6 ადგილი თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალები მართავენ

6 ადგილი თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალები მართავენ

არსებობს ჩვენს პლანეტაზე ადგილები, სადაც მამაკაცებს ისტორიულად აქვთ გათავისებული, ქალებს დაექვემდებარონ - აქ დღემდე მატრიარქალური წყობილება სუფევს.

მოსო

პატარა ტომი მოსო, რომელიც ჩინური პროვინციების იუნანისა და სიჩუანის ტერიტორიაზე სახლობს ტიბეტის საზღვართან - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე სოციუმია, სადაც მატრიარქატია დაწესებული.

მოსო დიდი ოჯახებით ცხოვრობს, თითოეულ მათგანში მთავარ როლს ქალები თამაშობენ - საგვარეულო ქალის ხაზით გრძელდება, ოჯახური ტრადიციები უფროსი ქალებისგან უმცროსებს გადაეცემათ, ისევე, როგორც მემკვიდრეობა.

ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ქალები წყვეტენ, პასუხისმგებელი არიან შვილების აღზრდაზე, რომლებიც დედის გვარს ატარებენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკით ძირითადად მამაკაცები არიან დაკავებულნი. ქორწინების ინსტიტუტი არ არსებობს, აქ მოქმედებს წესი სახელწოდებით - Walking Marriages, რომელიც სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს, როგორც "მოსიარულე ქორწინება". ქალები თავისუფალი არიან სექსუალური პარტნიორების შერჩევაში და მათთან ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ.

შვილები დედის სახლში რჩებიან, ამიტომ, მამები ფაქტობრივად, არ იღებენ მათ აღზრდაში მონაწილეობას, ხანდახან დედებმა არც კი იციან, ვისგან ჰყავთ შვილი. საკუთარი შვილების აღზრდის ნაცვლად, მამაკაცები უვლიან ბავშვებს, რომლებიც მათი დედების სახლში იზრდებიან.

მინანგკაბაუ

ხალხი, რომელიც ინდონეზიის პროვინციაში - დასავლეთ სუმატრაში ცხოვრობს, 4 მილიონამდე სულს ითვლის. დღესდღეობით ეს გახლავთ მსოფლიოს უმსხვილესი სოციუმი მატრიარქალური წყობით. ოჯახის მთელი ქონება დედისგან ქალიშვილზე გადადის, ვინაიდან დედა ოჯახის უფროსად ითვლება და თითოეული წევრის ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს.

პოლიტიკურ და რელიგიურ ინსტიტუტებში ძირითადად მამაკაცები არიან დაკავებული, მაგრამ დანარჩენ საკითხებში მთავარი ქალია - საზოგადოებრივი ვალდებულებების ასეთი განაწილება თანასწორუფლებიანობას აბალანსებს. ქორწინების შემდეგ ქალები მთავარ როლს ინარჩუნებენ - ღამეს მეუღლეები ერთად ატარებენ, დილით კი მამაკაცები დედის სახლში მიემართებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ საგვარეულოს სათავეში ყოველთვის მამაკაცი დგას, მაგრამ თუ თავის მოვალეობებს ვერ უმკლავდება, ქალებს აქვთ უფლება, მის ნაცვლად სხვა აირჩიონ.

აკანები

მეტა-ეთნიკური ჯგუფი, რომელთა უმეტესობა დღევანდელი განისა და კოტ-დ'იუვარის ტერიტორიაზე სახლობს. აკანების სოციალურ-საზოგადოებრივი წყობა ტიპიური მატრიარქატია: ოჯახებში ყველაფერი, მათ შორის, გვარი და ქონება, დედის ხაზით გადადის, ასევე, ქალები განაპირობებენ საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებებს მთლიანობაში.

ხელმძღვანელ თანამდებობებს აქ მამაკაცები იკავებენ, მაგრამ მათზე უფლებები გადაეცემა ქალის ხაზით - დედებისგან, დებისგან და ქალიშვილებისგან. ხშირად, მამაკაცები თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, შორეულ ნათესავ ქალებზეც ზრუნავენ.

ბრიბრი

კოსტა-რიკის პროვინცია ლიმონში ცხოვრობს ინდიელთა ტომი ბრიბრი, რომელთა რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით, 4-დან 13 ათასამდე მერყეობს. ტომის თითოეული საგვარეულო თემის სათავეში უფროსი ქალი დგას. ბრიბრის ტომშიც, მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადადის. ასევე, აღსანიშნავია, რომ კაკაოს მომზადების უფლება, რომელსაც რელიგიური რიტუალებისთვის იყენებენ, მხოლოდ ქალებს აქვთ.

გარო

ინდური შტატი მეგჰალაიას ერთ-ერთი უმთავრესი ეთნოსია, სადაც ქალებს მთავარი როლი ერგებათ. თუმცა, გაროს საზოგადოებრივ წყობას მთლიანად მატრიარქალურს ვერ უწოდებ - სამთავრობო დაწესებულებებს მამაკაცები ხელმძღვანელობენ და მსხვილ უძრავ ქონებასაც განკარგავენ.

მიუხედავად ამისა, ოჯახის უფროსად ქალი მიიჩნევა, ეს "თანამდებობა" უმცროს ქალიშვილს გადაეცემა, ისევე, როგორც ოჯახის ქონების უდიდესი ნაწილი. გაროს ოჯახებში მთავარი მემკვიდრე უფროსი დების შემდეგ თხოვდება. როგორც წესი, ოჯახს მისთვის საქმროს შერჩევა არ უჭირს, დანარჩენი "უმზითვო" ქალიშვილებისგან განსხვავებით. მამაკაცები მათ ხშირად უფრო ხელსაყრელ საცოლეებთან გაურბიან და ხანდახან ძალის გამოყენებით უწევთ უკან მობრუნება.

მომავალი ქმარი ასე, შეიძლება, ათჯერ გაიქცეს, სანამ საცოლე არ შეეგუება ფაქტს, რომ მასზე დაქორწინება არ სურს, ან სანამ თავისას არ მიაღწევს და თანხმობას არ მიიღებს. სანაცვლოდ კი ჰპირდება, რომ ქმარს დაემორჩილება ყველაფერში და მის მონად იქცევა. ქორწილის შემდეგ, მეუღლეები ცოლის სახლში ცხოვრობენ, და თუკი ურთიერთობა არ აეწყობათ - ყოველგვარი გართულებისა და საზოგადოების განსჯის გარეშე იყრებიან.

ნაგოვისი

პაპუა-ახალი გვინეის კუნძულ ბუგენვალის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს ნაგოვისის ტომი, რომელსაც ქალები მართავენ. ისინი იღებენ საგვარეულო თემების მთავარ გადაწყვეტილებებს, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა რიტუალებსა და ცერემონიებში, დანარჩენ დროს კი მიწის ნაკვეთების დამუშავებას უთმობენ. ამ ნაკვეთების მფლობელები და მემკვიდრეებიც ქალები არიან.

ანთროპოლოგი ჯილ ნეში, რომელმაც ტომის ცხოვრება შეისწავლა, ირწმუნება: როცა საქმე ქორწინებას ეხება, ქალისთვის ბაღჩის მოვლის უნარები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგნობა და სექსუალურობა - ამ საქმის კარგად მცოდნე საპატარძლოს მამაკაცებში ოქროს ფასი აქვს. ნაგოვისის ტომში საქორწინო ცერემონიები არ ტარდება - თუ ქალი და მამაკაცი ხშირად ატარებენ ერთად დროს და ამუშავებენ ქალის კუთვნილ მიწას, მათ კანონიერ მეუღლეებად მიიჩნევენ.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს