უცნობი ქალი ცნობილი პორტრეტის მიღმა - რუსეთის იმპერატორის ფავორიტი ქართველი თავადის ასულის ისტორია...

უცნობი ქალი ცნობილი პორტრეტის მიღმა - რუსეთის იმპერატორის ფავორიტი ქართველი თავადის ასულის ისტორია...

ალბათ ბევრს ახსოვს 90-იანი წლების "კედლის ფავორიტი", - უცნობი ქალის ფოტო, შავ ბერეტზე თეთრი ბუმბულით. ქალის ვინაობა ცოტამ თუ იცოდა, თუმცა, მისი პორტრეტი ლამის ყოველ მეორე ოჯახში ეკიდა... ეს იყო, ქართველი თავადის ქალი ბარბარე თურქესტანიშვილი (თურქესტანოვა), მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთის საიმპერატორო კარის მშვენიერი ფრეილინა (დედოფლის ან პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან), რომლის ტრაგიკული ბედის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მხატვარმა ივან კრამსკოიმ წარმოსახვით შექმნა პორტრეტული შედევრი "უცნობი ქალი."

ბარბარეს სახე, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, ძვირადღირებულ კამეაზე გამოასახვინა, წარწერით - "მას ვინც ჩემი რჩეულია, მისგან ვინც მისი რჩეულია". სწორედ კამეადან ტილოზე გადაიტანა ქართველი ქალის სახე კრამსკოიმ. უცხოეთში მას "რუსულ ჯოკონდასაც" უწოდებდნენ და დღეს პორტრეტი ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.

ეს ქალბატონი, ვახტანგ VI-ის მიერ, პეტრე I-თან გაგზავნილი პირველი დესპანის, ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი იყო, რომელიც ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში დარჩა. ბარბარეს მამა ილია, გენერალი იყო და მოსკოვის დონის მონასტერშია დაკრძალული. 1812 წელს, სრულიად გაღარიბებული ულამაზესი ბარბარე, იმპერატორ ალექსანდრე I-ს, მოსკოვიდან პეტერბურგში გადაუყვანია, სადაც პავლე I-ის ქვრივის - იმპერატრიცა მარია თედორეს ასულისა და დედოფალ ელიზავეტა ალექსის ასულის ფრეილინა გამხდარა.

დასავლური კულტურა, რომელიც ერთობ შეითვისა თავადის ასულმა, ცხადია, ხელს უწყობდა მის წარმატებას სამეფო კარზე. მის უამრავ უცხოელ მეგობართა შორის ყურადღებას იპყრობს შვეიცარიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, მოსკოვში მცხოვრები, ფერდინანდ კრისტინი. მას ქართველ ლამაზმანთან ჰქონდა ბარათების ტექსტი, რომელიც მოგვიანებით, ჟურნალ "რუსკი არხივის" 1883-1884 წლების ნომრებში ფრანგულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა.

ქართველმა თავადის ასულმა შეძლო სამეფო კარზე საკუთარი თავი ჩინებულად წარმოედგინა. თავდაჭერილი, განათლებული და კარგი მანერების მქონე ქართველი ლამაზმანი იმპერატორმა ალექსანდრე პირველმაც შეამჩნია.

"ამ რვა წლის მანძილზე, რაც სამეფო კარზე ვარ, პირველად მომიწია ხელმწიფესთან და მის ოჯახთან ერთად სადილობამ", - წერდა ბარბარე თავის მოსკოველ უცხოელ მეგობარს, - "მე და იმპერატორმა რამდენიმე სიტყვა გადავუკარით ერთმანეთს. ნასადილევს კვლავ მომიახლოვდა და ათას წვრილმანზე გამიბა საუბარი. არ შევცბი და ძალზე უშუალოდ და ხალისიანად ვებაასე. მეტად თავაზიანი მომეჩვენა და ასე მგონია, სიგიჟემდე შემიყვარდება", - ასე ანდობდა ქალი მეგობარს გულისნადებს. "ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა... ის ერთ-ერთი ულამაზესი მამაკაცია დედამიწის ზურგზე" - განაგრძობს თავის გრძნობებზე საუბარს სხვა წერილებში...

როგორც ჩანს, იმპერატორი ალექსანდრე პირველიც გაიტაცა ფრეილინა თურქესტანიშვილისადმი გაჩენილმა გრძნობამ. ბარბარობის დღესასწაულზე მდიდრული კამეა მიართვა, ქართველი თავადის ქალის საოცრად მიმსგავსებული პორტრეტით, რომელზეც ფრანგულად იყო მიწერილი - "მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან ვინც მისი რჩეულია".

მალე სასახლეში ყველამ შეამჩნია, რომ დედის სეფექალის მიმართ ალექსანდრე I განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას იჩენდა. ეს ურთიერთობა უფრო თვალშისაცემი 1813 წელს გახდა, როცა იმპერატორის მთავარი ფავორიტი მარია ნარიშკინა საზღვარგარეთ გაემგზავრა. სასახლეში ყველა იმპერატორის ახალი ფავორიტის შესახებ ჩურჩულებდა, თუმცა 1817 წელს დაწყებული რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა. ვარია თურქესტანოვას იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია, ამიტომ ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა დაფარული ყოფილიყო.

1818 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ ქართველი თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. ევროპაში მოგზაურობა ვარია თურქესტანოვასთვის დამღლელი და უინტერესო აღმოჩნდა. ავსტრიაში ყოფნისას ბარბარემ თავი შეუძლოდ იგრძნო. საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა იმპერატორის სეფექალი ყურადღებით გასინჯა და უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ქალს თავზარი დაეცა, თუმცა, უსიამოვნო ამბავი რუსეთში დაბრუნებამდე საიდუმლოდ შეინახა.

1819 წლის 20 მარტს მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ იმპერატორის რჩეულმა საწამლავი დალია. ბარბარე თურქესტანოვა რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, იმპერატორის დედა მარია, თავის სეფექალს ბოლო წუთებამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.

ქართველი თავადის ასულმა საიდუმლო ბოლომდე შეინახა, რათა იმპერატორისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა. მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა გამოაცხადეს... მოგვიანებით, გავრცელდა ვერსია, რომ 42 წლის ბარბარე, იმპერატორის გარდა, 24 წლის თავადს, ვლადიმერ გოლიცინსაც ხვდებოდა. მხიარული და გონებამახვილი გოლიცინი ქალებში დიდი წარმატებით სარგებლობდა. ასაკის მიუხედავად, ბარბარეც მშვენივრად გამოიყურებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოლიცინმა სანაძლეო დადო, რომ თურქესტანოვას გულს დაიპყრობდა; თუმცა, ასევე ითქვა, რომ ის მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა, თუმცა, ერთხელაც თვალი მოჰკრა როგორ შედიოდა სეფექალი იმპერატორის საძინებელში...

გაუგებარი მიზეზით, ახალშობილი მარიას მამობა ვლადიმერ გოლიცინმა აღიარა. გოგონა მასთან იზრდებოდა, თუმცა ნაადრევად, 24 წლის ასაკში დაიღუპა. მარიას დარჩა შვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა რუსეთის იმპერატორს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"