ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა

ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა

"ერთადერთი გრძნობა, რომელიც დამნაშვემ შეიძლება პოლიციელს გაუღვივოს - დაცინვა და გაოგნებაა" - ეჟენ ვიდოკი

გამოძიების სფეროში კრიმინალისტიკა უდიდეს როლს ასრულებს. სხვადასხვა ანალიზებითა და ექსპერიმენტებით ექსპერტები დანაშაულის გახსნას და დამნაშავის დაკავებას ცდილობენ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კრიმინალისტიკას წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა. დრო, როდესაც დამნაშავის დაჭერისას გამომძიებლები მხოლოდ თითის ანაბეჭდების იმედზე იყვნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ეჟენ ვიდოკამდე მსოფლიოში კრიმინალური სამსახური ფაქტობრივად არ არსებობდა. ერთ დროს კრიმინალური სამყაროს მეფემ ცხოვრების მეორე ნახევარი კანონის სადარაჯოზე გაატარა და გამოძიების სფეროში ლეგენდად იქცა.

მისი პიროვნების მიმართ გულგრილნი არც მწერლები იყვნენ. შეუდარებელ "საბრალონში" ფრანგმა ვიქტოურ ჰიუგომ ეჟენ ვიდოკი ერთდროულად ორ პერსონაჟში - ყოფილ კატორღელ ჟან ვალჟანსა და დაუნდობელ პოლიციელში - ჟავერში განასახიერა.

ვიდოკი 1775 წლის 23 ივლისს მცხობელების ოჯახში დაიბადა. მამის აქტიური მცდელობის მიუხედავად, ბავშობიდანვე პატარა ეჟენს შრომის ნაცვლად, გართობა და დროსტარება, ბანქო და სხვა აზარტული თამაშები იზიდავდა. 10 წლის ასაკში წაგებული ვალის დაბრუნებისთვის ეჟენმა სახლიდან ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა (ისევე, როგორც მისმა გმირმა ჟან-ვალჟანმა მოიპარა ვერცხლის შანდლები ეპისკოპოსის სახლიდან, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა). გაბრაზებულმა მამამ ის არასრულწლოვანთა ციხეში ჩასვა. თუმცა 2 კვირის თავზე მშობლის გული მოლბა და გზასაცდენილი ეჟენი სახლში დააბრუნეს. მაგრამ ვიდოკმა იმედები არ გაამართლა. 16 წლისამ ოჯახს გადამალული ფული მოპარა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ამერიკას მიაშურა.

ამერიკაში ვიდოკს არ გაუმართლა. ჩასვლისთანავე ის დააყაჩაღეს. ფულის საშოვნელად მომავალ კერძო დეტექტივს მომთაბარე ცირკში მოუხდა მუშაობის დაწყება. ერთი წლის თავზე ის საფრანგეთში დაბრუნდა და არმიის რიგებში ჩაეწერა.

ვიდოკი ვერც არმიის დისციპლინამ გამოასწორა. ის ჩხუბების და დუელების მუდმივი მონაწილე იყო. ჯარიდან შვებულებებაში წასული ფულს ქურდობით და გამოძალვით შოულობდა. შემდეგ მთელ თანხას სმას, გართობას და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ახარჯავდა და ყაზარმაში ისევ ჯიბეგახვრეტილი ბრუნდებოდა.

ვიდოკი ბევრჯერ დააპატიმრეს და რამდენჯერმე სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. მაგრამ ყოველ ჯერზე ის მართლმსაჯულებას უსხლტებოდა ხელიდან. ციხიდან ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ სხვა პატიმრების დახმარებით გარბოდა.

1799 წელს მორიგი გაქცევის შემდეგ, ეჟენ ვიდოკი პარიზში დასახლდა, სადაც ყალბი დოკუმენტებით 10 წელი იცხოვრა. ერთ მშვენიერ დღეს ყოფილი თანამზრახველების შანტაჟმა ვიდოკს რადიკალური ნაბიჯი გადაადგმევინა - ის პრეფექტურაში გაეშურა და პოლიციას საკუთარი დახმარება შესთავაზა.

დაბნეული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ. საკუთარი ფეხით მოსული ყოფილი ყაჩაღი და სიკვდილმისჯილი პატიმარი მართლმსაჯულებას ქურდების დაჭერაში დახმარებას სთავაზობდა. საკუთარი ზრახვების დადასტურებისთვის ვიდოკმა პოლიციას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ქურდობის შესახებ აუწყა. ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩნდა - ქურდები საიუველირო მაღაზიის გატეხვის მცდელობისას ადგილზევე დააკავეს.

ვიდოკის აზრით, ქურდების დაჭერა და დანაშაულის აღკვეთა ყველაზე უკეთ მხოლოდ ქურდს შეეძლო. რამდენიმე თვის განმავლობაში ის პატიმრის როლში საკნიდან საკანში გადადიოდა და პარიზის ქურდული სამყაროს შესახებ ცნობებს აგროვებდა. ნდობის მოპოვებაში ვიდოკს კრიმინალური წარსული ეხმარებოდა.

1811 წელს მან ორგანიზაცია "სიურეტე" ("უსაფრთხება") - მსოფლიოში პირველი სისხლის სამართლის გამომძიებელი ჯგუფი შექმნა. 12 წევრიანმა ორგანიზაციამ არნახულ წარმატებას მიაღწია. მხოლოდ მუშაობის პირველი წლის განმავლობაში დააკავეს 15 მკვლელი, სახლის 100-ზე მეტი ქურდი, 70-ზე მეტი ჯიბის ქურდი. გახსნილი დანაშაულებების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

მისი მითითებით შეიქმნა გამოძიებული საქმეების არქივი, სადაც ინფორმაცია თარიღებისა და დანაშუალის ტიპის მიხედვით იყო დახარისხებული.

"სიურტეს" ვიდოკი 1827 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ მას დაკავებული თანამდებობის დატოვება აიძულეს. გამომძიებლის საქმიანობას, სახელმწიფო მოხელის რანგში ის მცირე დროით 1832 წლის რევოლუციისას დაუბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ეჟენ ვიდოკმა მსოფლიოში პირველი კერძო დეტექტივების სააგენტო გახსნა.

"სიურტეს" ეფექტურობამ, სხვა ქვეყნებში მსგავსი ორგანიზაციების განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა. 1842 წელს ბრიტანულ სკოტლანდ-იარდში სპეციალური გამოძიების ჯგუფი შეიქმნა. 8 წლის შემდეგ ამერიკაში ალან პონკერტონმა კერძო დეტექტივების მსხვილი კომპანია გახსნა.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა დანაშაულის გახსნის მეთოდებიც. 1883 წელს ფრანგმა ალფონს ბერტილიონიმ "ანტროპომეტრია" გამოიგონა. ამიერიდან დამნაშავეს მისი ფიზიკური პარამეტრებით ადგენდნენ. თითქმის იმავე დროს დიდ ბრიტანეთში დექტელოსკოპია - პიროვნების თითის ანბეჭდებით ამოცნობის მეთოდი დაინერგა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს