იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს

იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს

საქართველოში სულ 88 დაცული ტერიტორიაა, რაც საქართველოს სრული ფართობის 8,57%-ს შეადგენს. ამ ტერიტორიებზე იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გადაშენების პირას მყოფი მცენარეების მოვლა და დაცვა.

"დაცული ტერიტორიების სააგენტოს" რეინჯერები ცხოველების მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ, გარემოს ყოველდღიურად აკვირდებიან და სწავლობენ, შემდეგ კი შესაბამის დასკვნებს აკეთებენ.

დედა დათვი ორი ბელით

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წითელ ნუსხაში (გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხა) შესული რამდენიმე სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელთა დაცვაც განსაკუთრებით პრიორიტეტულია, შესაბამისად, ამ სახეობებზე ნადირობაზე ჯარიმები და რეგულაციები გამკაცრებულია.

ირემი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

შველი ნუკრით, ალგეთის ეროვნული პარკი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტის, ხათუნა წიკლაურის თქმით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წითელ ნუსხაში შესული სახეობების 66,6% საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს, მათ შორის:

  • თევზის 88 სახეობა,
  • ამფიბიების 9 სახეობა,
  • რეპტილიების 41 სახეობა,
  • ფრინველების 313 სახეობა,
  • ძუძუმწოვრების 92 სახეობა
  • მცენარეულობის 4 000-მდე სახეობა
"წითელ ნუსხაში გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრები არიან, მაგალითად: ფოცხვერი, ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, კავკასიური შურთხი, როჭო, ქურციკი ანუ ჯეირანი, სია საკმაოდ გრძელია. რაც შეეხება ფრინველებს, იშვიათ სახეობებში არიან არწივები, რომლებიც უფრო ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცვის ტერიტორიაზე ბინადრობენ. რაც შეეხება მცენარეებს, მაგალითად, უთხოვარისა და ძელქვას დასაცავად სპეციალურადაა გამოყოფილი ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორიები," - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში სააგენტომ ქურციკის ანუ ჯეირანის ფოტოები გაავრცელა, სადაც ისინი შვილებთან, ლიკლიკებთან ერთად არიან ასახულნი.

ქურციკები ნაშიერთან, ლიკლიკებთან ერთად (ფოტო: ვაჟიკო ყოჩიაშვილი)

მისი თქმით, ქურციკები საქართველოში გადაშენდნენ, თუმცა 90-იან წლებში მათი აზერბაიჯანიდან შემოყვანა და რეინტროდუქცია (სახეობის აღდგენა) პირდაპირ ბუნებაში გაშვების გზით განხორციელდა:

"ეს ქურციკები თავისუფლად გადადიან აზერბაიჯანში, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. რაც შეეხება სხვა გადაშენებულ ცხოველებს, სამწუხაროდ, ესენი ლეოპარდები არიან, რომლებიც თუშეთსა და კახეთში ბინადრობდნენ, თუმცა ბოლო მათგანი 2007 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ლეოპარდი აზერბაიჯანის საზღვრიდან გადმოვიდა და იქით დაბრუნდა. ამის შემდეგ ეს ცხოველი საქართველოში აღარ გვინახავს. საქართველოსთვის ლეოპარდის ბინადრობა დიდი მიღწევა იყო, თუმცა ახლა წითელ ნუსხაში შესულია, როგორც გადაშენებული ცხოველი. გადაშენების მიზეზია თუშეთში, სვანეთსა და ხევსურეთში მათზე ნადირობა. ადგილობრივები ლეოპარდებს ატყავებდნენ, შემდეგ კედლებზე აკრავდნენ," - განმარტავს ხათუნა წიკლაური.

როგორ არკვევენ სპეციალისტები ცხოველთა რაოდენობას?

ალბათ, ბევრ გინახავთ ველურ ბუნებაში ასახული ცხოველებისა თუ ფრინველების ფოტოსურათები და ვიდეოკადრები, რომელთა გადაღებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშიც მოგჩვენებიათ. რეალურად, ამ კადრებს არა ფოტოგრაფები, არამედ ფოტომახეები იღებენ, რომლებსაც რეინჯერები დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ხეებზე, ქვებსა სხვადასხვა მყარ ზედაპირებზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ამაგრებენ.

დათვი, მტირალას ეროვნული პარკი

"ფოტოხაფანგები ორი ტიპისაა, მათი მუშაობის პრინციპი სენსორულ მექანიზმს ეყრდნობა. ერთი ტიპის ფოტოხაფანგი რეაგირებს მხოლოდ თბილ სხეულებზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ერთი არის გადამცემი, რომელიც ამ სხივს უშვებს და მეორე რომელიც იღებს. ამ სხივის ცოცხალი არსების მიერ გადაკვეთის დროს ფოტოხაფანგი ფოტოს და ვიდეოს იღებს. მეორე კი ნებისმიერ მოძრავ ობიექტზე რეაგირებს, რომელმაც შეიძლება ფოთლის ჩამოვარდნაც გადაიღოს, შესაბამისად, ეს შედარებით მოუქნელი მექანიზმია," - განმარტავს ხათუნა წიკლაური და დასძენს, რომ ფოტომახე ცხოველის ან ფრინველის დაფიქსირებისთანავე დირექტორს ტელეფონზე შეტყობინებას უგზავნის.

დაცულ ტერიტორიებზე ფოტომასალის გადაღების გარდა, სამეცნიერო კველვებიც მიმდინარეობს, რისთვისაც ქართველ და უცხოელ მეცნიერებს იწვევენ, - "უკანასკნელ პერიოდში გადამფრენი და მობუდარი ფრინველები, შავი ზღვის და მსხვილი ძუძუმწოვარა ცხოველები აღირიცხა, რაც შეეხება მეთოდს, ის სხვადასხვანაირია. მაგალითად, კეთილშობილ ირმებს მყვირალობის პერიოდში ვითვლით. როდესაც ადმინისტრაცია რეინჯერებთან ერთად მარშრუტებზე გადის, ირემის გადაადგილდების არეალებში მათი ხმები და ნაფეხურები ითვლება და სპეციალური ფორმულების მეშვეობით დომინანტი და ჩუმი ხარების დაანგარიშება ხდება" - განმარტავს ხათუნა წიკლაური.

ყაზბეგის ეროვნული პარკი

რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებზე დამსვენებელთა ქცევის წესებს, გარდა ნადირობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრისა, მათ ხმაური და ცხოველებისთვის დისკომფორტის შექმნა ეკრძალებათ.

ფოტოები: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი