გროშებად ნაყიდი მსოფლიო შედევრები - წარმოუდგენელი ისტორიები იღბლიან ადამიანებზე

გროშებად ნაყიდი მსოფლიო შედევრები - წარმოუდგენელი ისტორიები იღბლიან ადამიანებზე

გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას ადამიანებზე, რომლებსაც წარმოუდგენლად გაუმართლათ და გროშებად შეიძინეს ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშები.

ოგიუსტ რენუარი - "პეიზაჟი სენის სანაპიროზე"

2009 წელს ერთმა ამერიკელმა ქალმა ვირჯინიის შტატში, ძველმანების ბაზრობაზე ნახატი შეიძინა სულ რაღაც 7 დოლარად. ქალის თქმით, ის უფრო ლამაზი ჩარჩოთი დაინტერესდა, ვიდრე თავად ტილოთი. დედის რჩევით, მან შენაძენი აუქციონის სახლში მიიტანა. სპეციალისტებმა ექსპერტიზა ჩაატარეს და გამოავლინეს, რომ ეს იმპრესიონისტ ოგიუსტ რენუარის ორიგინალი ტილო "პეიზაჟი სენის სანაპიროზე" გახლდათ. ნახატი 75 000 დოლარად შეაფასეს.

აღმოჩნდა, რომ ნახატი ერთ დროს მუზეუმიდან მოიპარეს, ამიტომ მისი გაყიდვა უკანონო იყო. იმპრესიონიზმის სტილის პეიზაჟი შტატებში 1926 წელს, კოლექციონერის, გერბერტ მეის წყალობით აღმოჩნდა. შემდეგ ტილო ბალტიმორის მუზეუმში გამოფინეს, საიდანაც 1951 წელს მოიპარეს. შედეგად, ნახატი, აღმოჩენიდან 5 წლის შემდეგ კვლავ მუზეუმში დააბრუნეს.

პოლ გოგენი - "როდის არის ქორწილი?"

პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი კლასიკოსი, პოლ გოგენი, სიცოცხლეში არავისთვის იყო ცნობილი. მხატვარს თავი ძლივს გაჰქონდა. მეგობრებს წერილებში წერდა, რომ პურის ნატეხის ფულიც კი არ ჰქონდა და მხოლოდ ხილით იკვებებოდა. ტროპიკებში კი, სადაც ის ცხოვრობდა, ხილი უხვად იყო.

პოლ გოგენმა ტილო "როდის არის ქორწილი?" ტაიტიში ცხოვრების დროს, 1892 წელს შექმნა. გასული საუკუნის დასაწყისში ნახატი კოლექციონერმა რუდოლფ შტეფი ლინმა გროშებად შეიძინა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი მის ოჯახს ეკუთვნოდა, სულ ახლახან კი ყატარის სახელმწიფო ორგანიზაციას Qatar Museums დაახლოებით 300 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. ამგვარად, ნახატი მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუში გახდა.

ფაბერჟეს კვერცხი 33 მილიონ დოლარად

ამერიკელი ვაჭარი, რომელმაც აშშ-ის დასავლეთში ოქროს ნაკეთობა ანტიკვარულ ბაზრობაზე შეიძინა, მის გადადნობას აპირებდა, სანამ არ გაარკვია, რომ ხელთ ჩაუვარდა ფაბერჟეს უიშვიათესი კვერცხი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა...

მეწარმემ ნაკეთობა 14 ათას დოლარად შეიძინა და გადაწყვიტა სასწრაფოდ უფრო ძვირად გაეყიდა, რადგან მის შიგნით საათი Vacheron Constantin აღმოჩნდა. მაგრამ კვერცხით არავინ დაინტერესდა, ამიტომ გადაწყვიტა, გადაედნო ნაკეთობა. მანამ კი "გუგლის" საძიებო ველში ჩაწერა "კვერცხი" და "Vacheron Constantin". მალევე წააწყდა ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის სტატიას, რომელიც ფაბერჟეს კვერცხს შეეხებოდა. სტატიაში განთავსებულ ფოტოზე კი თავისი შენაძენი აღმოაჩინა, რის შემდეგაც სასწრაფოდ ლონდონში გაემგზავრა ანტიკვარული გალერეის Wartsk დირექტორთან შესახვედრად.

ნაკეთობა დაკარგული საიმპერატორო სააღდგომო კვერცხი აღმოჩნდა - კარლ ფაბერჟეს ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი: ალექსანდრე III-მ იგი თავის მეუღლეს, მარიას აჩუქა 1887 წელს, აღდგომაზე. ოქტომბრის რევოლუციის დროს კვერცხი ბოლშევიკების ხელთ აღმოჩნდა და მისი კვალი აქ გაქრა...

ამბობენ, რომ კვერცხი კერძო კოლექციონერმა 33 მილიონ დოლარად შეიძინა. იღბლიანი აღმოჩენის ავტორმა ანონიმურობის შენარჩუნება არჩია...

ნიკოლოზ II -ის მეუღლის ალექსანდრა ფეოდოროვნას საქორწინო გვირგვინი

რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკები მასიურად ჰყიდდნენ საზღვარგარეთ საიმპერატორო სახლის ძვირფასეულობას. 20-იანი წლების დასასრულს მათ კილოგრამობით ბრილიანტები მოიპოვეს.

ბრილიანტის დიადემა მარგალიტის მძივებით - "რუსი ლამაზმანი", რომელიც ნიკოლოზ l-მა 1841 წელს მეუღლისთვის შეუკვეთა, 1927 წელს აუქციონზე სულ რაღაც 310 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამ უნიკალური საიუველირო ნაწარმის შემადგენლობაში 1535 ბრილიანტი და 25 მსხვილი მარგალიტი შედიოდა, მისი რეალური ღირებულება კი მილიონობით გირვანქა სტერლინგს შეადგენდა...

აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

1989 წელს მამაკაცმა სულ რაღაც 4 დოლარად აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიძინა. პენსილვანიის შტატის ძველმანების ბაზრობაზე მამაკაცმა ისტორიული დოკუმენტის ასლი შეიძინა, თუმცა სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს დეკლარაციის ორიგინალი გახლდათ.

1776 წლის 4 ივლისის ისტორიულ ღამეს, დეკლარაციის 200 ეგზემპლარი გამოიცა, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ 25 არსებობს.

ძველმანების ბაზრობაზე შეძენილი ორიგინალური ეგზემპლარი, 1990 წელს "სოტბის" აუქციონზე 2,45 მლნ დოლარად გაიყიდა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს