უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულება?! - რა ხდება "ზონა 51"-ში

უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულება?! - რა ხდება "ზონა 51"-ში

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო ბაზა, "ზონა 51", ცოტა ხნის წინ რუკაზეც არ იყო აღნიშნული, არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი, არასდროს დაფრინავდნენ­ სამოქალაქო თვითმფრინავები. აშშ-ის­ მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა ზონის არსებობის ფაქტს,­ კითხვაზე კი, რატომ იყო ნევადის უდაბნოში, ლას-ვეგასიდან 150 კილომეტრში უზარმაზარი ტერიტორია ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრული და მკაცრად დაცული, პასუხობდა, თითქოს იქ რადიოაქტიური ნარჩენები იყო დამარხული.

მითები ვერ გააქარწყლა ვერც ამერიკის ხელისუფლებამ, რომელმაც 2013 წლის 14 ივლისს, საიდუმლოს ვადის გასვლისა და პრესაში თანამგზავრული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, აღიარა, რომ ნევადაში მართლაც არის რაღაც, მაგრამ კონკრეტულად რა, თქმა არ შეიძლება და მართალია, საზოგადოებამ კატეგორიულად მოითხოვა ზონის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება, მაგრამ აშშ-ის მთავრობამ ისევ იცრუა და განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი დაიკარგა. დღესაც კი ნებისმიერს, ვინც ტერიტორიაზე ცდილობს შეღწევას, შეიარაღებული პატრული ობიექტთან მისასვლელ გზაზევე აკავებს, მათ კი, ვინც მაინც ახერხებს მავთულხლართებში გაძრომას, გაუფრთხილებლად ესვრიან. მართალია, ცნობისმოყვარეთა დაღუპვის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრს მოუხდა სამხედრო წესების დარღვევისთვის 600-დოლარიანი ჯარიმის გადახდა.

საიდუმლო ობიექტი "ზონა 51" ნევადის შტატის უდაბნოში, მთის ხეობაში მდებარეობს. მისკენ მიმავალ უკაცრიელ გზაზე თითქმის 100 კილომეტრის გაყოლებაზე არც დასახლებული პუნქტია, არც საგზაო მაჩვენებელი, უზარმაზარი აბრები გაფრთხილებთ "აკრძალული ზონა!" კი მხოლოდ ბაზის სიახლოვეს ჩნდება.

ღამით რაიონი მომავლის ქალაქს ემსგავსება, რადგან, გავრცელებული ხმებით, მის ტერიტორიაზე დღესაც შეიძლება მანათობელი ობიექტების დანახვა. ზონაში რამდენიმე ანგარია, რომელთაგან ყველაზე დიდი "ბოინგ 747"-ს იტევს, დანარჩენების დანიშნულება ნაკლებად არის ცნობილი.

მარილიანი ტბის გრუმ-ლეიკის სამხრეთ ნაპირზე გასაიდუმლოებული მშენებლობა 1951 წელს დაიწყო. რამდენიმე წელი "ზონა 51" აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საცდელი პოლიგონის შემადგენლობაში შედიოდა. მიწისქვეშა ანგარებში ატომური ცდები, აეროდრომზე კი საავიაციო ტექნიკის უახლესი ნიმუშების გამოცდა მიმდინარეობდა. 1955 წელს აეროდრომის პერსონალს მოულოდნელად ბაზის დატოვება მოსთხოვეს, მათი ადგილი კი ნახევარი წლით სამხედრო მშენებლებმა დაიკავეს, რომელთაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ნაწილი მიწის ქვეშ გადაიტანეს. მუშაობის დასრულების შემდეგ ობიექტი სამოქალაქო პირებს გადააბარეს. ბევრი დარწმუნებულია, რომ 50-იანი წლების ბოლოს სწორედ აქ გადმოიტანეს ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტური ტექნიკის ნიმუშები.

1947 წლის ივლისში პატარა ქალაქ როზუელში ჩამოვარდა გამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე საათში გააქრო. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იმდენად ოპერატიულად მუშაობდა, რომ მთელი 30 წელი ინციდენტი არავის გახსენებია.

1978 წელს პრესაში გამოჩნდა მაიორ ჯესი მარსელას განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ მის ჯგუფს ევალებოდა როგორც კატასტროფაგანცდილი ობიექტის, ისე უცხოპლანეტელი პილოტების ტრანსპორტირება. როგორც ჩანს, სწორედ როზუელში ჩამოვარდნილი საფრენი ობიექტი და მისი ეკიპაჟი იყვნენ "ზონა 51"-ის პირველი სტუმრები. ჯესი მარსელას ნაამბობი უფოლოგებისთვის დღემდე უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ბიურო ჯიუტად ამტკიცებს, თითქოს როზუელის შემთხვევა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩვეულებრივი მეტეოზონდი. არადა, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო, რომელიც იმ პერიოდში პოლიგონზე მსახურობდა, ირწმუნება, რომ ბაზის მშენებელთა ბატალიონს ჯერ ათასკაციანი სპეციალური ჯგუფი მოჰყვა კოდური სახელით "წითელი შუქი", მერე კი მეცნიერებიც შეუერთდნენ და ყველა ბაზის ტერიტორიაზე დასახლდა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს