როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა

როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა

თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი "კამიკაძე" პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს იმ იაპონელ თვითმკვლელ მფრინავებთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას. თუმცა, თავად სიტყვა ბევრად ადრე გაჩნდა იაპონიის ისტორიაში.

ლეგენდა "ღვთაებრივ ქარზე"

1281 წელს, ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მონღოლმა ხანმა ხუბილაიამ უზარმაზარი ფლოტი (4,5 ათასი გემი და 140-ათასიანი არმია) შეკრიბა და იაპონიის ნაპირებს მიადგა, რათა ისიც საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია. ყოველთვის მებრძოლი იაპონელები ბევრად მცირე არმიით დაუხვდნენ მტერს, თუმცა, ლეგენდის თანახმად გადამწყვეტი ბრძოლა არ შედგა, რადგან მოულოდნელად ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მონღოლების მთელი ფლოტი გაანადგურა. სწორედ ტაიფუნს, რომელმაც იაპონელები დაპყრობისგან გადაარჩინა, ეწოდა "კამი კაძე" ანუ "ღვთაებრივი ქარი". რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, იაპონელებმა ისევ გააცოცხლეს ძველი თქმულება და თვითმკვლელ მფრინავთა რაზმი "კამიკაძე" შექმნეს, რომელის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის გემებისა და თვითმფრინავების განადგურება წარმოადგენდა.

"ტომია-სიოკუდო" და ქალბატონი ტორიხამა ტომე

იაპონიის სამხრეთში, პატარა ქალაქ მინამიკიუსიუში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვეულებრივი სოფელი იყო, დღემდეა შემორჩენილი სასაუზმე "ტომია-სიოკუდო", რომელსაც ომის წლებში ქალბატონი ტორიხამა ტომე ფლობდა. სწორედ სასაუზმე და მისი დიასახლისი, "დედილო-კამიკაძეს" სახელით ცნობილი ქალბატონი ტომე იქცნენ იმ ასობით იაპონელი ყმაწვილის უკანასკნელ თავშესაფრად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. მშობლიური სახლიდან შორს, დღეს უკვე ღირსშესანიშნაობად ქცეულ სასაუზმეში ატარებდნენ სასიკვდილოდ განწირული მფრინავები სიცოცხლის ბოლო საათებს, იქ ტკბებოდნენ საყვარელი საკეთი უკანასკნელად და იქ იკერავდნენ რიტუალურ თეთრ სახვევს - ხატიმაკის,"დედილო-კამიკაძე" კი, ყველას საკუთარი შვილივით აცილებდა ომში.

მოგებული ბრძოლები და წაგებული ომი

1941 წლის 8 დეკემბერს, ჰიტლერის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, იაპონელმა იმპერატორმა ხირახიტომ, ჰავაის კუნძულებზე განლაგებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე შეტევის ბრძანება გასცა. იაპონური ფლოტის ვიცე-ადმირალმა ტიუიტი ნაგუმომ "პერლ-ჰარბორზე" 441 თვითმფრინავი გაგზავნა და რამდენიმე საათში შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის თითქმის ყველა ლინკორი გაანადგურა. მოგვიანებით, იაპონიამ კიდევ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა - შეიჭრა ინდონეზიაში და ბირმაში, დაიკავა ფილიპინები და დაპყრობით დაემუქრა ავსტრალიას. მართალია, იაპონია სრულად აკონტროლებდა წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მაგრამ 1942 წლის 4 ივნისს, საბედისწერო მარცხი განიცადა მადუეის კუნძულებთან და საბოლოოდ ომშიც დამარცხდა.

სპეციალური რაზმი და პირველი საბრძოლო გაფრენა

პირველი საბრძოლო გაფრენა 1944 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა, როცა კაპიტან იოკიო სეკის მეთაურობით, ფილიპინების აეროდრომიდან აფრენილმა "მიცუბისი ზეროს" ხუთმა თვითმფრინავმა ლეიტეს ყურეში ამერიკულ ავიამზიდებზე მიიტანა იერიში.

სეკის თვითმფრინავი გემის "სუონის" კიჩოზე დაეხეთქა. აფეთქებამ 16 ადამიანი იმსხვერპლა, მოგვიანებით გაჩენილმა ხანძარმა კი, ავიამზიდი საბოლოოდ გაანადგურა. ესკადრას დანარჩენ გემებზე განგაში გამოცხადდა და მართალია, რადარებმა საეჭვო ვერაფერი დააფიქსირეს, მაგრამ რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მოულოდნელი იერიში განხორციელდა და ავიამზიდების "სენისა"და "სენტ-ლოს" მეზღვაურებმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს "ღვთაებრივი ქარიშხლის" ძალა.

იაპონელების პირველი წარმატებული შეტევა, "სენტ-ლოს" ორ ნაწილად გახლეჩით, ექვსი საესკორტო ავიამზიდის ჩაძირვით და 114 მეზღვაურის დაღუპვით დასრულდა. მართალია, 17 მფრინავი იაპონელებმაც დაკარგეს, მაგრამ სწორედ მაშინ გაიგო მსოფლიომ რას წარმოადგენდნენ "ღვთებრივ ქარად" წოდებული პილოტები სინამდვილეში.

კამიკაძეთა შეტევები ყოველთვის ერთი გეგმით ხორციელდებოდა - მოულოდნელობის ეფექტის შესანარჩუნებლად მფრინავები რადარის მოქმედების ზონის მიღმა, პრაქტიკულად ზღვის ზედაპირზე დაფრინავდნენ, სამიზნესთან ახლოს მისულები კი, მკვეთრად იჭრებოდნენ ცაში და 2-3 კილომეტრის სიმაღლიდან ეხეთქებოდნენ გემბანს. პილოტს არ ჰქონდა თვითმფრინავზე მიმაგრებული 250-კილოგრამიანი ბომბის ჩამოგდების უფლება, მას მხოლოდ ბოლო წამებში მოჰყავდა ასაფეთქებელი მოქმედებაში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინაღმდეგის ტყვიას ჰაერში ემსხვერპლებოდა, მისი უმართავი თვითმფრინავი მაინც აღწევდა მიზანს. ამგვარი ტაქტიკა, რომელიც არნახულ თავდადებას მოითხოვდა, ომის ბოლომდე შენარჩუნდა და მართალია, იაპონელები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ, მაგრამ შეერთებული შტატების არმიაც საგრძნობლად აზარალეს.

იაპონური არმიის "ცოცხალი იარაღი"

იუკო სეკის და მისი მეგობრების წარმატების შემდეგ იაპონიაში ნამდვილი ისტერია დაიწყო. ათასობით ახალგაზრდა ოცნებობდა კამიკაძეთა ქვედანაყოფში მოხვედრას, საერთო მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კი, ნათელი გახდა, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლის გაწირვის მსურველი უფრო მეტი იყო, ვიდრე გამართული თვითმფრინავი.

სპეციალური რაზმები არა მარტო მფრინავებს, არამედ პარაშუტისტებსა და მეზღვაურებს შორისაც შეიქმნა. თვითმკვლელი პარაშუტისტები მოწინააღმდეგის აეროდრომებს და სტრატეგიულ ნაგებობებს აფეთქებდნენ, სიკვდილისთვის განწირული მეზღვაურები კი, ასაფეთქებლით დატვირთული კატარღებით ეჯახებოდნენ უზარმაზარ ტორპედოებს და სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც გამოჰყავდათ მწყობრიდან.

უსაქმოდ არც სახელმწიფო პროპაგანდა ცდებოდა, რომელმაც "კამიკაძეს" ახალი დატვირთვა შესძინა და ახალგაზრდებს ბუსიდოს კოდექსის სრული მორჩილებისკენ მოუწოდა, რაც სიკვდილისთვის მუდმივ მზადყოფნას ნიშნავდა.

სპეციალურ რაზმში მოხვედრის მსურველები ოფიციალურ დოკუმენტებსაც კი განსხვავებული ფორმით ავსებდნენ. განცხდებაში ხაზგასმული იყო, რომ ისინი მზად იყვნენ სიცოცხლის გასაწირად და არჩევანი მხოლოდ ორ გრაფას შორის: "მზად ვარ" ან "დაუყონებლივ მზად ვარ" უნდა გაეკეთებინათ.

თვითმკვლელების გმირული გაფრენა სადღესასწაულო რიტუალს ემსგავსებოდა, რომლის განუყოფელ ნაწილად თეთრი სახვევი და საკეს უკნასკნელი თასი, იმპერატორის სასახლის მხარეს მოწიწებით თავის დაკვრა და ახალგაზრდა გოგონებისგან მირთმეული თაიგული ითვლებოდა. თავად "კამიკაძეებსაც" ხშირად ადარებდნენ საკურას ყვავილობას ანუ ალუბლის ხეს, რომელიც ისევე სწრაფად ჭკნება, როგორც იფურჩქნება. სიკვდილს იაპონელებმა ერთგვარი რომანტიკული ელფერი შესძინეს, რაც უფრო მეტად იზიდავდა ახალგაზრდა, ჯერ კიდევ, გამოუცდელ ჯარისკაცებს.

გმირობა თუ ფუჭი მსხვერლი?

იაპონელთა თავგანწირულ ბრძოლას წერტილი ფილიპინების ნაპირებთან დაესვა. მართალია, დანაკარგები ორივე მხარესთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ იაპონელების მსხვერპლი უფრო მასშტაბური იყო, რადგან მათ 108 000 ჯარისკაცთან ერთად 80 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც დაკარგეს და ომშიც დამარცხდნენ.

1945 წლის 2 სექტემბერს კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერით იაპონიის იმპერატორმა აღიარა საკუთარი დამარცხება, თუმცა, მარცხით ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლეს სამხედრო ჩინოსნებმა, რომლებმაც იმპერატორის სასახლის წინ მოედანზე ჩაატარეს ხარაკირის რიტუალი. "კამიკაძეს მამად" წოდებულმა ონისი ტაკიმორომ სეკუნდანტზეც კი უარი თქვა, რომელსაც მისთვის თავი უნდა მოეკვეთა და ხარაკირი თვითონ გაიკეთა. ადმირალი 12 საათს იცლებოდა სისხლისგან და სწორედ აგონიაში დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი: "პატიებას ვთხოვ დაღუპული მფრინავების სულებს და მათ დაობლებულ ოჯახებს. ვისურვებდი, ჩემი სიკვდილი გაკვეთილი ყოფილიყოს ახალი თაობის იაპონელებისთვის. ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით, თქვენ კი, ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა გააგრძელოთ ბრძოლა და ნურასდროს დაივიწყებთ სიამაყეს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იაპონელები ხართ".

ვინ იყვნენ სინამვილეში კამიკაძეები? - ბუსიდოს იდეალებზე გაზრდილი გმირები, რომლებმაც ნებით აირჩიეს სიკვდილი, თუ სახელმწიფოს პროპაგანდით თავგზააბნეული ახალგაზრდები, რომლებმაც ფუჭად გაიღეს საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად? ასეა თუ ისე, დღეს კამიკაძე ისტორიის ის ნაწილია, რომლითაც იაპონელთა ნაწილი ამაყობს, ნაწილს კი, მხოლოდ სიბრალულის გრძნობა უჩნდება, თუმცა, გულგრილი მაინც არავინ რჩება.

იხილეთ რუბრიკა "არჩვეულებრივი ისტორიები"

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს