იყო, მეორე მწკრივისა - მაღლა. ყველა ერთნაირად კარგად და "გაუცდენლად" ამოვიდა... მერე გადავწყვიტე, ჯუჯა კაკლების ბაღი უფრო დიდ ტერიტორიაზე გამეშენებინა. ნერგები დიდ ფართობზე გადმოვიტანე და მწკრივზე დავრგე - 7 მ სიგანეზე და 7 მ სიგრძეზე. მოცულობა ხეებს შორის გასათვალისწინებელია. ამ ჯიშს 7-8 მ დისტანცია ყოფნით. რომ გაიზრდებიან, ერთმანეთზე არ უნდა გადავიდნენ. სხვა ჯიშის კაკლები დიდები იზრდებიან, ამიტომ მათ შორის მანძილი სიგრძეშიც და სიგანეშიც 10-12 მეტრი უნდა იყოს.

განაგრძეთ კითხვა